Accessibility links

logo-print

ევროკავშირის დარჩენის, უშედეგო მე-12 რაუნდისა და ბაგრატის ტაძრის კვირა


კვირა დაიწყო ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ვადა 2011 წლის 14 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. დაახლოებით 300-კაციანი უპრეცედენტო მისია საქართველოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საგანგებოდ მოევლინა და მას შემდეგ, ის ყოველწლიურად საჭიროებს მანდატის გაგრძელებას. ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებას თბილისში მეტად მნიშვნელოვანს უწოდებენ როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ამ ასპექტებზე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ყურადღება თემურ იაკობაშვილმაც გაამახვილა, სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში:

”ჯერ ერთი, ევროკავშირი მუდმივად ისმენს მათ ანგარიშებს და ეს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში პერმანენტულად არის... თითონ ფაქტი იმისა, რომ რუსეთი არ უშვებს მათი მისიის ბოლომდე განხორციელებას, რა თქმა უნდა, არის დამოკლეს მახვილი რუსეთისთვის დაკიდებული - პოლიტიკური თვალსაზრისით...”

თემურ იაკობაშვილისგან განსხვავებით, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ კრემლის მიერ ევროკავშირის მეთვალყურეეების ოკუპირებულ ტერიტორიებზე არშეშვების გამო რუსეთზე მეტად, შესაძლოა, საქართველო დაზარალდეს. მისი აზრით, გარკვეული დროის შემდეგ სურათმა შესაძლოა სულ სხვა სახე მიიღოს:

”ევროკავშირი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალისა და სოხუმის გარეშე. მანდატში კი უწერია - მონიტორინგი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე... ლოგიკურად გამოდის, რომ მთელი საქართველოს ტერიტორიაში უკვე აღარ იგულისხმება ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი... დღეს ამას ყურადღებას არავინ აქცევს, მაგრამ სადღაც 4-5 წლის შემდეგ ეს უფრო სხვანაირი რეალობა იქნება.”

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ”ასეთ მონიტორინგს, ჯობია, სულ არ იყოს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია საქართველოში და ქართულმა მხარემ საკუთარ თავზე აიღოს უსაფრთხოების პასუხისმგებლობა.” თუმცა ამ მოსაზრებას საქართველოს საექსპერტო წრეებში ალბათ თითზე ჩამოსათვლელი მომხრე თუ გამოუჩნდება. ძირითადი მოსაზრების მიხედვით, ევროკავშირის მისიის მუშაობა თუნდაც მხოლოდ იმ კუთხით არის მნიშვნელოვანი, რომ რუსეთმა საქართველოს, გამოგონილი ფაქტებით, ომისთვის მზადება და პროვოკაციების განხორციელება არ დააბრალოს.

სწორედ ამ მიზეზის გამო ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია მიმდინარე კვირაში ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის კრიტიკის ერთ-ერთი ადრესატიც გახდა. 27 ივლისს, როდესაც ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი, მე-12 რაუნდი მიმდინარეობდა, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა შექმნილი სიტუაციის ”ცალმხრივად და ტენდენციურად” აღწერაში დაადანაშაულა ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელი ჰანს-იორგ ჰაბერი და თქვა, რომ მის მიერ წარდგენილი ანგარიში მხოლოდ საქართველოს მხარის მიერ მიწოდებულ მონაცემებს ეყრდნობა. ჩოჩიევმა ამ შინაარსის განცხადება უხეშ პროვოკაციებში ქართული მხარის დადანაშაულების ფონზე გააკეთა.

არარსებულ პროვოკაციებზე ლაპარაკით ოსური მხარე ცდილობს, ძალის გამოუყენებლობის ახალი დოკუმენტის გაფორმების აუცილებლობა დაასაბუთოს, - ასე ფიქრობენ თბილისში. ეს სწორედ ის დოკუმენტია, რომლის გაფორმებასაც კრემლი და სეპარატისტული რეჟიმები ჟენევის მოლაპარაკებებზე აქტიურად მოითხოვენ. ჩოჩიევის თქმით, ამგვარი დოკუმენტის შემუშავებას მე-12 რაუნდზე ძველებურად შეუშალეს ხელი საქართველოსა და შეერთებული შტატების დელეგაციებმა. თბილისის პოზიცია უცვლელია და, ამ პოზიციის მიხედვით, 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება თავისთავად გულისხმობს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას და ახალი დოკუმენტის გაფორმება საჭირო აღარ არის. თუმცა, თუკი ასეთი ხელშეკრულების გაფორმების საკითხი მაინც დადგება დღის წესრიგში, მას აუცილებლად უნდა მოაწეროს ხელი რუსეთმა, როგორც მხარემ. ამ პოზიციას იზიარებს ვაშინგტონი და ამის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 5 ივლისს, თბილისში სტუმრობისას.

27 ივლისს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-12 რაუნდზე, კონკრეტული შეთანხმების მიღწევა ვერც ჰუმანიტარულ საკითხებზე და დევნილთა პრობლემატიკაზე მოხერხდა. მონაწილეები შეთანხმდნენ მხოლოდ იმაზე, რომ პროცესის მეცამეტე რაუნდი 2010 წლის 14 ოქტომბერს გაიმართება.

მიმდინარე კვირაში რადიო თავისუფლება თვალს ადევნებდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე განვითარებულ მოვლენებსაც. მიმოსვლა შესაძლებელია მხოლოდ ოკუპირებული გალის მილიციაში აღებული ერთჯერადი საშვით, რომლის საფასური 100 რუსულ რუბლს შეადგენს. თვითმხილველების თქმით, ენგურის ხიდზე აფხაზები დგანან, ხოლო ჩაკეტილ შემოვლით გზებს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. იქ ჯარიმების გამკაცრებული მექანიზმი მუშაობს. ”ჯარიმები დიდია: პირველ შემთხვევაში 1200 რუსულ მანეთამდე ავიდა (მანამდე 600 მანეთი იყო), მეორე შემთხვევაში კი ჯარიმა 3000 მანეთია”, - უთხრა რადიო თავისუფლებას საბერიოს მკვიდრმა მამაკაცმა. ის იხსენებს, რომ, როდესაც გზებს აფხაზები აკონტროლებდნენ, მათთან ჯერ კიდევ შეიძლებოდა მოლაპარაკება, გარკვეული საფასურის იქვე გადახდის გზით. პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც აფხაზები რუსებმა ჩაანაცვლეს. ჩვენი ინკოგნიტო რესპონდენტი ამბობს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული და დაჯარიმებული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვმა ბოლო პერიოდში აშკარად იმატა. ისინი არც ჩვილბავშვიან დედებს ინდობენ.

ახლა მიმდინარე კვირის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს გადავხედოთ. მაგალითად, 28 ივლისს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველომ ავღანეთში უფრო უნდა იაქტიუროს და რომ ამის თაობაზე უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები პარტნიორებთან. პრეზიდენტის განცხადებით, ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებთან და, ამასთან, ეს არის უზარმაზარი სკოლა ქართველი სამხედროებისთვის:

”2008 წელმა მთელ მსოფლიოს ნათლად დაანახვა, რომ არანაირი 100%-იანი პოლიტიკური შემაკავებელი არ არსებობს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ტოტალური თავდაცვა... ამიტომ ჩვენ გვჭირდება გამოცდილება... ”

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ერთი დღით უსწრებდა წინ გახმაურებული შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში. დამსწრეებს იქ პრეზიდენტმა რიტორიკული შეკითხვით მიმართა - შეუმოწმებიათ თუ არა მათთვის ბარგი ევროპულ ქვეყნებში სტუმრობისას. უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ კი, პრეზიდენტმა განმარტებები ასე მოითხოვა: ”აბა, ჩვენ ზანგები ვართ? რატომ ვიქცევით ველურებივით? ამიხსენით...”

პრეზიდენტის ამ გამონათქვამთან დაკავშირებით, მისმა პრესსამსახურმა კომენტარი მეორე დღესვე გააკეთა. ”პრესსამსახური იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამონათქვამი შეგნებულად იყო არასწორად ინტერპრეტირებული ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ. პრესსამსახური განმარტავს, რომ ქართულ იდიომატურ გამოთქმას არავითარი კავშირი არა აქვს არც რასასთან და არც რასებს შორის განსხვავებასთან”, - ნათქვამია პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პრეზიდენტის მიერ ზანგების ხსენებამ საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოიწვია. ზოგიერთები თვლიან, რომ პრეზიდენტმა უბრალო წინდაუხედაობა გამოიჩინა, ხოლო ზოგიერთები პრეზიდენტის გამონათქვამს რასისტულსა და ქსენოფობიურს უწოდებენ.

და მიმოხილვის ბოლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: იუნესკო ბაგრატის ტაძრის სარეკონსტრუქციო პროექტის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას პროექტის ფარგლებში განხორციელებული ”შეუქცევადი ჩარევის” გამო, რაც ”ხელყოფს ძეგლის მთლიანობასა და უნიკალურობას.” ამ შინაარსის განცხადება იუნესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. იქვე ნათქვამია, რომ ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის წინაშე მდგარი ძეგლების სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილება მიღებულია ბრაზილიაში, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესიის ფარგლებში. ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუციის თემამ საქართველოში მწვავე კამათი და დაპირისპირება გამოიწვია. სპეციალისტების ნაწილი ტაძრის ამჟამად არსებული სახით კონსერვაციას ითხოვს, ხოლო ნაწილი ძეგლის თანამედროვე მეთოდებით აღდგენას უჭერს მხარს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები იუნესკოს დასკვნის შემდეგ. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2009 წლის 22 ოქტომბერს თქვა, რომ ის აზრს არ შეიცვლის და ტაძრის აღდგენითი სამუშაოები არ შეჩერდება.
XS
SM
MD
LG