Accessibility links

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სამი მწვავე კერა ისევ რჩება, რის გამოც ძირითადი მუშაობა მთის წვერზე მიმდინარეობს. ბორჯომი-ბაკურიანის სატყეო უბნის უფროსი ნოდარ კაკაბაძე ამბობს, რომ მდგომარეობა კონტროლირებადია, თუმცა პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

ხანძრის ჩაქრობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 200-მდე მოხალისე, 11 სახანძრო ეკიპაჟი და 4 ვერტმფრენი მონაწილეობს. პრეზიდენტის რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ლაშა ჭკადუა განმარტავს, რომ ძირითადი დატვირთვა ამჯერად იმ ორ ტრაქტორზე მოდის, რომელსაც ტყეში გზის გაწმენდა ევალება.

ბორჯომის ხეობაში ქარის მიუხედავად ავიაცია მუშაობას განაგრძობს, წყლის რეზერვუარებით აღჭურვილი ვერტმფრენები თითოეულ წერტილზე დაახლოებით ორ ტონა წყალს ასხამენ. ტყეში ხანძრის შესაჩერებლად 2 აგვისტოს მოსახლეობის გაორმაგებული რაოდენობა გამოვიდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გრიგოლ ჯვარიძე აცხადებს, რომ თითქმის ლოკალიზებული ხანძარი დასავლეთის ქარმა ისევ გააძლიერა.

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში ამბობენ, რომ მდგომარეობას ძლიერი ქარი ართულებს, რის გამოც ხანძრის ლიკვიდაციაზე საუბარი შეუძლებელია. შსს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის წარმომადგენელი ზურაბ თალაკვაძე ირწმუნება, რომ შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ხანძრის გაჩენიდან სამი დღის შემდეგ შედეგები ასეთია – ცეცხლმა სადგერის ტყის მასივში 16 ჰა გაანადგურა, დაიწვა სოჭისა და ფიჭვის უნიკალური ჯიშები.
XS
SM
MD
LG