Accessibility links

logo-print
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა საქართველოსთვის 50 მილიონი დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფა განვითარების პოლიტიკის ღონისძიებათა მეორე პაკეტის ფარგლებში. ეს რიგით მეორე ტრანშია იმ სამეტაპიანი პროგრამიდან, რომელიც მიზნად ისახავს ბიუჯეტისთვის პირდაპირი მხარდაჭერის უზრუნველყოფას, რაც ხელს შეუწყობს მთავრობის მიერ ძირითადი რეფორმების განხორციელებას, რომლებმაც უნდა შეარბილოს ეკონომიკური კრიზისის შედეგები, დააჩქაროს აღდგენის პროცესი და მოამზადოს საქართველო კრიზისის შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის.

განვითარების პოლიტიკის ღონისძიებათა მეორე პაკეტი მოიცავს განვითარების საერთაშორისო ასოციაციის კრედიტს 40 მილიონი დოლარის ოდენობით და განვითარებისა და რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკის სესხს 10 მილიონი დოლარის ოდენობით. განვითარების საერთაშორისო ასოციაციის კრედიტის დაფარვის ვადაა 20 წელი, 10-წლიანი შეღავათიანი პერიოდით. განვითარებისა და რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკის სესხის დაფარვის ვადა კი 27 წელია 8-წლიანი შეღავათიანი პერიოდით.

ეს რესურსი დაეხმარება მთავრობას, რომ ორგანიზებულად მოახდინოს გადასვლა კრიზისის შედეგების შემარბილებელი ღონისძიებებიდან ეკონომიკის აღდგენის პროცესის დაჩქარებასა და საქართველოს მომზადებაზე კრიზისის შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის. მაკროეკონომიკურ და ფისკალურ სფეროებში რეფორმების გარდა, იგი ასევე უზრუნველყოფს მხარდაჭერას პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისთვის, როგორიცაა სახელმწიფო ფინანსების ეფექტურობის გაუმჯობესება, სოციალური დაცვის სისტემის ეფექტურობის გაზრდა და გარე ბაზარზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება.

განვითარების პოლიტიკის ღონისძიების ფარგლებში წინა ეტაპზე უკვე გამოიყო 85 მილიონი დოლარი, რომელიც მოხმარდა ფისკალური სტიმულების მხარდაჭერას ეკონომიკური ვარდნის შედეგების შესარბილებლად.

განვითარების პოლიტიკის ღონისძიებათა პროგრამა საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის ქვეყანასთან პარტნიორობის სტრატეგიის ცენტრალური კომპონენტია და ორ მიმართულებას მოიცავს: ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით სოციალური დაუცველობის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებასა და კონკურენტუნარიანობის დონის ამაღლებას ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG