Accessibility links

logo-print
2 აგვისტოს, "კავკასიურ სახლში" შეიკრიბნენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები. მოქალაქეებმა ხელი მოაწერეს განცხადებას "კავკასიური სახლის" მხარდამჭერთა საზოგადოების დაარსების შესახებ. ორგანიზაციის წევრები ითხოვენ, არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიურ სახლს" დაუმტკიცდეს ევროპულ ფონდ "ჰორიზონტის" მიერ რესტავრირებული შენობა იმ ფართის გარდა, სადაც ამჟამად განთავსებულია სმირნოვების მუზეუმი; "კავკასიური სახლისათვის" შენობის გამოსასყიდ თანხად ჩაითვალოს "ჰორიზონტის" მიერ შენობის რესტავრაციაში გადახდილი თანხა, ან ეს თანხა ფონდს დაუბრუნდეს, რათა მან შეძლოს "კავკასიური სახლისათვის" სანაცვლო შენობის შეძენა.

"რუსული იმპერიალისტური იდეების დაკმაყოფილება" უწოდა მწერალმა კოტე ჯანდიერმა საქართველოს პრეზიდენტის იმ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, მისი სიტყვებით, ორგანიზაცია შენობის გარეშე უნდა დარჩეს.

"აქ მიმდინარეობდა სამეცნიერო მუშაობა, კულტურტრეგერული და ა.შ. ეს იყო ადგილი, სადაც ადამიანებს შეეძლოთ ეთქვათ ის, რისი თქმის საშუალებაც სხვაგან არ ჰქონდათ. ამ სახლის მოშლა, პრონციპში, შეიძლება აწყობდეს მხოლოდ რუსეთს. ეს არც ერთი კავკასიელი ხალხის და არც ქართველების ინტერესებში არ შედის", - თქვა კოტე ჯანდიერმა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე "კავკასიური სახლის" მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მისი განმარტებით, იმ დროს, როცა კავკასიელი ხალხების უმრავლესობა საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობდა, „კავკასიური სახლი“ ამ ხალხების კულტურის შესახებ ლიტერატურას გამოსცემდა.

"90-იანი წლების მეორე ნახევარში, აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, 'კავკასიური სახლი' იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ, მაშინდელ ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა, პარლამენტში მყოფებმა, მოვახერხეთ კავკასიელების, ინტელიგენციის ჩვენკენ შემობრუნება", - ამბობს მამუკა არეშიძე.

საზოგადოებას "კავკასიური სახლის" მნიშვნელობასა და დამსახურებაზე საუბარი იმის გამო დასჭირდა, რომ გასულ კვირაში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიური სახლი", პრეზიდენტის განკარგულებით, შენობის გარეშე რჩება.

"კავკასიური სახლი" სოლოლაკში, ე.წ. სმირნოვების სახლად ცნობილ შენობაშია განთავსებული და უკვე ათ წელზე მეტია საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. პრეზიდენტის დადგენილებით, ამ შენობაში მხოლოდ სმირნოვების სახლ-მუზეუმი დარჩება, რომელსაც დღეს რამდენიმე ოთახი უჭირავს და რომელიც უკვე წელიწადზე მეტია დალუქულია.

"კავკასიური სახლის" თავმჯდომარის ნაირა გელაშვილის განმარტებით, ეს ორგანიზაცია 1999 წლიდან არსებობს იმ შენობაში, რომელიც სმირნოვების სახლადაა მოხსენიებული. მისივე ინფორმაციით, სწორედ ევროპული ფონდის - "ჰორიზონტის" - მხარდაჭერით მოხერხდა შენობის რესტავრაცია, რისთვისაც ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა, და სმირნოვების კუთვნილი ნივთების გადარჩენაც. სმირნოვებს ის შენობა, რომელშიც ახლა "კავკასიური სახლია" განთავსებული, მანამდე კი მთარგმნელობითი კოლეგია იყო, საქართველოსთვის ანდერძით უჩუქებიათ.

"გაუქმდეს 'კავკასიური სახლი' და მის ადგილას შეიქმნას სმირნოვების მუზეუმი, როგორც უფლებამონაცვლე, გაუგებარი ამბავია ყველასათვის. აქ ძირითადი ორგანიზაცია არის არასამთავრობო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ანუ 'კავკასიური სახლი', რომლის მიერ მოპოვებული გრანტებით არის აქ ყველაფერი გაკეთებული - შენობა რესტავრირებული და მუზეუმი გადარჩენილი. ჩვენი პროექტების განხორციელებას შენობა სჭირდება. ახლა გამოდის, რომ იურიდიულად ჰაერში გამოვეკიდეთ და არ ვიცით რა იქნება", - ამბობს ნაირა გელაშვილი.

იმისათვის, რომ სამართლიანობა არ დაირღვეს, ნაირა გელაშვილი და "კავკასიური სახლის" მხარდამჭერთა საზოგადოება ითხოვს, "კავკასიური სახლის" დამფინანსებელ ფონდს ”ჰორიზონტს” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ნახევარი მილიონი აშშ დოლარი, რითაც ფონდი შეძლებს "კავკასიური სახლისთვის" ახალი შენობის ყიდვას, ან ეს თანხა მიჩნეული იქნეს შენობის გამოსასყიდ თანხად. ამ განცხადების საფუძვლად ნაირა გელაშვილი იშველიებს 1998-99 წლებში ევროპულ ფონდ "ჰორიოზონტსა" და საქართველოს კულტურის სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც, გელაშვილის ინფორმაციით, შემდეგ განმარტებას მოიცავს: თუ "კავკასიურ სახლს" აიძულებენ დატოვოს მისთვის რესტავრირებული შენობა, საქართველოს მთავრობამ ფონდს უკან უნდა დაუბრუნოს რესტავრაციისთვის გადახდილი თანხა.

კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ ხელშეკრულება ვადიანი იყო და მისი მოქმედების ვადა ამოიწურა. კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოფიო ხუნწარია ასევე აცხადებს, რომ, პრეზიდენტის მიერ მიღებული დადგენილებით, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სმირნოვების მუზეუმი, რომლის დირექტორის დანიშვნის შემდეგაც შესაძლებელია "კავკასიურ სახლსა" და მუზეუმს შორის მოლაპარაკება შენობის თაობაზე, "შესაძლებელია მოლაპარაკება 'კავკასიური სახლისა' და სმირნოვების მუზეუმის ადმინისტრაციას შორის იმაზე, თუ რა ფორმით განაგრძობს ფუნქციონირებას 'კავკასიური სახლი' არსებულ შენობაში", - აცხადებს სოფიო ხუნწარია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG