Accessibility links

logo-print
”რუსული ბაზები ფსოუდან გალამდე - სრული სია” – ”მთელი კვირა” აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზების მშენებლობაზე წერს. ”მთელი კვირის” მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საარტილერიო თვალსაზრისით, მანძილი მთავარ ბაზასა და დანარჩენ ბაზებს შორის არის: ოქუმიდან-ლეკუხონამდე - 7კმ და 500 მ; ლეკუხონა-საბერიო - 9კმ და 900 მ; საბერიო-თაგილონი - 13 კმ; თაგილონი-მეორე ოტობაია - 19 კმ და 400 მ; მეორე ოტობაია-ფიჩორი - 30 კმ”, - წაიკითხავთ ”მთელ კვირაში”. ”რუსეთი ამ ბაზებს იმიტომ არ აშენებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს. აშენებს იმიტომ, რომ ნატო არ დაუშვას საქართველოს ტერიტორიაზე”, - უთქვამს კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს გაზეთისთვის.

”მთელ კვირაში” ქვეყნდება ინტერვიუ ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილთან. ის საარჩევნო სისტემაში საჭირო ცვლილებებზე საუბრობს და დასძენს: ”საარჩევნო თემატიკის გარეთ გადის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკური გარემოს განვითარება, პარტიული დემოკრატია. ვენეციის კომისიის კოდექსთან შესაბამისობაში უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და ცუდი არ იქნება, თუ ამ მოთხოვნებს გაითვალისწინებენ საკანონმდებლო დონეზე.”

”ასავალ-დასავლის” პირველი გვერდი მთლიანად ფოტომონტაჟს უკავია - პრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლოს ფონზე, ხელში წარწერით: ”08.08.08” და ქვეშ სათაური - ”რა წერია ტალიავინის სკანდალურ დასკვნაში”. - ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან ინტერვიუ ტალიავინის დასკვნას ეძღვნება. რესპონდენტი ამბობს: ”...მე მაქვს ინფორმაცია, სააკაშვილს მალე ვიხილავთ ჰააგის სასამართლოში განსასჯელის სკამზე, როგორც საერთაშორისო დამნაშავეს!”

”ასავალ-დასავალი” დღევანდელ ნომერში ემზარ კვიციანთან ინტერვიუსაც ბეჭდავს: ”კოდორის ხეობის ჩაბარების პირობა რუსებისთვის სააკაშვილს ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა მიცემული, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა. ეს პირობა სააკაშვილმა რუსებს მისცა მინსკში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც ტარიელ ონიანის ორგანიზებით შედგა”, - უთქვამს კვიციანს ”ასავალ-დასავლის” კორესპონდენტისთვის. ამავე გაზეთში, გოგა ხაინდრავა: ”დღეს აჯანყებაა ერთადერთი გამოსავალი! თოფის სროლა კი არ უნდა დავიწყოთ, უბრალოდ, უნდა აჯანყდეს ქართველი ხალხი! უნდა გამოვიდეს ქუჩაში და თქვას - მორჩა, დამთავრდა!”.

”ჯორჯიან ტაიმსში” კახა კალაძესთან ინტერვიუს წაიკითხავთ: ”სანამ დემეტრაძეს არ გაათავისუფლებენ, არ გავჩერდები, სტრასბურგშიც კი ჩავალთ. საქართველოში სიმართლის თქმის ბევრს ეშინია, მაგრამ პირადად მე, სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის ვიტყვი რა ხდება ჩემს ქვეყანაში.”

”ჯორჯიან ტაიმსი” მისსავე დამფუძნებელ მალხაზ გულაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს: ”უკვე განვაცხადე და კვლავ ვიმეორებ: ჩამოვალ, თუკი ჩემს მეგობრებს, ”კავკასიელ ტყვე ბიჭებს”, რომლებიც უსაფუძვლოდ დააკავეს, უპირობოდ გაათავისუფლებენ, ხოლო ჩემს შვილს, რომელსაც ფაშისტური გზით დააკარგვინეს საქართველოს მოქალაქეობა, შეუჩერეს ყველა საბუთი და დღემდე უსაბუთოდაა, ამ შეზღუდვებს მოუხსნიან.”

”ახალი თაობა” პარლამენტში ახალი უმცირესობის შექმნას ვარაუდობს: ”იმ შემთხვევაში, თუ ახალი ფრაქცია შეიქმნება, მას საკუთარი ვიცე-სპიკერიც ეყოლება. კარგა ხანია კულუარებში საუბრობენ იმაზე, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ვიცე-სპიკერობა სურს.”

”კვირის პალიტრა” მოქალაქე მერაბ დარბაიძის პრეზიდენტისადმი მიწერილ ღია წერილს აქვეყნებს: ”ჩემი შვილი დაღუპულია. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, ახლა მე ჩემი შვილის სიცოცხლის მოსპობაში მსჯავრდებულის გადასარჩენად ვიბრძვი!” - წერს მერაბ დარბაიძე, რომლის განმარტებითაც, ავტოკატასტროფაში ბრალს მისი დაღუპული შვილის, ანუ მძღოლის გვერდით მჯდომ მეგობარს აბრალებენ, როცა დამნაშავე მეორე მანქანის მძღოლი იყო: ”სამართალი ძნელი საპოვნელი ყოფილა ამ ქვეყანაში, ჰოდა, დააბრალეთ ჩემს შვილს, ოღონდ ნუ დასჯით უდანაშაულოს!”
XS
SM
MD
LG