Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი ქოლერის ეპიდემიის საფრთხის წინაშე დგას


წყალდიდობით დაზარალებულები ერთ-ერთ დაზიანებულ ხიდზე გადასვლას ცდილობენ
წყალდიდობით დაზარალებულები ერთ-ერთ დაზიანებულ ხიდზე გადასვლას ცდილობენ
პაკისტანის ხელისუფლება ცდილობს, გაუმკლავდეს წყალდიდობას, რომელსაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ ქვეყნისთვის ყველაზე კატასტროფულად აფასებენ. წყალდიდობამ, რომელმაც მთლიანად ან ნაწილობრივ გაანადგურა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანის მრავალი დასახლებული პუნქტი, 1100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო სულ, ოფიციალური მონაცემებით, მილიონნახევარზე მეტი ადამიანი დააზარალა.

პაკისტანიდან მიღებული ცნობების თანახმად, ქვეყნის უმეტეს რაიონებში კოკისპირული წვიმის ინტენსივობამ იკლო, მაგრამ ხელისუფლება მაინც ვერ აუდის ყველა დაზარალებულის უზრუნველყოფას არსებობისთვის თუნდაც მინიმალური პირობებით. მაშველთა რაზმების დაუღალავი მუშაობის მიუხედავად, როგორც თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, დაღუპულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება, რადგან სტიქიამ უზარმაზარი ტერიტორია მოიცვა და რეგიონის ბევრი მოსახლე ჯერაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული.

გადარჩენილების ერთი ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავს ქვეყნის მთავრობის არასაკმარისად ეფექტიანი მუშაობის გამო. უსახლკაროდ დარჩენილთათვის საგანგებოდ მოწყობილ ერთ-ერთ ბანაკში რეიტერის კორესპონდენტი ახალგაზრდა ქალს გაესაუბრა.

„მე ჯაბიდან ჩამოვედი“, - უთხრა კორესპონდენტს დაზარალებულმა. – „ყველაფერი დავკარგეთ. ვერაფერი გადავარჩინეთ. არც ფეხსაცმელი გვაქვს, არც ტანსაცმელი - ბავშვებისთვისაც კი. ბავშვები შიშვლები გვყავს. როცა ბავშვები ტირიან და ‘მშია-მშიას’ გაიძახიან, ეს ხალხი გვეუბნება, საკვებს გრაფიკის მიხედვით მიიღებთო. ფეხსაცმელი და ტანსაცმელი მაინც მოგვცენ - მეტს არაფერს ვითხოვთ.“

განადგურებულია ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის დიდი რაოდენობა, ჩანგრეულია ხიდები, ჩამოშლილია გზები. ადიდებულმა წყალმა ათასობით საცხოვრებელი სახლი დაანგრია. ახლა ადგილობრივი ხელისუფლება ახალ საფრთხეზე ალაპარაკდა. როგორც ხიბერ პახტუნხვის პროვინციის ინფორმაციის მინისტრი მიან იფტიხარ ჰუსეინი ამბობს, რეგიონი ქოლერის ეპიდემიის საფრთხის წინაშე დგას. მისივე ცნობით, ზოგიერთ რაიონში უკვე აღირიცხა ამ დაავადების რამდენიმე შემთხვევა.
ქალაქ დერა ისმაილ ხანის მოსახლეობა ქალაქს ტოვებს

გაეროს გენერალური მდივანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პაკისტანში მომხდარი ტრაგედიის გამო და დაზარალებულ მოსახლეობას ათი მილიონი დოლარის დახმარებას ჰპირდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ საწყის ეტაპზე ვაშინგტონი პაკისტანში ათი მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკას გზავნის. კლინტონის განცხადებით, აშშ-ის საელჩო ისლამაბადში კოორდინაციას უწევს ვერტმფრენების, ნავების, სახელდახელო ხიდებისა და სხვა ტექნიკური და სამაშველო მოწყობილობების განაწილებას.

ფეშავარში, ჟურნალისტებთან შეხვედისას, აშშ-ის გენერალურმა კონსულმა ელიზაბეთ რუდმა, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დაზარალებულებს საკვებითაც ეხმარება. „დღეს, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების დახმარებით, 62 ათასი ულუფა მზა საკვები ჩამოვიტანეთ. ისინი საჭმელად გამზადებულია და გაკეთება არ სჭირდება. ასეთი ულუფების მორიგი პარტია უკვე გზაშია“, აცნობა ჟურნალისტებს რუდმა.

ორშაბათს გამოცხადდა, რომ დაზარალებულებისთვის პაკისტანში ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, კანადა, ჩინეთი და სხვა ქვეყნები.
XS
SM
MD
LG