Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი ჩქარობს, მინსკი დროს წელავს, თბილისი იმედოვნებს


ალექსანდრე ლუკაშენკო, ბელორუსის პრეზიდენტი (მარცხნივ) და დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი
ალექსანდრე ლუკაშენკო, ბელორუსის პრეზიდენტი (მარცხნივ) და დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი
რუსეთის პრეზიდენტი ბელორუს კოლეგას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით დადებულ პირობას შეახსენებს. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 3 აგვისტოს, სოჭში ჟურნალისტებთან შეხვედრისას, დმიტრი მედვედევმა ლუკაშენკოს მიერ 2 წლის წინ ნათქვამი სიტყვები გაიხსენა. რას ნიშნავს ყოველივე ეს და რამდენად არის მოსალოდნელი ამჟამად ბელორუსიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება?

”საზეიმოდ გპირდებით, რომ ყველაფერს უმოკლეს დროში გავაკეთებ”, - თუკი დმიტრი მედვედევს დავუჯერებთ, ასეთი ”საზეიმო პირობა” ალექსანდრ ლუკაშენკომ დსთ-ის ქვეყნების რამდენიმე ლიდერის წინაშე დადო. ხოლო ის, რაც ბელორუსიის პრეზიდენტს ”უმოკლეს დროში” უნდა გაეკეთებინა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება გახლავთ.

სიტყვებს, რომლებსაც საქართველოში ვერ იხსენებენ, სააგენტო ”ინტერფაქსის” ცნობით, ლუკაშენკომ 2 წლის წინ წარმოთქვა, ანუ მალევე მას შემდეგ, რაც კრემლმა ცალმხრივად აღიარა საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობა. ლუკაშენკოს მსგავსი დაპირების შესახებ 3 აგვისტომდე, ანუ მედვედევის განცხადებამდე, არც ბელორუსიის სახელმწიფო ტელერადიო კომპანიის თავმჯდომარეს სმენოდა რაიმე. ალექსანდრ ზიმოვსკისთვის ძნელია დადასტურება ან უარყოფა იმისა, მართლაც დადო თუ არა ლუკაშენკომ ასეთი პირობა, თუმცა ზიმოვსკისთვის ცხადია ერთი ჭეშმარიტება, რომ ”პოლიტიკოსები დაპირებებს მოსაზრებების მიხედვით იძლევიან, ხოლო გარემოებების მიხედვით ასრულებენ.”

რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ბელორუსიის სახელმწიფო ტელერადიო კომპანიის თავმჯდომარე არც იმას გამორიცხავს, რომ ლუკაშენკოს ასეთი რამ გარკვეულ წინაპირობასთან კონტექსტში განეცხადებინა, მაგალითად, ეთქვა, რომ ბელორუსია აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მას შემდეგ, რაც.... მაგრამ, აი, რის შემდეგ, ახლა ძნელია ამის მარჩიელობა, რადგან ეს ”რაღაც” არც მედვედევს დაუკონკრეტებია...

თავად ზიმოვსკის თუ შეეკითხებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესაძლო აღიარების მთავარ წინაპირობას ის კოსოვოს საკითხს უკავშირებს:

”მე ვფიქრობ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხი რთულად უკავშირდება სხვა საკითხების მთელ რიგს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული - შეიცვლის თუ არა პოზიციას რუსეთი კოსოვოსთან მიმართებით. თუკი რუსეთს არ სურს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება, მას უფლება არ აქვს მოითხოვოს ვინმესგან ან მიანიშნო ვინმეს, რომ კიდევ სხვა რამის აღიარებაა საჭირო... ”

ალექსანდრ ზიმოვსკი, როგორც უკვე ვთქვით, ბელორუსიის სახელმწიფო ტელერადიო კომპანიის თავმჯდომარეა და ბევრისთვის მისი სიტყვები მინსკის ოფიციალური პოზიციის გახმოვანებას ნიშნავს. თუკი ჩვენც ასე ჩავთვლით და კრემლის მხრიდან კოსოვოს აღიარების კატეგორიულ წინააღმდეგობასაც გავითვალისწინებთ, ხომ არ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მინსკმა საქართველოს ტერიტორიების აღიარების საკითხი კიდევ კარგა ხნით გადადო გვერდზე?!

შედეგის თვალსაზრისით, შესაძლოა, ეს სწორედ ასე იყოს, თუმცა პროცესში მინსკი საქართველოს ტერიტორიების საკითხით კვლავაც აქტიურად ივაჭრებს - ასე ფიქრობენ ანალიტიკოსები. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე თვლის, რომ აღიარების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, მაგრამ ამ კუთხით ყველაზე სარისკო პერიოდმა უკვე ჩაიარა.

”ყველაზე დიდი საფრთხე იყო 2008 წელს, როდესაც ევროპა, ასე ვთქვათ, არ იყო ჩამოყალიბებული თავის ახალ მიდგომებში რუსეთთან მიმართებით. უფრო მეტიც, არსებობდა პანიკისა და შიშის სინდრომი... როდესაც აშშ-ის ადმინისტრაციაში ხდებოდა ცვლილებები... აი, ეს იყო ჩვენთვის ყველაზე რთული პერიოდი. არ მგონია, რომ ამჟამად აღიარების რეალური საფრთხე იდგეს, რადგანაც საკმაოდ მტკიცე პოზიცია აქვს ევროკავშირს, ევროსაბჭოს და ყველა იმ სახელმწიფოს, რომელსაც საკმაოდ დიდი ზეგავლენა აქვს დღეისათვის ბელორუსიაზე. ასევე განხორციელების სტადიაშია ყველა ის პროექტი, რომელიც გულისხმობს ბელორუსიის კიდევ უფრო აქტიურ ჩართვას ევროპული ინტეგრაციის პროცესში, მაგალითად, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა... ”, - უთხრა თენგიზ ფხალაძემ რადიო თავისუფლებას.

ფხალაძე, ბევრი სხვა ანალიტიკოსის მსგავსად, მიიჩნევს, რომ მინსკი დასავლეთის მომხიბვლელ ეკონომიკურ შეთავაზებებს ასე იოლად ვერ დათმობს. პარალელურად, ბევრი სწორედ დასავლეთის ხელს ხედავს თბილისისა და მინსკის ურთიერთობის ბოლოდროინდელი დათბობის უკან. მოგეხსენებათ, რომ რუსეთი მეტად გააღიზიანა მიხეილ სააკაშვილის მიერ ალექსანდრ ლუკაშენკოს ყირიმში მონახულებამ, ხოლო შემდეგ, 15 ივლისს, ბელორუსიის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით გასულმა ინტერვიუმ საქართველოს პრეზიდენტთან.

ინტერვიუში, რომელიც სწორედ ჩვენ მიერ ნახსენები ალექსანდრ ზიმოვსკის მართული ტელევიზიის ეთერით გავიდა, მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს იმედს, რომ ბელორუსია სიბრძნეს გამოიჩენს საქართველოს ტერიტორიების საკითხის გადაწყვეტისას. აქვე ვთქვათ, რომ ზიმოვსკის უკვირს რატომ უნდა გამოეწვია სააკაშვილის ეთერში გამოჩენას ”ტრაგიკული ნოტები” მავანთა ხმაში, ანდა რატომ უნდა გამოეწვია ვიღაც-ვიღაცების ”მომაკვდინებელი წყენა”? ”სააკაშვილი ისეთივე პრეზიდენტია, როგორიც ყველა სხვა”, - ამბობს ზიმოვსკი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

არადა, ფაქტია, რომ კრემლი აშკარად გაღიზიანდა და, ბევრის დაკვირვებით, ამის შემდეგ კიდევ უფრო გაააქტიურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომი. სხვა საკითხია, რომ ასეთი ომის არსებობას უარყოფს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი. პარალელურად, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად ლაპარაკობდნენ ლუკაშენკოს მხრიდან გამოხატულ უმადურობაზე და აქცენტს აკეთებდნენ მხარდაჭერაზე, რომელიც კრემლმა ლუკაშენკოს პრეზიდენტად არჩევის დროს გამოიჩინა. ჟირინოვსკიმ, მაგალითად, ლუკაშენკოს საქციელს ”შავი უმადურობა” უწოდა.

პარალელურად, რუსეთის მედიაში აქტიურად ამოტივტივდა ლუკაშენკოს მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებშიც ის აბსოლუტურად ამართლებს რუსეთის ქმედებებს აგვისტოს ომის დროს. აი, ერთ-ერთი მათგანი:

”ეს იყო მშვიდი, ჩუმი რეაქცია, რომელმაც რეგიონში მშვიდობა დაამყარა. ვფიქრობ, რომ მშვიდობა ამჯერად ძალიან დიდი ხნით დამყარდა... ეს გაკეთდა ძალიან აკურატულად და ლამაზად, სულ რამდენიმე დღეში.”

ეს განცხადება ლუკაშენკომ 2008 წლის 20 აგვისტოს, სოჭში ყოფნის დროს გააკეთა და იქვე შეხვდა ის საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო პრეზიდენტებს ბაღაფშსა და კოკოითის. მსგავსი შინაარსის განცხადებები მათთან შეხვედრაზეც გაისმა. მაგრამ ფაქტია, რომ მოსკოვის მცდელობების მიუხედავად, თბილისი ძველი წყენების გახსენებას არ აპირებს და იმედოვნებს, რომ მინსკი საქართველოს შემადგენელ რეგიონებს დამოუკიდებელ ქვეყნებად არ აღიარებს.

ბევრმა ანალიტიკოსმა მინსკის მხრიდან სწორედ დროის გაწელვად ჩათვალა ბელორუსიის პარლამენტის დეპუტატების ერთდროული სტუმრობა თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში შარშან ნოემბერში. დეპუტატები აქ თითქოს, აღიარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წინ, ვითარების უკეთ შესასწავლად ჩამოვიდნენ. დეპუტატებმა 16 დეკემბერს უკვე წარუდგინეს ანგარიში ბელორუსის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატების საერთაშორისო საკითხთა კომისიებს, მაგრამ დასკვნა ჯერ გამოტანილი არ არის. ამასობაში ლუკაშენკომაც არაერთხელ გაიშვირა ხელი საკუთარი ქვეყნის პარლამენტისკენ - საქართველოს ტერიტორიების ბედი ხალხის მიერ არჩეულმა საკანონმდებლო ორგანომ უნდა განიხილოსო. ლუკაშენკომ ასევე არაერთხელ გამოხატა გაღიზიანება იმ ვარაუდთან დაკავშირებით, თითქოს მინსკის გადაწყვეტილების ყიდვას მოსკოვი რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარად იმედოვნებდა.

როდესაც თბილისი საქართველოსადმი მინსკის ”ბრძნულ მიდგომაზე” ლაპარაკობს, ანალიტიკოსებისთვის ისიც ცხადია, რომ ბელორუსიას ბრძნული მიდგომა რუსეთის ინტერესებისადმიც მოუწევს. ბოლოს და ბოლოს, ბელორუსია რუსეთთან ერთად სამოკავშირეო სახელმწიფოს ნაწილს წარმოადგენს და მას მოსკოვთან არაერთი სასიცოცხლო ინტერესი აკავშირებს. თუმცა ფაქტია ისიც, რომ დრო საკმაოდ გაიწელა და, შეიძლება ითქვას, მედვედევის მიერ 3 აგვისტოს გახსენებული ”უმოკლესი ვადაც” გავიდა. ბელორუსია, რომლისგანაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, რუსეთის კვალდაკვალ, სულ გვიან 2-3 კვირაში მოელოდნენ, ჯერ ისევ ფიქრობს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG