Accessibility links

სახელისუფლებო ინტრიგები და ბრძოლა სააკაშვილის მემკვიდრეობისთვის დღეს გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი თემაა. მოწინავე სტატიაში, სათაურით ”სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს ვეღარ ენდობა?”, ვკითხულობთ, რომ ცხელ ზაფხულში ერთადერთი ღირსშესანიშნავი პოლიტიკური მოვლენა კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვაა. რაც შეეხება პოლიტიკური სპექტრის აქტივობას, ”რეზონანსის” თანახმად, ყველაზე საინტერესო პროცესები ისევ სახელისუფლებო გუნდში ვითარდება: ”სააკაშვილი ცდილობს თანამდებობაზე ისეთი პირები დანიშნოს, ვისაც პირადად აკონტროლებს და ის უკვე შეშფოთებულია ვანო მერაბიშვილის უსაზღვრო ძალაუფლებით.” ”რეზონანსი” ვანო მერაბიშვილთან ღია დაპირისპირებას უახლოეს მომავალშიც არ გამორიცხავს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის თემა აქტუალურია გაზეთ ”ახალი თაობის ” ფურცლებზეც. სტატიაში ”რა გარიგება დაიდო ოპოზიციასა და ვანო მერაბიშვილს შორის” ვკითხულობთ, რომ შემოდგომაზე შიდაპოლიტიკური ვითარების დაძაბვა ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ვანო მერაბიშვილმა ოპოზიციასთან საერთო ენა გამონახა და ოპოზიციის ნაწილიც შინაგან საქმეთა მინისტრის მითითებებით მოქმედებს. ”ახალი თაობის” ინფორმაციით, ეს ის ნაწილია, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე იწყებს ზრუნვას და ხელისუფლების არა ქუჩის აქციებით, არამედ არჩევნების გზით შეცვლაზე აპელირებს: ”ბოროტი ხმების მტკიცებით, სექტემბერში ნამდვილი აქციები რომ არ დაიწყოს, ახალი სცენარი გათამაშდება. აქციებს, სავარაუდოდ, სწორედ საარჩევნო გარემოზე მომუშავე ოპოზიცია დაიწყებს და ისინი თითქოს იმას გააპროტესტებენ, რომ ხელისუფლებამ მათი მოთხოვნები არ გაითვალისწინა. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ აქციებზე ვადამდელი არჩევნებიც მოითხოვონ.”

რაში ამხელენ ერთმანეთს ”ქრისტიან-დემოკრატები” და ”ხალხის პარტია”, შეიტყობთ გაზეთ ”ალიას” ფურცლებიდან. ”ალიას” რესპონდენტები არიან „ხალხის პარტიის“ წევრი ალეკო შალამბერიძე და ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე. პოლემიკა მათ შორის საარჩევნო გარემოს გასაჯანსაღებლად მოქმედი ჯგუფების სტრატეგიასა და ტაქტიკას შეეხება. კერძოდ, ”ხალხის პარტია” ”ქრისტიან-დემოკრატებს” ”ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკვრაში სდებს ბრალს. საქმე ეხება საარჩევნო გარემოზე დისკუსიის პროცესში მედიატორის ფუნქციის მატარებელ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს. ოპოზიციის ერთი ნაწილი ამ სამედიატორო ფორმატის გაფართოებას და მასში სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ გაერთიანებების ჩართულობას ითხოვს, მაშინ როდესაც ქრისტიან-დემოკრატები NDI-ზეც თანახმანი არიან. ”ის ადამიანები, რომლებიც NDI-ის აკრიტიკებენ, ცოტა არასერიოზულად გამოიყურებიან და ხელისუფლების საქმეს აკეთებენ. ამ ინსტიტუტის გამოკითხვის შემდეგ ძალიან ბევრი ოპოზიციონერი ლიდერი იწონებდა თავს”, უთხრა „ალიას“ ლევან ვეფხვაძემ.
XS
SM
MD
LG