Accessibility links

logo-print
-”არავითარი ფორუმი ამ ხელისუფლებაზე არ იმოქმედებს.”

-”საჭიროა ლიდერთა გუნდი.”

-”გორბაჩოვისადმი პატივისცემის მიუხედავად, რატომ უნდა გვჯეროდეს მისი ინიციატივის?”

-”სრულებით მხარს ვუჭერ და სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.”

-”ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ გორბაჩოვმა აიღო კურსი სხვადასხვა ფორმაციების მშვიდობიანი განხორციელებისკენ.”

-”ეს, უბრალოდ, ოცნებაა”…

ეს „ნოვაია გაზეტას“ მკითხველთა რეაქციაა მიხეილ გორბაჩოვის ოცნებაზე. ოცნებობს მიხეილ გორბაჩოვი დემოკრატიის რეალური განხორციელების გზებზე, მისი იმიტაციის ნაცვლად. საკითხი კი საკმაოდ მარტივია: გორბაჩოვს უნდა შექმნას სახალხო რეალური ფორუმი, სადაც საზოგადოებას მიიზიდავს, მათი მოსაზრებებისთვის პლატფორმას შექმნის და ამ გზით ხელისუფლებაზე გავლენას მოიპოვებს. მმართველი ელიტა პოლიტიკურ დისკურსში ოფიციალურ გზებს გვიბლოკავს, პარტიული რეგისტრაციის გავლისთვის პრობლემებს გვიქმნის და ამ გზით დისბალანსს იწვევსო, უფსკრულს ზრდის საზოგადოების შიგნითო. ეს ჩიხია, მიაჩნია გორბაჩოვს, დიალოგი კი ხიდია, ხიდი, რომელიც უფსკრულის ამოვსებას ემსახურება. ხიდი, გორბაჩოვის აზრით, წონადი სამოქალაქო ხმებია, მოსაზრებები: მეცნიერთა, პროფესიონალთა, უბრალოდ, მოქალაქეთა. ჩვენი მიზანი არაა კონფრონტაცია, ჩვენი მიზანია დიალოგი.

გორბაჩოვს სჯერა, რომ საზოგადოება ფხიზლდება და ბუნებრივად ითხოვს ჩართულობას. შევჩუკი, მისი აზრით, კრიტიკული მაგალითია - კრიტიკული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია საზოგადოებას მმართველობა გააჩუმოს და პოლიტიკურ დისკურსში წონადი ალტერნატივა შემოიტანოს. არსებული ბიუროკრატიული ნომეკლატურა პირველი წინაღობაა, თუმცა მასზე მნიშვნელოვანი მის უკან მდგარი იდეოლოგიაა, იდეოლოგია, რომელიც ახერხებს საზოგადოების გახლეჩას თავისიანებად და უცხოებად: ”ეს პირდაპირი და მიმზიდველი გზაა რეპრესიებისკენ, ძალის გამოყენებისკენ.”

ოფიციალურ შეუსაბამო იდეოლოგიასთან ბრძოლის გზა კი, გორბაჩოვის აზრით, დიალოგია. დიალოგის არარსებობა ჩვენი უუნარობაა დავძლიოთ ოპონენტების მტრებად გამოცხადების მიდრეკილებაო. ეს ყველაფერი ადამიანების გარიყვას იწვევს პოლიტიკური, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, სისტემას აგდებს ბალანსიდან და ქმნის სოციალურ კონფლიქტს. გორბაჩოვის ინიციატივის ქვეშ მითითებულია ლინკები, სადაც საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეუძლია მოსაზრებები გაგზავნოს ან იქვე გამოაქვეყნოს. არსებული ელიტა, გორბაჩოვის აზრით, ეცდება იდგეს თავისი მონოპოლიური მდგომარეობის სადარაჯოზე, თუმცა ხალხი მაინც ეცდება მოძებნოს გზები გავლენის მოხდენისა. გორბაჩოვს სჯერა, რომ თუ ეს საზოგადოებრივი პლატფორმა შეიქმნება, ხელისუფლება მის იგნორირებას ვერ შეძლებს. ამ ფორუმზე შეიკრიბებიან ადამიანები, ვის ავტორიტეტსაც კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს. მათი არგაგონება შეუძლებელია. სხვაგვარად დღეს, გორბაჩოვის აზრით, დემოკრატიის მხოლოდ იმიტაცია ხდება და არა მისი რეალური განხორციელება: ”არის უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები, ვიდრე იდეოლოგიაა, და ეს რაღაცები კანონი და სამართლიანობაა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.”

იდეოლოგიას არაპირდაპირ ვლადიმირ მამონტოვი უპირისპირდება „იზვესტიაში“ გამოქვეყნებული მოსაზრებით: ”ჩვენი მთავარი მტერი გამარტივებაა”, ”არ გაამარტივო და არ იქნები გამარტივებული”- ეს მამონტოვისეული ბიბლიური ინტერპრეტაციაა, ფიქრი, რომელიც, მამონტოვის აზრით, მრავალფეროვნებას შობს და არსებულ მარტივი რანგირების სისტემებს ანგრევს. კარგის და ცუდის მარტივი გამიჯვნა, მამონტოვის აზრით, ფერადს ნაცრისფერს ხდის და მრავალფეროვნებას ერთფეროვნებად აქცევს.
XS
SM
MD
LG