Accessibility links

logo-print

აშშ გეგმისამებრ, 31 აგვისტოს დაასრულებს საბრძოლო მისიას ერაყში


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 2 აგვისტოს ამერიკელი სამხედრო ვეტერანების წინაშე გამოსვლის დროს

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 2 აგვისტოს ამერიკელი სამხედრო ვეტერანების წინაშე გამოსვლის დროს

მიმდინარე თვის ბოლო დღეს, 31 აგვისტოს, აშშ-მა საბრძოლო ოპერაციები უნდა დაასრულოს ერაყში - ასეთია გეგმა და ის, პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, შესრულდება კიდეც. 31 აგვისტომდე, მოგეხსენებათ, ოთხი კვირა რჩება. შეერთებული შტატების გარდა, საბრძოლო ოპერაციებს ერაყში რახანია, არც ერთი უცხო ქვეყნის კონტინგენტი აღარ ახორციელებს - შესაბამისად, არც საქართველოსი. რა ვითარებაა ერაყში ახლა? ან რას მოასწავებს ამერიკელების საბრძოლო მისიის დასრულება ერაყისთვის?

წელიწადნახევარზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები 2010 წლის 31 აგვისტომდე დაასრულებდა საბრძოლო მისიას ერაყში. ორშაბათს ობამამ ამერიკელ სამხედრო ვეტერანებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დანაპირები შესრულდება კიდეც.

აშშ-ის ლიდერმა შეკრებილებს შეახსენა, რომ პრეზიდენტის პოსტზე მუშაობის დაწყებიდან ცოტა ხანში გამოაცხადა ერაყში ახალი სტრატეგიისა და ერაყელებისთვის სრული პასუხისმგებლობის ჩაბარების შესახებ, რომ განაცხადა - ერაყში ამერიკის საბრძოლო მისია 2010 წლის 31 აგვისტომდე დასრულდებოდა. „ახლა ზუსტად ამას ვაკეთებთ - დაპირებისამებრ და განრიგის შესაბამისად“, განაცხადა ობამამ შეკრებილების ტაშის ფონზე.

ობამას ეს გამოსვლა ამერიკელი ვეტერანების წინაშე იყო პირველი, ვაშინგტონის განცხადებით, მრავალი შეხვედრიდან, რომლებიც მიმდინარე თვეში გაიმართება ერაყში შეერთებული შტატების საბრძოლო მისიის დასრულებაზე ყურადღების გასამახვილებლად.

ზოგადი ინფორმაცია დასრულების გეგმაზე: მიმდინარე თვის ბოლოს, ერაყში სულ 50 000 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება. არადა, მათი რიცხვი 144 000-ს აღწევდა, პრეზიდენტად ობამას ინაუგურაციის დროს (2009 წლის იანვარში); ბოლო ამერიკელი ჯარისკაცი 2011 წლის მიწურულს დატოვებს ერაყს. ობამას განცხადებით, ამერიკელებმა დახურეს ან გასაკონტროლებლად ერაყელებს ჩააბარეს ასობით ბაზა და ერაყიდან წაიღეს აღჭურვილობის შემადგენელი მილიონობით ობიექტი. ამერიკელი ჯარისკაცები, განმარტავს ობამა, მხოლოდ მას შემდეგ მიდიან, რაც ციტატა „წესრიგი აღადგინეს და ალ-ყაიდა ფაქტობრივად დაამარცხეს ბრძოლის ველზე ერაყში“. ასევე ობამას თქმით, „ძალადობა ერაყში ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა. და მომავალ თვეში ჩვენს სამხედრო მისიას საბრძოლოდან - ერაყის უშიშროების ძალების მხარდაჭერისა და წვრთინს მისიად გარდავქმნით“.

თუმცა, განსხვავებულ რეალობას ასახავს ახალი მონაცემები, რომლებიც ერაყის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებმა ერთად წარმოადგინეს: ერაყელებს შორის მსხვერპლის რიცხვი ორი წლის სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული - მარტო ივლისში 532 ადამიანი დაიღუპა.

ასევე შემაშფოთებელია მსხვერპლის რიცხვი ავღანეთში. ამ გარემოების, ისევე როგორც სამხედრო ხელმძღვანელობაში გენერალ სტენლი მაკკრისტალის გადაყენებით გამოწვეული საკადრო ცვლილებისა და მედიაში დიდძალი საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის ფაქტის გამო, შეერთებული შტატების კონგრესში, თუ საზოგადოებაში სულ უფრო ძლიერდება სკეპტიკური დამოკიდებულება ავღანეთში მისიის წარმატების პერსპექტივის მიმართ.

ობამამ სცადა, ვეტერანებთან შეხვედრის მონაწილეთა დარწმუნება, რომ საქმე არც ისე ცუდადაა, „ზოგს რომ ჰგონია“, თუმცა მან აღიარა, რომ ავღანეთიდან გავრცელებული ინფორმაცია ერაყზე უფრო მძიმე ვითარებას ასახავს.

თუ ბოლოს ისევ ერაყს დავუბრუნდებით, 50 000 ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც 31 აგვისტოს შემდეგაც დარჩებიან ერაყში, დაევალება ბოლომდე მიიყვანოს მისია, დაწყებული 2003 წლის 20 მარტს. პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ერაყის მთავრობასთან შეთანხმების შესაბამისად, გარდამავალი პერიოდისთვის დარჩებიან ჯარები, სანამ მომავალი წლის მიწურულს მთლიანად გაიყვანენ ამერიკულ კონტინგენტს ერაყიდან. „ამ პერიოდის მანძილზე ჩვენს ჯარებს კონკრეტული მისია ექნებათ: ერაყის ჯარების მხარდაჭერა და წვრთნა, ერაყელებისთვის პარტნიორობის გაწევა კონტრტერორისტულ ოპერაციებში და ჩვენი სამოქალაქო და სამხედრო ძალისხმევის დაცვა“, - განმარტავს აშშ-ის პრეზიდენტი.

ამერიკელების სამხედრო კონტინგენტი ერაყში უკვე ერთადერთია, რომელიც საბრძოლო მისიას ასრულებს. დანარჩენი ქვეყნების წარმომადგენლები (რომელთა შორისაც ქართველები თითქმის უკვე ორი წელია, აღარ არიან), სამოქალაქო პროექტებით და ერაყელი სამხედროების წვრთნის პროგრამებით არიან დაკავებული.
XS
SM
MD
LG