Accessibility links

logo-print
აფხაზეთიდან დევნილ ოთხ ოჯახს, რომლებიც ზუგდიდის ყოფილი ავტოსკოლის კორპუსში ცხოვრობენ, გასახლების პრობლემა შეექმნა. გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებიდან დევნილ 18 სულს ლტოლვილთა სამმართველოს ადგილობრივმა წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ ამჟამინდელი საცხოვრებელი კორპუსი პარასკევ საღამომდე დატოვონ და მთავრობის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართში გადავიდნენ. დევნილები კი სოფელ ოქტომბერსა და ინგირში დასახლებაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ.

”ეს სოფლები ქალაქიდან შორსაა და ჩვენ აქვე ახლოს სამუშაო ადგილები გვაქვს. ამიტომ ვამბობთ უარს იქ დასახლებაზე. საარსებო წყარო იქ არ გვექნება. როცა ვუთხარით სამმართველოს წარმომადგენლებს, რატომ გვასახლებთ აქედანო, გვითხრეს, რომ აქ სამხედრო გზა უნდა გაიყვანონო. არ გადავალთ აქედან, თუ ქალაქის ტერიტორიაზე არ გამოგვიყოფენ ფართს”, - ამბობენ დევნილები.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ლტოლვილთა სამმართველოს უფროსი სპეციალისტი გოჩა ელენჯია რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ ამ დრომდე მუშაობენ სპეციალისტები ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ალტერნატიული ფართის მოსაკვლევად, რათა დევნილებისთვის დამაკმაყოფილებელი იყოს შეთავაზებული საცხოვრებელი.

”ინგირში და ოქტომბერში წავიყვანეთ დევნილები, რათა ენახათ ის კორპუსი, სადაც მომავალში იცხოვრებდნენ. მათ სიშორის გამო უარი განაცხადეს. ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ მოვნახოთ სხვა ფართი ქალაქის ტერიტორიაზე. ის, რომ ჩვენ ულტიმატუმის ენით ვესაუბრეთ და რომ პარასკევამდე დაცალონ ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილები, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ დევნილებს ყველა პირობას შევუქმნით, რათა საარსებო წყარო არ დაკარგონ”, განაცხადა გოჩა ელენჯიამ.

იურისტი რუსუდან პაჭკორია, რომელიც დევნილთა საკითხებს სწავლობს, ამბობს, რომ არავის - მით უმეტეს, სახელმწიფოს - არ აქვს უფლება დევნილები გაასახლოს ძალის გამოყენებით საცხოვრებელი ფართიდან, თუ იგი თანახმა არ იქნება ალტერნატიულ საცხოვრებელში გადასვლაზე.

”დევნილთა მიმართ სახელმწოფო სტრატეგიაში წერია, რომ დევნილის გადაყვანა სხვა საცხოვრებელ ფართში, თუ იგი ამის გამო დაკარგავს სამუშაო ადგილს, შეუძლებელია. ამიტომ მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილებიდან გასახლება შეუძლებელია”, გვიხსნის იურისტი რუსუდან პაჭკორია.

ცნობისთვის: ოკუპირებული სოფელ ზემო ბარღებიდან დევნილი 4 ოჯახი, რომელიც ზუგდიდის ყოფილი ავტოსკოლის შენობაში 18 წელია ცხოვრობს, თავს მეზობლად არსებულ თხილის გადამამუშავებელ ქარხანაში მუშაობით ირჩენს.
XS
SM
MD
LG