Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშვთა ბიურო - ბარიერი ჟურნალისტისთვის


საბა წიწიკაშვილი, გაზეთ „ქართლის ხმის“ რედაქტორი
საბა წიწიკაშვილი, გაზეთ „ქართლის ხმის“ რედაქტორი
გაზეთ „ქართლის ხმის“ რედაქტორს საბა წიწიკაშვილს გორის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლაზე მუდმივად პრობლემები ექმნება. ბოლო ინციდენტი რამდენიმე დღის წინ გორის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე მოხდა. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა „იურისტთა ასოციაციისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები სხდომაზე უპრობლემოდ შეუშვეს, ჟურნალისტს კი უხეშად მიმართავდნენ, ხელს კრავდნენ და მისგან საშვის აღებას მოითხოვდნენ.

ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც საქმეში ახალგაზრდა იურისტთა ასოცოაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ჩაერია. მან პოლიციელებს განუმარტა, რომ კანონით საკრებულოს სხდომები საჯაროა და მასზე დასწრება როგორც ჟურნალისტებს, ისე მოქალაქეებს თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ.

საბა წიწიკაშვილის თქმით, ადრე საშვთა მოქმედება საკრებულოს სხდომებზე არ ვრცელდებოდა, მაგრამ ახალი გუბერნატორის დანიშვნის შემდეგ, საშვთა ბიუროს მუშაობა გამკაცრდა. მისი აზრით, უსამართლობაა ის, რომ საშვს ზოგს სთხოვენ, და ზოგს უპრობლემოდ უშვებენ.

საკრებულოს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გია ღვინიაშვილი ამბობს, რომ საშვთა ბიურო ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა მიმოსვლას აწესრიგებს და იქ შესვლის ნებისმიერმა მსურველმა საშვი უნდა აიღოს, რაც მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით არის განსაზღვრული.

გამგებლის ბრძანებას დაცვის პოლიციის თანამშრომლები წიწიკაშვილის მიმართ ზედმიწევნით მკაცრად იცავენ, იმ დროს, როცა ზოგიერთ მოქალაქეს შენობაში უპრობლემოდ უშვებენ. ხანდახან კი კურიოზული შემთხვევებიც ფიქსირდება ხოლმე - მაგალითად, საკრებულოს დეპუტატს, რესპუბლიკური პარტიის ლიდერს დავით რაზმაძესაც მოსთხოვეს საშვის აღება. მან ეს ამბავი სხდომაზე გააპროტესტა და თავმჯდომარეს საკითხში სასწრაფოდ გარკვევა მოსთხოვა.

ჟურნალისტმა საბა წიწიკაშვილმა მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ არაერთხელ მიმართა როგორც სახალხო დამცველს, ისე სხვა ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მაგრამ გორში საჯარო ინფორმაციის მოპოვებისას ჟურნალისტებს პრობლემები კვლავ ექმნებათ. როგორც წიწიკაშვილმა განაცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლები მას შეჰპირდნენ, რომ უახლოეს პერიოდში პრობლემები მოიხსნება და ჟურნალისტებს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა ბარიერების გარეშე შეეძლებათ.
XS
SM
MD
LG