Accessibility links

logo-print

რას უკავშირდება ბაქოსა და თბილისის ახლებური დაახლოება


მარცხნიდან მარჯვნიავ: ილჰალმ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი და ადბულა გიული, თურქეთის პრეზიდენტი; ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის მშენებლობის დაწყების ცერემონია.

მარცხნიდან მარჯვნიავ: ილჰალმ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი და ადბულა გიული, თურქეთის პრეზიდენტი; ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის მშენებლობის დაწყების ცერემონია.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და მუშაობის დაწყება სატრანზიტო დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელთა გარშემოც ბაქომ და თბილისმა ერთობლივი მუშაობა დაჩქარებული ტემპებით დაიწყეს. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში ორი მეზობელი ქვეყანა კიდევ უფრო დასაახლოვებელი გზების აქტიურ ძიებასა და გამოყენებას შეუდგა. 18 ივლისს კიდევ ერთხელ გახმაურდა ერთგვარი კონფედერაციის თემაც. სწორედ ამ დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბათუმში ვიზიტმა ურთიერთობებში ახალი იმპულსები გააჩინა, რასაც, თავის მხრივ, წინ უსწრებდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის სტუმრობა აზერბაიჯანსა და საქართველოში. რამდენად უკავშირდება ეს მოვლენები ერთმანეთს?

ბაქოში გამართულ შეხვედრაზე 3 აგვისტოს კიდევ ერთხელ დაიდო პირობა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა წინასწარ განსაზღვრულ ვადებში უნდა მოესწროს. ამ ვადების მიხედვით კი, მაგისტრალი ექსპლუატაციაში 2012 წელს უნდა შევიდეს. სამშაბათს ბაქოში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, დამტკიცდა პროექტთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე მონაკვეთის დაფინანსების საკითხი, მაგალითად, ესენია: თეთრიწყარო-წალკისა და წალკა-ახალქალაქის მონაკვეთების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტები. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა საზეიმო ვითარებაში ჯერ კიდევ 2007 წლის ნოემბერში გახსნეს, თუმცა პროცესი საკმაოდ გაიწელა და ამ თითქმის სამ წელიწადში სამი წლის გასაკეთებელი საქმე ნამდვილად არ გაკეთებულა. საქართველოზე გამავალი 30-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას აზერბაიჯანი აფინანსებს საქართველოსთვის გამოყოფილი გრძელვადიანი და შეღავათიანი კრედიტით. თუმცა თანხების მხოლოდ ნაწილ-ნაწილ მოძიება ხერხდებოდა, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, ძირითადად, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით იყო განპირობებული.
სარკინიგზო მაგისტრალი, რომელმაც, რუსეთისგან დამოუკიდებლად, აზერბაიჯანი თურქეთთან, ხოლო აზია ევროპასთან უნდა დააკავშიროს, ექსპერტების თვალსაზრისით, მეტად მიმზიდველია შუა აზიის ქვეყნებისა და ჩინეთისთვის.

ტვირთების მოზიდვას ბაქო და თბილისი, რუსეთისგან დამოუკიდებლად, ერთიან სატრანზიტო დერეფანშიც აპირებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ”ამ სატრანზიტო დერეფანში ძალიან ბევრია დამოუკიდებელი მოთამაშე. მაგალითად: ბაქოს პორტი, რკინიგზა, კასპიის გადამზიდავი, ასევე საქართველოს რკინიგზა, საქართველოს პორტები”… ივლისის ბოლოს, როდესაც ნიკა გილაური ბაქოს სტუმრობდა, ხელი მოეწერა საგანგებო მემორანდუმს და დაჩქარებული ტემპით შეიქმნა სატრანზიტო დერეფანის საკითხზე მომუშავე ერთობლივი კომისია, სწორედ იმ გეგმით, რომელზეც ბაქოსა და თბილისის ლიდერები 18 ივლისს ბათუმში შეთანხმდნენ. ანალიტიკოსების ყურადღების ცენტრში თავისთავად ალიევის საქართველოში ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბევრისთვის მოულოდნელი სტუმრობის ფაქტიც მოექცა. იმ დღეს მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანი და საქართველო ”ერთი ორგანიზმის ნაწილებად” გამოაცხადა:
”რამდენიმე წლის წინ ვსაუბრობდით, რომ ჩვენ კონფედერაციული ურთიერთობა უნდა ჩამოვაყალიბოთ… რეალურად ჩვენს ქვეყნებს შორის არის ისეთი ურთიერთობები, რომლებიც რეალურად აღემატება ჩვეულებრივ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს… ჩვენ ვართ ერთმანეთის გაგრძელება, ჩვენ ვართ ერთმანეთის დაბოლოება… ”
მიხეილ სააკაშვილის მიერ ნახსენებმა კონფედერაციის იდეამ დემურ გიორხელიძეს თავისი მრავალი წლის ოცნება გაახსენა. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში უკვე 5-6 წელია სამხრეთ კავკასიის ერთიან ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეზე ლაპარაკობს:
”… გასაგებია, რომ აქ იგულისხმება არა ერთი სახელმწიფო, ერთი ცენტრალიზებული რგოლით, არამედ სახელმწიფოთაშორისი კოორდინირებული ურთიერთობები. ამას კონფედერაცია დაერქმევა თუ რაღაც სხვა, მნიშვნელობა არა აქვს. მე მიმაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიის ასეთი მოდელი საუცხოოდ კარგი მოდელია დასავლეთისთვის და აღმოსავლეთისთვის… ”
იმისათვის, რომ დემურ გიორხელიძის მიერ აღწერილმა სქემამ იმუშაოს, სულ მცირე, მთიანი ყარაბახის პრობლემა უნდა მოგვარდეს. თუმცა პარალელურად არსებობს რუსეთის ფაქტორი და თუკი გიორხელიძე თვლის, რომ კავკასიის სტაბილურობა რუსეთის ინტერესებშიც შედის, ამ აზრს კატეგორიულად არ ეთანხმება პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი. მისი აზრით, რუსეთი სწორედაც რომ საპირისპიროს ცდილობს:
”რუსეთი არის ექსკლუზიური მადესტაბილიზებელი ამ რეგიონში აგერ უკვე ძალიან დიდი ხანია… მას რომ სტაბილური კავკასია აწყობდეს, ალბათ, ცოტა სხვანაირად მოიქცეოდა… ცხადია, არ აწყობს და ეს ყველაფერში ჩანს… ჩვენ ამას პირდაპირ ჩვენს ტყავზე ვგრძნობთ…”
რაც შეეხება კონფედერაციის თემის წამოწევას, ანდრო ბარნოვი ამ საკითხს ამ ეტაპზე უფრო პრეზიდენტის მხრიდან სიახლოვის სურვილის სიმბოლურ გამოხატულებად მიიჩნევს, ვიდრე რეალურ გეგმად. თუმცა ბოლო პერიოდში აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობებში ახალი იმპულსები რომ გაჩნდა და ეს პირდაპირ უკავშირდება ჰილარი კლინტონის მიერ ამ ორი ქვეყნის ივლისში მონახულებას, პოლიტოლოგს ამაში მისხალი ეჭვიც არ ეპარება. ბარნოვი ფიქრობს, რომ ამ ვიზიტის შემდეგ ბაქო და თბილისი რაღაც-რაღაცებში უკეთ დარწმუნდნენ:
”დარწმუნება პატარა სახელმწიფოსთვის ნიშნავს იმას, რომ დაინახო, რას ხედავენ დიდები, რაზე არიან თანახმა დიდები. პატარა სახელმწიფოს პრეზიდენტი, ცხადია, ნაბიჯს ვერ გადადგამს, ვიდრე დარწმუნებული არ იქნება, რომ ან ეს ნაბიჯი არის თანხმობაში გარკვეული სერიოზული ძალების პოლიტიკასთან, ან ისეთ ნაბიჯს არ დგამს, რომ ეს გამოიწვევს მათ თანხმობას… ალიევს ხვეწნა ნამდვილად არ დასჭირდებოდა, მას დასჭირდებოდა იმაში დარწმუნება, რომ ეს სქემა არის მხარდაჭერილი დიდი მოთამაშეების მიერ…”
ამ სქემას ანდრო ბარნოვი პირობითად ”ევრაზიის სამხრეთის ინტეგრაციულ სქემას” უწოდებს და საქართველოსა და აზერბაიჯანის დაახლოებას მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევს. აქვეა სხვა პერსპექტივები, მაგალითად, თურქეთის მხრიდან ევროპისკენ სწრაფვის სურვილის შენარჩუნება და კავკასიის რეგიონით, მაგალითად, ჩინეთის დაინტერესება, რაც რუსეთის საკითხის კონტექსტში კიდევ უფრო საინტერესო ხდება.
XS
SM
MD
LG