Accessibility links

logo-print
დღევანდელ პრესაში განხილვის ერთ-ერთი საგანია რუსეთ-ბელორუსიის ურთიერთობა ბელორუსიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება-არაღიარების კონტექსტში. ”24 საათში” ოლეგ პანფილოვის ვრცელი სტატია ქვეყნდება, სათაურით ”ლუკაშენკოს ინტუიცია”. სტატიაში ნათქვამია: ”ლუკაშენკოს სასოწარკვეთა, რომლითაც ის კრემლს ებრძვის, სავსებით გასაგებია. არც ისე შორია საპრეზიდენტო არჩევნები და, თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში ”რევოლუციების” თავისებურებებს გავითვალისწინებთ, სრულიად დასაშვებია მოვლენების სწორედ ასეთი მიმართულებით განვითარება. თანაც ეს იქნება რევოლუცია არა თავისუფლებისთვის, არამედ კრემლისთვის - როგორც ყირგიზეთში.”

”რეზონანსში” იმავე ბელორუსიის შესახებ რამაზ საყვარელიძესთან ინტერვიუში წაიკითხავთ: ”მე მგონია, რომ რუსეთი არაა ისე მონდომებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაში, როგორც თვითონ იძახის, იმიტომ რომ მას რეალური მექანიზმები ამ აღიარებისა ბელორუსისგან თუ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან ჰქონდა, მაგრამ ეს მექანიზმები არ გამოუყენებია. რუსეთს გაზის ფასი რომ დაეწია, ლუკაშენკო აფხაზეთის თითოეულ ქუჩას აღიარებდა ცალ-ცალკე”, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

”ყველა ძალოვანი ერთ უწყებაში - ხელისუფლებას გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება უნდოდა, მაგრამ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს შექმნა გამოუვიდა” - ასეთი სათაურითა და ქვესათაურით ”რეზონანსში” ქვეყნდება სტატია, რომლის ავტორიც, ”საპარლამენტო კულუარებზე” დაყრდნობით, წერს, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დეპარტამენტად ჩამოყალიბდება, გარემოს დაცვის ინსპექცია კი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე ”რეზონანსის” კორესპონდენტს უდასტურებს, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გაუქმება მართლაც იყო დღის წესრიგში, თუმცა საერთაშორისო ვალდებულებების გამო გადაწყვეტილება შეიცვალა. რაც შეეხება გარემოს დაცვის ინსპექციის შსს-ს დაქვემდებარებაში გადაყვანას, ვეფხვაძის თქმით, ეს ცვლილება დღეს განიხილება ხელისუფლებაში.

პრესაში საკონსტიტუციო ცვლილებების ”სახალხო განხილვის” საკითხზეც იწერება. ”საქართველოს რესპუბლიკაში” საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრ ნინო ციხისთავთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებულ განცხადებაზეც ლაპარაკობს, რომლითაც ორმოცამდე არასამთავრობო ორგანიზაცია ”სახალხო განხილვის” ერთი თვის ნაცვლად ოთხთვიან განხილვას მოითხოვს. ციხისთავი აგრეთვე ამბობს: ”მაგრამ მთავარი სხვა რამეა - როცა ხელისუფლების მოწყობის ინსტიტუტი იცვლება და სრულიად ახალი კანონის მიღება უწევს საზოგადოებას, მას უფლება აქვს იცოდეს, რატომ იცვლება კონსტიტუცია, რა აუცილებლობა იწვევს საკონსტიტუციო რეფორმას. როგორც ამბობენ, საპრეზიდენტოდან შერეულ მოდელზე გადავდივართ. ხომ უნდა იცოდეს ხალხმა, რისთვის ხდება ეს, რა მოაქვს ამას უკეთესი, რატომ იყო საჭირო ასეთი სერიოზული ცვლილება”, - ამბობს ნინო ციხისთავი. მასთან ინტერვიუ ”საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება.

”ნეტა შემხვდეს სადმე ნოღაიდელი, კვერცხები უნდა დავუშინო!” – ”ახალი თაობის“ პირველ გვერდზე მთავარი ადგილი ამ სათაურს უკავია. ავტორი გასულ წელს ქუთაისში დიდების მემორიალის აფეთქების ფაქტს იხსენებს და წერს: ”ნოღაიდელი სამართლიანად აპროტესტებდა იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ ომში დაღუპული ადამიანების შეურაცხყოფა გაბედა. ამის გამგონმა საქართველომ გაიფიქრა, ეს რა ჯიგარი ყოფილა ნოღაიდელიო, თუმცა გაირკვა, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს მასაც ფეხებზე ეკიდა, თურმე, ომში დაღუპული ადამიანები. ამ შემთხვევაში საუბარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ადამიანებზე”, - წერს ”ახალი თაობის” ავტორი და მკითხველს უყვება ერთი წიგნის ისტორიას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მეომრებს ეძღვნებოდა და წლების წინ მისი გამოცემა, მისი ერთ-ერთი ავტორის თანახმად, ედუარდ შევარდნაძის მხარდაჭერის მიუხედავად, იმ დროს ფინანსთა მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის გამო შეფერხებულა. სწორედ ამიტომ (სათაურს ვუბრუნდები) წიგნის თანაავტორს გასჩენია სურვილი მისთვის ერთ-ერთი მეომრის დედის მიერ მადლიერების ნიშნად ნაჩუქარი კვერცხები დაეშინა.
XS
SM
MD
LG