Accessibility links

logo-print
საუკუნეების მანძილზე ცნება “წიგნის ჭია” ადამიანს გულისხმობდა, წიგნის “გარდარეული” სიყვარულით შეპყრობილ ადამიანს. არ ვიცი, ზუსტად რა დროიდან მოყოლებული იყენებდნენ ამ ტერმინს ქართულ ენაში, მაგრამ ევროპულ ენებში რომ ამ გამოთქმას ხანგრძლივი ტრადიცია ასაზრდოებს, ცხადია. Bookworm, Bücherwurm, Книжный червь... სიტყვა ენიდან ენაში გადადიოდა, შესაძლოა ნაწილობრივ მნიშვნელობასაც იცვლიდა, მაგრამ სიტყვის აღსანიშნი ყოველთვის იგივე რჩებოდა. მწერი საკმაოდ გვიან აღნიშნეს ამ ტერმინით და დღევანდელ ბლოგში სწორედ ამ მწერებზე მინდა ვისაუბრო. ადამიან-წიგნის ჭიებზე როგორმე სხვა დროს დავწერ, დღეს კი რეალურ წიგნის ჭიებს მივხედოთ, ანუ ყველაზე წიგნიერ მწერებს.

ასეთები რამდენიმე კატეგორიაში შეგვიძლია მოვაქციოთ:
1. მწერები, რომლებიც შუქზე, წიგნის კითხვისას მოფრინდებიან ხოლმე.
2. მწერები, რომლებიც წიგნებში ცხოვრობენ და წიგნებითვე იკვებებიან, ანუ ბიბლიოფაგი მწერები.
3. მწერები ლიტერატურიდან, ისინი, ვისაც მწერლებმა გაუთქვეს სახელი.

პირველ კატეგორიაში ძირითადად ქინქლები და ფარვანები შედიან. თან ახლა, მოგეხსენებათ, ზაფხულია და განსაკუთრებით ეს “წიგნის ჭიები” არ გვანებებენ თავს. ზაფხულის ღამის წაკითხვები ხშირად დიდი მსხვერპლით მთავრდება ხოლმე, იმდენად, რომ ხანდახან წიგნის კითხვა აზრს კარგავს, თუმცა თუკი გათენებამდე გაუძლებთ, სასწაულის მომსწრენი შეიძლება გახდეთ. საქმე ისაა, რომ მზის ამოსვლისთანავე გადარჩენილი მწერები თავს დაანებებენ თქვენს უბადრუკ ნათურას და სამყაროს უმთავრესი მნათობისკენ, მზისკენ გაფრინდებიან ჟრიამულით.

მეორე კატეგორიაში ის მწერები შედიან, რომლებიც წიგნებში სახლობენ, იქვე სადილ-ვახშმობენ და იქვე მოისაქმებენ. ისინი ძირითადად ყდებში და ყდისპირა გვერდებში ცხოვრობენ. წიგნში ჩანერგილი კვერცხიდან იჩეკება მატლი, რომელიც შეიძლება ითქვას, წიგნის ხაშით იკვებება, სადაც ტყავის გარეკანი ფაშვის მაგივრობას წევს, შიდა მუყაო ან ხე – ჩლიქებისას, ძვლის წებო კი სურნელოვანი ნახარშია. რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით ძველი წიგნები გაცილებით უფრო ეკოლოგიურად სუფთა იყო, ვიდრე თანამედროვე. სწორედ ამიტომაა, რომ ზოგიერთ, ემულსიებით ნაწებებ და ქიმიო-თერმულად აკინძულ წიგნის ჭია ან არ უჩნდება, ან რაღაც უდღეური ჭიები იზრდებიან იქ.

ხანდახან ყდებზე ნახვრეტები ჩნდება ხოლმე, ეს უკვე დაფრთიანებული ჭიების, ანუ ხოჭოების ნახელავია, ისინი “მშობლიური ლიტერატურიდან” მიფრინავენ და სხვა, უცხო ლიტერატურებში ეძებენ ადგილებს გასამრავლებლად. ჭიების კვალი შიგნითაც ბევრია ხოლმე, წიგნში. ნახვრეტებით დაწყებული – მკრთალი ნაკვალევებით დამთავრებული.

ჩვენთან ყველაზე მეტად გავრცელებულია ქერცლა, ინგლისურად Silverfish. ვერცხლისფერი, ძალიან მოქნილი და სწრაფი მწერი, რომელიც მწერზე მეტად დედამიწის ბინადარ რაღაც უძველეს არსებას უფრო ჰგავს. არ მეგულება ადამიანი, ვინც ამ მწერს არ გადაყროდეს წიგნის კითხვისას. ჩვენს შორის ბევრია ისეთიც, ვისაც გვერდებს შორის ჩაუსრესია ეს უცნაური არსება. გაიხსენეთ, რამდენჯერ შეგხვედრიათ ამ მწერის ნაშთები, მისი ვერცხლისფერი ფერფლი, რომელიც ოდესღაც თქვენმა წინამორბედმა, ან თქვენვე მოაქციეთ დოსტოევსკის ან ფლობერის მარწუხებში და ამით სიცოცხლე მოუსწრაფეთ. და აი, წლების შემდეგ ისევ გამოგეცხადათ. ამგვარმა “ექსჰუმაციამ” შეიძლება ბევრ რამეზე ჩაგაფიქროთ. უყურებთ ერთ დროს უსწრაფეს მწერს და ხედავთ, რომ დღეს მისგან მხოლოდ უმჩატესი ნეშტია დარჩენილი, რომელსაც ან წიგნშივე ჩატოვებთ და მომავალ თაობებს შემოუნახავთ, ანდა ნაზი წკიპურტით მოაშორებთ ფურცელს.

სულ სხვა საფეხურია ხოჭოები, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა ანობიდების (Anobidae) ოჯახი, ანუ რკილები. მაგალითად A. Paniceum პურის რკილია, იგი კარგად დაფრინავს და როგორც ჩანს, კბილებიც მაგარი აქვს. ყველაფერს ღრღნის, რაც კი გზად შემოხვდება. ზომით ძალიან პატარაა, მაგრამ ძალიან გაუმაძღარია. ფქვილის, ორცხობილების და ავეჯის გარდა, მისი საყვარელი საცხოვრებელი და იმავდროულად სასადილო ადგილი წიგნის ყდებია. როგორც ზემოთაც ვთქვი, განსაკუთრებით უყვარს ძველი, მამაპაპური ყდები, ყველაზე მეტად კი ხეზე ტყავგადაკრულები ეგემრიელება თურმე.

ხოჭოებს შორის ყველაზე იდუმალი Xestobium rufovillosum-ია, ინგლისურად მას Deathwatch Beetle-ს უწოდებენ, ანუ უკანასკნელი ჟამის ხოჭოს, რომელიც ბევრგან სიკვდილის სიმბოლოდაც იქცა. საქმე ისაა, რომ ეს მწერი, რომელსაც უფრო ტილი ეთქმის, ვიდრე ხოჭო, საათის წიკწიკის მაგვარ ხმას გამოსცემს და ამით იგი დიდი ხანია ცრუმორწმუნეთა ფანტაზიას ასხამს ფრთებს.

წიგნს ერჩიან ხოჭოები ტყავიჭამიების ოჯახიდანაც (Dermestidae), სადაც პირველ რიგში მუზეუმის ტყავიჭამიები (Anthrenus Varius) და ბეწვეულის ტყავიჭამიები უნდა დავასახელოთ, რომელსაც ინგლისურად, ხალიჩის ხოჭოსაც უწოდებენ (Attagenus piceus). ყველაზე საშიშია შაშხის ტყავიჭამია, ანუ Dermestes lardarius. ამ ხოჭოს მატლები თურმე წიწილებსაც კი ესხმიან თავს, ყოველ შემთხვევაში ენტომოლოგიის სახელმძღვანელოში ასე წერია. ჰოდა, ადვილი წარმოსადგენია, თავად ხოჭოები რას იზამენ, როცა მატლები ასეთი თამამები არიან.

უნდა აღინიშნოს თამბაქოს ხოჭოც, Lasioderma serricorne, რომელიც ჩვენში ყველაზე მეტად აფხაზეთში იყო გავრცელებული. იგი ძირითადად თამბაქოს ფოთოლს აზიანებდა, მზა პროდუქციასაც, გარდა ამისა, ეს მწერი სხვა რამეებსაც ეტანება, განსაკუთრებით კი სურნელოვანი წიგნების დაგემოვნება უყვარს.

ცალკე კატეგორიაში შედის წიგნის ტილი, ანუ Psocoptera-ს, თივიჭამიების ოჯახის მრისხანე წარმომადგენელი, მაღალ-მაღალი სახელით - Liposcelis Divinatorius.

წიგნის მოყვარულები არიან ტარაკნებიც, განსაკუთრებით კი გერმანული ტარაკანი (Blattella Germanica), აღმოსავლური ტარაკანი (Blatta Orientalis) და კიდევ სხვა რამდენიმე სახეობის ტარაკანი.

წიგნებს ბაღლინჯოები, პეპლები და ობობებიც კი ეტანებიან, ასევე ტერმიტებიც, ძალიან მაზალო არსებები, რომლებიც იკბიანებიან და კბენენ განურჩევლად ყველას, მკითხველსაც და ალბათ წიგნის პერსონაჟებსაც.

ვინ იცის, ასეთი მწერების რამდენი კოლონია მიპოვია სხვადასხვა წიგნში. გადაფურცლავ და თვალწინ უძველესი ცივილიზაციები გადაიშლება, ყორღანები და სამსხვერპლოები, გზებით და არხებით დაქსელილი გამქრალი სამყაროები. მაგალითად, გასული საუკუნის 30-იან წლებში გამოცემული “სანტილიანელი ჟილ ბლასის ამბავი” სწორედ ასეთ დაღუპულ ცივილიზაციად წარმომიდგა, როცა ამ რამდენიმე წლის წინ შევიძინე. სამაგიეროდ ნამდვილი მეგაპოლისის ცხოვრებით ცხოვრობდა 70-იან წლებში გამოცემული კორტასარის მოთხრობების კრებული, რომელიც, ვაი, რომ ამჟამად უკვე ბოლომდეა შეჭმული.

განსაკუთრებით კარგ საკვლევ მასალას იძლევა სოფლის წიგნები, ანუ წიგნები, რომელთაც ძალიან დიდი ხანია აღარავინ ეკარება და რომელთაც, ღმერთმა უწყის, ჯანიანი სოფლელი მწერების მერამდენე თაობა ღრღნის. უნდა ითქვას, რომ მწერების გარდა ამ წიგნებს თაგვებიც ეპარებიან ხოლმე.

ბოლო, მესამე კატეგორია ყველაზე დიდია და ამბებით სავსე. ესაა ლიტერატურიდან ამოკითხული მწერების ისტორიები. გრეგორ ზამზა კაფკას “მეტამორფოზიდან”, რომელმაც “ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ საშინელ მწერად გადაქცეულიყო”, ჩრჩილი ჯულიან ბარნსის რომანიდან “სამყაროს ისტორია 10½ თავად”, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, მისი რომანის პირველი თავის მთხრობელია. შეგვიძლია გავიხსენოთ ენტომოლოგი მწერლებიც, მეპეპლე ვლადიმირ ნაბოკოვი და მეკოღოვე ერლომ ახვლედიანი, ვისაც მისი მეგობარი, დათო ჯავახიშვილი მწერლომ ახვლედიანსაც ეძახდა. დაბოლოს, მინდა ერლომ ახვლედიანთან დაკავშირებული ერთი ამბით დავასრულო წიგნის ჭიებზე წერა. ერთხელ თურმე ბატონ ერლომს რაღაცის წერა დაუმთავრებია, და ტრადიციულად, წერტილი დაუსვამს. ცოტა ხნის შემდეგ კი დაუნახავს, როგორ დაძრულა ეს წერტილი ადგილიდან, გადაუდგამს რამდენიმე ნაბიჯი და გაფრენილა, ტექსტი კი დაუტოვებია წერტილის გარეშე. ამიტომ, სანამ ჩემი წერტილიც გაქცეულა, სჯობს დავამთავრო წიგნის ჭიების ამბავი, ამბავი რომელიც ყველა ნამდვილ წიგნის ჭიას ეძღვნებოდა.

იცნობდეთ სეხნიებს!

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG