Accessibility links

logo-print

სომხური ლობი მეთიუ ბრაიზას განდიდატურას ეწინააღმდეგება


მეთიუ ბრაიზა

მეთიუ ბრაიზა

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სექტემბრამდე გადადო ამერიკელი დიპლომატის მეთიუ ბრაიზას დამტკიცება შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად აზერბაიჯანში. ამ საკითხის განხილვის დაბლოკვის ინიციატივა სენატორ-დემოკრატ ბარბარა ბოქსერს ეკუთვნის, თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, მეთიუ ბრაიზას კანდიდატურის წინააღმდეგნი არიან გავლენიანი სომხური ლობისტური ორგანიზაციები ამერიკაში - ეს ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ბრაიზას ახლო კავშირები აქვს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, რის გამოც მას ვერ ექნება მიუკერძოებელი პოზიცია რეგიონალურ საკითხებში, მათ შორის - ყარაბახის მოწესრიგების პრობლემის მიმართ.

სომხურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ამერიკელ კანონმდებლებს, რომლებიც სომხეთის მეგობართა ჯგუფში არიან გაერთიანებულნი, ძალიან აშფოთებთ მეთიუ ბრაიზას კავშირები აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, აკრიტიკებენ მის საქმიანობას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის რანგში და, თქვენ წარმოიდგინეთ, იმითაც უკმაყოფილონი არიან, რომ მისი ცოლი ზეინო ბარანი წარმოშობით თურქია. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის უფროსი ჰრაირ თამრაზიანი ამბობს, რომ სომხურ ლობისტურ ორგანიზაციებს განსაკუთრებით აფიქრებთ ის ფაქტი, რომ ბრაიზა-ბარანის მეჯვარე აზერბაიჯანელი მინისტრი იყო:

„ქორწილზე, რომელიც, სხვათა შორის, თურქეთში გაიმართა, როდესაც ბრაიზა ზეინო ბარანზე დაქორწინდა, მთავარი მეჯვარე იყო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი. სომხები ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი იმას ამტკიცებს, რომ მეთიუ ბრაიზა, რომელსაც დიდი სახელი აქვს როგორც დიპლომატს ჩვენს რეგიონში, შეუძლებელია იყოს ობიექტური სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში, ასევე სომხეთ-თურქეთისა და მთიანი ყარაბახის საკითხებში.“

აზერბაიჯანული მხარე კი მეთიუ ბრაიზას მიუკერძოებელ და მაღალი რანგის დიპლომატს უწოდებს, რომელიც თავის საქმიანობაში ყოველთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებითა და მითითებებით მოქმედებდა. ვინც მეთიუ ბრაიზას ინტერესთა კონფლიქტში სდებს ბრალს, არაფერი გაეგება ამერიკის დიპლომატიისაო, - უთხრა რადიო თავისუფლებას აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ზარდუსტ ალიზადემ:

„მე მგონი, სომხები უკმაყოფილონი არიან თავიანთი საქმის მსვლელობით და იმით, რომ მათი ოცნება და მიზნები არ სრულდება. და დაიწყეს მიზეზების ძებნა: მეთიუ ბრაიზა ცუდია, მაგრამ აი, თუ მის მაგივრად ვინმე პიტერ ბრატსკი მოვა, ის სომხებს დაეხმარება გეგმების რეალიზებაში. ეს არ იქნება! რაც შეეხება მეთიუ ბრაიზას, ის ერთნარად ეკიდებოდა როგორც სომხეთს, ისე აზერბაიჯანს. მე ვფიქრობ, ის არც პროაზერბაიჯანულად და არც პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსი არ არის, ის პროამერიკულად განწყობილი პოლიტიკოსია. როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, იგი ზუსტად ასრულებდა სახელმწიფო დეპარტამენტის ინსტრუქციებს.“

აქ თემას გადავუხვევთ და ვიტყვით, რომ მეთიუ ბრაიზას ტენდენციურობაზე არა მხოლოდ სომხური ლობისტური ორგანიზაციები ლაპარაკობენ. უფრო ადრე ამერიკელ დიპლომატს ბევრი მწარე სიტყვის გაგონება მოუხდა საქართველოშიც. ეს მოხდა 2008 წლის იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც მეთიუ ბრაიზამ - იმხანად სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში - არჩევნების შედეგების ოფიციალურ გამოცხადებამდე მიულოცა გამარჯვება მიხეილ სააკაშვილს და ოპოზიციას მოუწოდა დასთანხმებოდა არჩევნების შედეგებს. ხოლო როდესაც ბრაიზა ტინა კეიდენაუმ ჩაანაცვლა, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ეს ფაქტი ქართველ ხალხს განსაკუთრებული სიხარულით მიულოცა. მაგრამ სომხური ლობისტური ორგანიზაციები ჯერჯერობით სანახევროდ ზეიმობენ გამარჯვებას - სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხოლოდ სექტემბრამდე გადადო აზერბაიჯანში ელჩის თანამდებობაზე წარდგენილი მეთიუ ბრაიზას საკითხის განხილვა. თუმცა, როგორც ჰრაირ თამრაზიანი, რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის დირექტორი, ფიქრობს, სომხური ლობისტური ორგანიზაციები და მათი მხარდამჭერი ამერიკელი კანონმდებლები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მეთიუ ბრაიზა არ დაინიშნოს ამერიკის ელჩად აზერბაიჯანში:

„მეთიუ ბრაიზასათვის სექტემბერიც ძალიან რთული იქნება, ვინაიდან ნოემბერში შეერთებულ შტატებში არჩევნები იმართება. უნდა აირჩეს კონგრესის მთელი შემადგენლობა და სენატის ერთი მესამედი. ხოლო ბარბარა ბოქსერს, რომელმაც ბრაიზას დანიშვნის პროცესი შეაჩერა, მოუხდება ხელახალი არჩევა საკმაოდ რთულ ბრძოლაში. იგი კალიფორნიიდან არის, რის გამოც მისთვის ძალიან საჭირო იქნება სომეხთა ხმები. ამიტომ, მე ვფიქრობ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მან [ბარბარა ბოქსერმა] უარი თქვას საკუთარ განზრახვაზე მეთიუ ბრაიზას დანიშვნასთან დაკავშირებით.“

სხვათა შორის, უკვე ერთხელ, სომხური ლობისტური ორგანიზაციების გავლენით, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2006 წელს ორჯერ ჩააგდო სომხეთში შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე რიჩარდ ჰოგლანდის დანიშვნა. „სომხეთის მეგობართა“ ჯგუფის წევრები ამტკიცებდნენ, რომ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიერ წამოყენებული კანდიდატი სომეხთა გენოციდის უარყოფის პოზიციას ემხრობოდა. საბოლოო ჯამში, ბუშის ადმინისტრაციამ ჰოგლანდის კანდიდატურა უკან გაიწვია და მის ნაცვლად ამჟამინდელი ელჩის, მარი იოვანოვიჩი,ს კანდიდატურა წარადგინა. განმეორდება თუ არა იგივე ისტორია მეთიუ ბრაიზას შემთხვევაში, ეს სექტემბერში გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG