Accessibility links

logo-print

რუსეთი ამიერკავკასიასა და აზიას ცხინვალიდან დაზვერავს?


პოლკოვნიკი ვალერი იახნოვეცი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის ახალი მინისტრი (მარცხნივ) და ედუარდ კოკოითი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი

პოლკოვნიკი ვალერი იახნოვეცი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის ახალი მინისტრი (მარცხნივ) და ედუარდ კოკოითი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის უწყებას ახალი მინისტრი ჰყავს. პოლკოვნიკი ვალერი იახნოვეცი ცხინვალში დანიშვნამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში საჰაერო-სადესანტო ჯარების დაზვერვის სამმართველოს უფროსად მუშაობდა. ჩეჩნეთის ომში დამსახურებებისთვის კი, რუსეთის გმირის წოდება აქვს მინიჭებული.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ მის დანიშვნას ხელი 27 ივლისს მოაწერა, პირად შემადგენლობას კი გუშინ წარუდგინა. იახნოვეცის ცხინვალში ჩასვლა იქ ოსური არმიის რეფორმირების პროცესს დაემთხვა.

დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროდან პირველ ეტაპზე ერთბაშად 400 კაცი გაუშვეს. შემცირება 50 წელს ზევით და ნასამართლევ პირებს შეეხოთ, რაც ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების უკმაყოფილების მიზეზი გახდა. კოკოითის ხელისუფლებამ შემცირებული ჯარისკაცების სახით საფრთხე დაინახა და სასწრაფოდ შექმნა ფონდი „პატრიოტი“, რომელმაც პენსიაში გაშვებული სამხედროების ფინანსურ უზრუნველყოფაზე და მათთვის მცირე ბიზნესის დაწყების ხელშეწყობაზე უნდა იზრუნოს.

ედუარდ კოკოითიმ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ შემცირება სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე გაგრძელდება და მხოლოდ მომავალში ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი პირადი შემადგენლობის გაზრდაც.

ახალმა თავდაცვის მინისტრმა ვალერი იახნოვეცმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ შემცირების მომხრე არ არის, მაგრამ იქვე დასძინა, რომ მისი მიზანი კომპაქტური და მობილური არმიის შექმნაა.

როგორც ცნობილია, დე ფაქტო რესპუბლიკის სამთავრობო ეკონომიკურ გუნდს მთლიანად რუსეთიდან ცხინვალში ჩასული მოხელეები წარმოადგენენ. პრემიერ ბროვცევის გუნდი აკონტროლებს დე ფაქტო რესპუბლიკის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას, რაც კოკოითის უკმაყოფილების და ბროვცევთან დაპირისპირების მიზეზი გახდა, კოკოითის მომხრე მოხელეები ბროვცევის მოხსნასაც მოითხოვდნენ, მაგრამ კრემლმა პრემიერ-მინისტრი ცხინვალში დატოვა და ამით კოკოითის მიანიშნა, რომ ცხინვალში ის დაინიშნება, ვინც მას სურს.

დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში დაწყებული შემცირებებიც და ახალი მინისტრის დანიშვნაც რომ კრემლის სცენარია, ესეც კარგად ესმით ცხინვალში. რეალურად, კოკოითი ახლა მხოლოდ ოსურ შინაგან საქმეთა სამინისტროსღა აკონტროლებს, მისი მეგობრის ვალერი ვალიევის ხელით.

იახნოვეცის ცხინვალში ჩასვლამ ბევრი კითხვა გააჩინა. მთავარი კითხვა ის არის, თუ რა ფუნქცია აქვს თითქმის უჯაროდ დარჩენილ ახალ თავდაცვის მინისტრს და კრემლის რა დავალება უნდა შეასრულოს მან სამხრეთ ოსეთში. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ იმ დროს როცა რუსეთი დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამალებით აშენებს სამხედრო ბაზებს, საჰაერო-სადესანტო ჯარების დაზვერვის სპეციალისტის იქ გაგზავნა ლოგიკურია, რადგან კრემლის ინტერესში სამხრეთ ოსეთის დაცვა კი არა, მთელი ამიერკავკასიისა და აზიის ნაწილის დაზვერვა შედის. მისი აზრით, ოსური მცირერიცხოვანი არმიაც მხოლოდ დაზვერვისა და ინფორმაციის მოპოვების ფუნქციას შეიძენს.

ამჟამად, დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოთხი რუსული სამხედრო ბაზაა. გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, ორი დახურული ბაზაც არსებობს, რომლებიც მძლავრი რადიო-ლოკაციური საშუალებებით და უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი. დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სადგურები კი კავკასიის საჰაერო სივრცეს მთლიანად აკონტროლებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG