Accessibility links

logo-print

გევორქ შუშანიანი: “აწყურის ტყეში გაცილებით მასშტაბური ხანძარია, ვიდრე ბორჯომის ხეობაში”


გარემოს დაცვის სამინისტროს წინაშე ამჟამად სამი პრიორიტეტული საკითხია გადასაჭრელი – ის, რომ ხანძარმა მოსახლეობას საფრთხე არ შეუქმნას, ცეცხლი ნაკრძალის ტერიტორიაზე არ გავრცელდეს და მისი ლიკვიდაცია დროულად მოხდეს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე ხანძრის ხასიათის სირთულეზე ლაპარაკობს:

“მდგომარეობა შეიძლება ითქვას, სტაბილურია და კონტროლირებადი. ასევე შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული არასასურველი, მაგრამ ბალანსია და საკმარისია, ერთი წუთით ყურადღება მოადუნო და ცეცხლი ძალიან სწრაფად იწყებს გავრცელებას. ძალიან რთულია თვითონ ამ ხანძრის ხასიათი. შეიძლება იყოს ერთ მთაზე და მოხდეს გირჩის გადასროლა მეორე მთაზე და განსხვავებულ ადგილზე ჩნდება ხანძარი. თან წყლის ატანა პრობლემაა, ტექნიკა მუშაობს, რომ ალტერნატიული გზა გაიჭრას. პრაქტიკულად, თუ ავტომობილებით შესვლა ცოტა უფრო შევძელით, პროცესი ცოტა უფრო დაჩქარდება.”

მიუვალი ადგილი, ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ის მიზეზებია, რამაც ხანძრის სწრაფი გავრცელება გამოიწვია. აწყურის ტერიტორიული მართვის ორგანოს რწმუნებული გელა მუმლაძე აცხადებს, რომ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა სავსებით მობილიზებულია:

“ძალიან დიდი ფართობია, ძალიან დიდი მოხალისეა წასული, გვეხმარებიან ჩვენი რაიონის თითქმის ყველა სოფლიდან, ჩვენი მოსახლეობაც, რა თქმა უნდა, ერთი 500-600 კაცი, სულ მცირე, იქნება წასული. ჩვენ ახლა ბარებითა და თოხებით რა უნდა გავაკეთოთ? ერთი, რომ არეალი არ გაფართოვდეს, ვჭრით მიწას, კერებს ვსპობთ, ავიყვანეთ ერთი სახანძრო, სხვა ავზებით ვუზიდავთ წყალს, ვაწვდით.”

ცეცხლი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში 4 აგვისტოს დღის 3 საათისთვის გაჩნდა. სოფლის მცხოვრებლებმა ხანძარი ერთდროულად რამდენიმე ადგილზე შენიშნეს. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან დასახმარებლად ჩამოსული მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ხანძრის გაჩენა ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია:

“ვერტმფრენები წყალს ზიდავენ, დიდ კერებს აქრობენ. რაც რჩება პატარა ადგილები, ხელით ვაქრობთ, ხეებს ვჭრით შეძლებისდაგვარად, ზოგან კი ხეები იქცევა. სიცხეებია, ეტყობა რაღაცამ გააჩინა და ხელს უწყობს ამინდი.”

საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის წარმომადგენელი ზურაბ თალაკვაძე განმარტავს, რომ აწყურის ტყეში ყველაზე მწვავე 6 კერაა, რომლის ლოკალიზებასაც როგორც ვერტმფრენები, ასევე ტყეში შესული მეხანძრე-მაშველები და მოხალისეები ცდილობენ:

“5-6 კერა, რომელიც საშიშროებას მოსახლეობისთვის არ წარმოადგენს, უბრალოდ, არის კარგა ხნის საწვალებელი სამუშაო. ნაკრძალის გარკვეულ რაოდენობას მიუახლოვდა ხანძარი, მაგრამ თვითონ ნაკრძალში ცეცხლი შესული არ არის.”

აწყურის ტყეში ამ დროისათვის ხანძარს 3 ვერტმფრენი, 500-მდე მოხალისე და 20 სახანძრო ეკიპაჟი ებრძვის. სამაშველო სამსახურის უფროსი სამცხე-ჯავახეთში გევორქ შუშანიანი აცხადებს, რომ ტყეში მდგომარეობა ქარის გამო ძალიან გართულდა:

“ყოველთვის საშიშია, როცა ტყე იწვის. იქ მისვლა შეუძლებელია, სადაც ცეცხლი გაჩნდა. მანქანები ვერ მიდიან, მარტო ვერტმფრენებით კი შეუძლებელია ხანძრის ჩაქრობა. აქ გაცილებით მასშტაბური ხანძარია, ვიდრე ბორჯომის ხეობაში იყო. მოსახლეობას ჯერ საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ძალიან დიდი ხანძარია - შეიძლება ითქვას, რომ 50 ჰა-ზე მეტია. ჩვენ, უბრალოდ, დროებით ვაჩერებთ და ვიმედოვნებთ, რომ წვიმა წამოვა. ქარიც ხელს გვიშლის, მანქანებიც ვერ ადიან ადგილზე, ძალიან რთული მდგომარეობაა. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ყველაფერი ნორმალურად არის, ერთმანეთს მოვატყუებთ, ძალიან რთული მდგომარეობაა.”

ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზებზე ახალციხის სახანძრო სამსახურის უფროსი პაატა ლეკიშვილი საუბრობს. მისი აზრით, ხანძრის გაჩენა აწყურის ტყეში დაუდევრობამ გამოიწვია:

“შერეული ტყის მასივებია, არის სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები, მაღლა ალპური ზონაა და ქარის გავრცელების საშიშროებაც მეტია. ამიტომ ზედა ზონის დაკეტვა მიმდინარეობს, რომ არ მოხდეს ახალი კერების გაჩენა. ნაკრძალის მხარე თითქმის დაკეტილია და ჩვენი მცდელობა არის, რომ არც ნაკრძალზე და არც სხვა მიმართულებით ხანძარი არ გავრცელდეს. ახლა ისეთი პერიოდია, ზოგი მაყვალზე დადის, ზოგი მალინაზე, შეიძლება სიგარეტის ნამწვმა, დაუდევრობამ, შეიძლება მინის ბოთლის გადაგდებამაც გამოიწვიოს ხანძარი.”

პრეზიდენტის რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ლაშა ჭკადუა ფიქრობს, რომ, საშიში მდგომარეობის მიუხედავად, მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას მალე შეძლებენ:

“დილის 6 საათიდან მიმდინარეობს მისი ლოკალიზაციის პროცესი. აქ ჩართულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე სახანძრო-სამაშველო სამსახურები. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა იმ თვალსაზრისით, რომ ხანძრის ლოკალიზება ნაწილობრივ ხორციელდება.”

ხანძრის გავრცელების შემთხვევაში საფრთხე, ერთი მხრივ, ნაკრძალის ტერიტორიას, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებს – ფერსას, სვირსა და წინუბანს, ხოლო, მეორე მხრივ, ადიგენსა და აბასთუმანს ემუქრება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG