Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონიანის გასამართლებით დასრულდა დაპირისპირება რუსეთის მაფიურ სტრუქტურებში


ტარიელ ონიანი სასამართლო პროცესზე
ტარიელ ონიანი სასამართლო პროცესზე
გასულ თვეში რუსეთში განაჩენი გამოუტანეს ადამიანს, რომლის სახელიც საქართველოში, ალბათ, ყველას სმენია - მისი საქმიანობის სფეროსთან ერთად. საუბარია ტარიელ ონიანზე, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტზე, თუ „კანონიერ ქურდზე“. ის შარშან ზაფხულში, რუსეთში დააკავეს მოსკოველი ბიზნესმენის გატაცებისა და მისთვის ნახევარი მილიონი დოლარის გამოძალვის ბრალდებით. გასულ თვეში კი სასამართლომ ონიანს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

დანაშაულებრივი ორგანიზაციების ამერიკელი ექსპერტის მარკ გალეოტის შეფასებით, ონიანის გასამართლებით წარტილი დაესვა დაპირისპირებას, რომელიც სულ უფრო მწვავე დაძაბულობას იწვევდა რუსეთის მაფიურ სტრუქტურებში: „იოლია რუსეთის კრიმინალური სამყაროს აღქმა ქაოსით მოცულად და ყოველგვარ კანონს მიღმა მოქმედად. თან ბოლო ხანს ისეთი შთაბეჭდილებაც რჩებოდა, რომ ახლოვდებოდა კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ომი, რომელიც მთლიანად მოედებოდა უზარმაზარ ქვეყანას, და მოიცავდა ეთნიკური ბანდების მთელს სპექტრს - ქართველებითა და ქურთებით დაწყებული და ჩეჩნებითა და რუსებით დამთავრებული. თუმცა, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ რუსეთში, კრიმინალური სამყარო შეიძლება, სრულიად მოუწესრიგებელი ჩანდეს, სინამდვილეში კი საქმე გვაქვს ერთგვარ მართვად ‘ანარქიასთან’“, ამბობს მარკ გალეოტი, რომელიც თავისი მოსაზრების საილუსტრაციოდ სწორედ ტარიელ ონიანის გასამართლების ფაქტს იშველიებს.

გალეოტი შემდეგ სურათს ხატავს: ქართველ ონიანსა და მის მთავარ მეტოქეს, ეროვნებით ქურთ ასლან უსოიანს, იმავე „დედ ხასანს“ შორის დაპირისპირება სულ უფრო მწვავდებოდა, როცა შარშან ალაპარაკდნენ იმაზე, რომ რუსეთის მრავალეროვანი კრიმინალური სამყაროს შეფად ონიანი აღზევდებოდა. ასეთ შემთხვევაში კი, ბევრის ვარაუდით, საქმე მივიდოდა ბანდებს შორის ომამდე - ისეთი მასშტაბის დაპირისპირებამდე, რომელიც 90-ანი წლების მღელვარებას თუ შეედრებოდა.

მაგრამ ონიანი 2009 წლის ივნისში დააკავეს, თავდებით გათავისუფლებაზეც კი უარი უთხრეს - ონიანის მიერ შეთავაზებული 15 მილიონი რუბლის, ანუ ნახევარი მილიონი დოლარის მიუხედავად - და გასულ თვეში ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.

ხელშეუხებელი არც ონიანის კრიმინალური დაჯგუფება დარჩენილა. მისი ბიზნესის ნაწილი მეტოქეებმა იგდეს ხელთ; ონიანის ერთგული ხელქვეითები, ვისაც სტრუქტურის განადგურებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო, ან ონიანს დაეხმარებოდა ორგანიზაციის ციხიდან მართვაში, დააშინეს, ან, უბრალოდ, დახოცეს. ეს ყველაფერი, განმარტავს მარკ გალეოტი, გაცილებით მეტია, ვიდრე კრიმინალური ავტორიტეტების მიერ საშიში მეტოქის სუსტი პოზიციის გამოყენება: საუბარია სტატუს კვოს შენარჩუნების მიზნით ოფიციალური ხელისუფლებისა და დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერების ერთობლივ ძალისხმევაზე.

ტარიელ ონიანი კი დესტაბილიზაციის შემომტან ფაქტორად იქცა. ექსპერტი იხსენებს ონიანის საქმიანობას 2004 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც მას საქართველოდან წასვლა მოუხდა ახალი, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ კრიმინალური სამყაროს შევიწროვების გამო. ონიანი ესპანეთში გადასახლდა, მაგრამ მომდევნო წელს რუსეთში გაიქცა, სადაც უკვე მართავდა ბიზნესის ფართო ქსელს და მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა ადგილობრივ ქართველ კრიმინალებთან. მაგრამ ონიანს მეტი სურდა და, ექსპერტ მარკ გალეოტის შეფასებას თუ მოვიშველიებთ, აგრესიულ ზომებს მიმართავდა ოპერაციების მასშტაბის გასაზრდელად: იქნებოდა ეს ფულის გამოძალვა თუ უკანონო სათამაშო ბიზნესი. ონიანი არ ერიდებოდა სხვისი გავლენის სფეროში შეჭრას, უგულებელყოფდა სხვა ბანდებთან კონფლიქტების მოგვარების მტკიცედ ჩამოყალიბებულ მექანიზმებს. ის სწრაფად მიიწევდა წინ - და სწრაფადვე იძენდა ახალ-ახალ მტრებს. განსაკუთრებით გაუმწვავდა დაპირისპირება ზემოხსენებულ უსოიანთან. 2009 წელს მათი კონფლიქტი ომის პირას მივიდა.

მანამდე კი იყო ერთი მნიშვნელოვანი და გახმაურებული ეპიზოდი: 2008 წელს განგსტერებმა კონფლიქტის განმუხტვა სცადეს, რაც ვერ შეძლეს უწინარეს ყოვლისა, ონიანის უკომპრომისო პოზიციის გამო. მაგრამ ონიანი ბოლოს მაინც დაყაბულდა შეხვედრას კანონიერ ქურდ ვიაჩესლავ ივანკოვთან - იმავე იაპონჩიკთან, რომელსაც, ასე ვთქვათ, საქმე უნდა გაერჩია უსოიანთან ონიანის დაპირისპირებაში, რომელსაც სათამაშო ბიზნესზე კონტროლის სურვილი იწვევდა. მაგრამ როცა აღმოჩნდა, რომ იაპონჩიკი ონიანის მეტოქის მხარდაჭერას გეგმავდა, იაპონჩიკი მოკლეს. სავარაუდოდ, ონიანის დავალებით. ასე მოხდა, რომ ქართველმა „კრიმინალურმა ავტორიტეტმა“, კრიმინალური სამყაროს წესებისადმი სრული უპატივცემულობის დემონსტრირებით, „კანონიერი ქურდების“ დიდი ნაწილიც გადაიმტერა და კიდევ უფრო გაამწვავა ბანდების ომის საფრთხე. მეტიც: ონიანი თვითონ იქცა საფრთხედ.

რა უნდა მოემოქმედებინათ მის წინააღმდეგ? ექსპერტ მარკ გალეოტის ვარაუდით, კრიმინალურ სამყაროში ონიანი მეტისმეტად გავლენიან ფიგურად იყო მიჩნეული საიმისოდ, რომ მისი ლიკვიდაცია გაებედათ. ამდენად, ყველაზე უსაფრთხო და, ამავე დროს, იოლ გზად ჩაითვალა მისი გაუვნებელყოფის ამოცანის სახელმწიფოსათვის მინდობა.

ამის მერე რაც მოხდა, ზემოთ უკვე ვთქვით: ონიანს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და, როგორც გალეოტი დაასკვნის, სახელმწიფოსაც და კრიმინალურ სამყაროსაც კმაყოფილების საფუძველი მიეცათ: „სავარაუდოდ, თავიდან იქნა აცილებული სისხლისმღვრელი ომი გავლენის სფეროებისთვის - დაპირისპირება, რომელიც არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენებდა მთავრობას და მას განგსტერების მიმართ უფრო მკაცრი კურსის გატარებას აიძულებდა. ახლა კი კრიმინალურმა ავტორიტეტებმა იხილეს, როგორ ჩამოაცილეს მათ პრობლემური და სახიფათო მეტოქე, რომლის დანაშაულებრივი იმპერიაც შეუძლიათ, ერთმანეთში გაინაწილონ. ქურდებს კი - მომაკვდავი სუბკულტურის გადმონაშთს - შეუძლიათ, თავი დაიმშვიდონ იმით, რომ ივანკოვის მკვლელი დაისაჯა - თუნდაც, 21-ე საუკუნის წესებით,“ აღნიშნავს ამერიკელი ექსპერტი.
XS
SM
MD
LG