Accessibility links

logo-print

სუპერმოდელი და "სისხლიანი ბრილიანტები"


ნაომი კემპბელი ჰააგის სამხედრო ტრიბუნალზე მოწმის ჩვენების მიცემის დროს

ნაომი კემპბელი ჰააგის სამხედრო ტრიბუნალზე მოწმის ჩვენების მიცემის დროს

ჰააგაში განთავსებულ სამხედრო ტრიბუნალზე, რომელიც სიერა ლეონეში 1991-2002 წლების სამოქალაქო ომის დანაშაულებს განიხილავს, პროცესმა დღეს უჩვეულოდ დიდი ყურადღება მიიპყრო. წამყვანი საინფორმაციო ტელეკომპანიები პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ კითხვა-პასუხს სასამართლოს დარბაზში, რასაც, სავარაუდოდ არ გააკეთებდნენ, რომ არა ნაომი კემპბელი - ბრიტანელი სუპერმოდელი, მსოფლიოში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე. კემპბელი მოწმის სკამზე იჯდა და ტრიბუნალს ჩვენებას აძლევდა ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ 1997 წელს ბრილიანტის ქვა (თუ ქვები) მიიღო საჩუქრად ლიბერიის ყოფილ პრეზიდენტ ჩარლზ ტეილორისაგან. ამ უკანასკნელს კი ტრიბუნალი მძიმე ბრალდებებს უყენებს.

ჩარლზ ტეილორს, ლიბერიის პრეზიდენტს 1996-2003 წლებში, სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულების ბრალდებები აქვს წაყენებული. ის ჰააგის ციხეში იმყოფება. დანაშაულები კი, როგორც ბრალდება ირწმუნება, სიერა ლეონეში სამოქალაქო ომის პერიოდში აქვს ჩადენილი, როცა სიერა ლეონელ მეამბოხეებს იარაღს აწვდიდა მათგან მიღებული ბრილიანტის ქვების სანაცვლოდ.

რაც შეეხება ნაომი კემპბელს. დღეს მან ჰააგაში, ჩარლზ ტეილორის სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ 1997 წელს სამხრეთ აფრიკაში ვიზიტის დროს, საჩუქრად მიიღო „ჭუჭყიანი ქვები“ ვახშმის შემდეგ, რომელსაც ლიბერიის მაშინდელი პრეზიდენტი, ჩარლზ ტეილორიც ესწრებოდა. სუპერმოდელისთვის მოგვიანებით უთქვამთ, რომ ქვები ბრილიანტისა იყო და რომ ისინი, როგორც ჩანს, ტეილორმა აჩუქა.

ბრალდების განცხადებით, თუ ეს ვერსია დადასტურდა, იარსებებს მტკიცებულება, რომ ტეილორს მართლაც ჰქონდა ბრილიანტის დაუმუშავებელი ქვები, რასაც, ბრალდება როგორც ირწმუნება, იარაღით სიერა ლეონელი მეამბოხეების მოსამარაგებლად იყენებდა.

დავუბრუნდეთ ნაომი კემპბელს, რომლის გამოც ტეილორის სასამართლო პროცესმა გამორჩეული რეზონანსი შეიძინა. ბიბლიაზე ფიცის დადების შემდეგ, რომ მხოლოდ სიმართლეს იტყოდა, სუპერმოდელს ჯერ მოუხდა პასუხი გაეცა შეკითხვაზე იმის შესახებ, თუ რატომ იმყოფებოდა 1997 წლის სექტემბერში სამხრეთ აფრიკაში. პასუხად კემპბელი მოყვა, რომ მაშინდელი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას საბავშვო ფონდის ღონისძიებებში მონაწილეობდა და ერთ-ერთ საღამოს მანდელას სახლში, ვახშამზე იყო მიწვეული. სტუმრებს შორის ჩარლზ ტეილორიც აღმოჩნდა.

ვახშმის შემდეგ, ღამით კემპბელს საჩუქარი მიუტანეს. „რომ ჩავიხედე, რამდენიმე ქვა დავინახე. ძალიან პატარა ქვები, ჭუჭყიანს ჰგავდა,“ - განაცხადა სუპერმოდელმა, რომელიც, მისივე თქმით, ჯერ ვერ მიხვდა, რომ საქმე ბრილიანტებს ეხებოდა.
მაგრამ მომდევნო დღეს, სუპერმოდელისთვის მის ყოფილ აგენტთან, კეროლ უაიტთან და მსახიობ მია ფეროუსთან ერთად საუზმის დროს უთქვამთ ასეთი ფრაზა: ქვები, ალბათ, „სისხლიანი ბრილიანტებია“ ტეილორისაგანო.

აქ კემპბელს განმარტება სთხოვა მოსამართლე ჯულია სებუტინდემ: „ქალბატონო კემპბელ, თქვენ თქვით, რომ თქვენმა კოლეგებმა, მია ფეროუმ და კეროლ უაიტმა გითხრეს - ქვები შესაძლოა ტეილორის გამოგზავნილი ყოფილიყო, ან ალბათ ნამდვილად ტეილორისაგან იყო. თქვენ რა იფიქრეთ?“

მოსამართლის ამ შეკითხვის საპასუხოდ სუპერმოდელმა აღნიშნა, რომ იმ პერიოდში (1997 წლის სექტემბერში) არაფერი იცოდა ტეილორის შესახებ. „მე უბრალოდ ვივარაუდე, რომ მისგან იყო. არ ვიცი, არაფერი ვიცი ჩარლზ ტეილორის შესახებ, მანამდე არაფერი მსმენოდა მის შესახებ, ან მისი ქვეყნის, ლიბერიის შესახებ. მანამდე არც ტერმინის „სისხლიანი ბრილიანტების“ შესახებ მსმენოდა. უბრალოდ ვივარაუდე, რომ ეს იყო“, განაცხადა კემპბელმა. მან უჩვეულო საჩუქარი ერთ-ერთ მეგობარს გადასცა იმის იმედით, რომ ის ქვებს გაყიდდა ფულის საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის მისაწოდებლად. ამდენად, სუპერმოდელს ქვები აღარა აქვს.

ექსპერტების განმარტებით, კემპბელის ჩვენება შემდეგი გარემოების გამოა მნიშვნლოვანი: ბრალდება იმედოვნებს, რომ შეძლებს დაამტკიცოს - ტეილორს ბრილიანტის ქვები ჰქონდა რამდენიმე კვირით ადრე იარაღის მიწოდებაზე მორიგი მსხვილი გარიგების გაფორმებამდე.

ასეა თუ ისე, ტრიბუნალი მოწმეების დაკითხვას განაგრძობს. მომავალ კვირაში მოწმეებს შორის მსახიობი მია ფეროუც იქნება.
XS
SM
MD
LG