Accessibility links

logo-print

გენერალი პეტრეუსი ავღანეთში მაკკრისტალის გეგმით იმოქმედებს


გენერალი დევიდ პეტრეუსი

გენერალი დევიდ პეტრეუსი

ნატოსა და შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ახალმა მთავარსარდალმა ავღანეთში გენერალმა დევიდ პეტრეუსმა წარმოადგინა საბრძოლო მოქმედების წარმოების დირექტივა, რომელიც მისი წინამორბედის ხედვას იმეორებს. კერძოდ, შეიზღუდება სამხედრო ავიაციისა და მძიმე ტექნიკის გამოყენება იმ შემთხვევაში, თუკი რისკის წინაშე აღმოჩნდება სამოქალაქო მოსახლეობა. თუმცა დირექტივაში ასევე ხაზგასმულია, რომ სამხედროები იტოვებენ უფლებას დაიცვან საკუთარი თავი.

განსხვავება პეტრეუსისა და მაკკრისტალის მიერ ჩამოყალიბებულ ომის წარმოების სტრატეგიათა შორის იმდენად მცირეა, რომ მისი აღმოჩენა სამხედრო საქმის აღიარებულ სპეციალისტებსაც გაუჭირდებათო, ამბობს ტედ ოლსტრიმი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ეროვნული უსაფრთხოების პროგრამების დირექტორი, რომელმაც 35 წელიწადი გაატარა შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებში:

„სინამდვილეში, როგორც ბრძოლის ველის ახალი სარდლისაგან, მისგან მოელოდნენ, რომ ის განუმარტავდა სამხედროებს, აპირებდა თუ არა იგი მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას სტრატეგიაში, თუ ცვლილებები მხოლოდ ნიუანსებში იქნებოდა. ჩემი თვალთახედვით, აღნიშნული დირექტივით ცვლილებები მხოლოდ არსებული სტრატეგიის ნიუანსებს ეხება.“

უფრო ზუსტად, მაკკრისტალის მსგავსად, პეტრეუსიც მოუწოდებს სამხედროებს, კარგი შთაბეჭდილება დატოვონ ადგილობრივ მოსახლეობაზე, ურჩევს ჯარისკაცებს მათთან შეხვედრისას მოიხსნან „ლაპლაპა სათვალეები“, დალიონ ბევრი ჩაი და იყვნენ კარგი სტუმრები. მაკკრისტალსაც სჯეროდა, რომ სამოქალაქო მოსახლეობა მთავარი ინსტრუმენტია ომის მოსაგებად, რომ ნებისმიერი მსხვერპლი სამოქალაქოთა რიგებში გააძლიერებდა ანტინატოურ და პროთალიბანურ განწყობებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს შორის.

თუმცა ძალიან ბევრი სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში ჩიოდა, რომ სამოქალაქო მოსახლეობის დაცვაზე აქცენტის გაკეთება სამხედრო ძალებს მოწყვლადს გახდიდა მტრის წინააღმდეგ. კერძოდ, სამხედროები იმედგაცრუებულნი იყვნენ, რომ ისინი ვეღარ შეძლებდნენ ავიაციის გამოძახებას იმ სახლების დასაბომბავად, სადაც შესაძლოა თალიბანთან კავშირში ეჭვმიტანილი მეამბოხეები იმალებოდნენ.

ამის პასუხად პეტრეუსი ახალ დირექტივაში აღნიშნავს, რომ „ავღანელი ხალხის დაცვის პარალელურად, გამოყენებული იქნება ყველა საშუალება საკუთარი სამხედრო ძალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.“
აღსანიშნავია, რომ ივლისში თალიბანმა, თავის მხრივ, ასევე მიიღო ერთგვარი კოდექსი, რომელიც მეამბოხეებს ავალებს დაიცვან მოქალაქეები და კრძალავს ფულისა და იარაღის გატაცებას.

მეამბოხეთა ამ ახალ მიდგომას პოტენციურად მნიშვნელოვანს უწოდებს უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი ტედ ოლსტრიმი:

„ჩემი აზრით, ეს ჩვენ იმაში გვარწმუნებს, რომ თალიბანი ხედავს სამოქალაქო მოსახლეობის პატივისცემის უკუგებას და აკეთებს ყველაფერს, რაც ომის დროსაა შესაძლებელი, რათა შეამციროს მსხვერპლი მშიდობიან მოსახლეობაში, და ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ეს შესაძლოა იყო სწორი სტრატეგია, რაც კარგ ზეგავლენას მოახდენს ავღანელ ხალხზე.“

ომის წარმოების განახლებულ წესებში ხაზგასმულია, რომ პატრულირებაში ჩართული უნდა იყვნენ ასევე ავღანეთის არმიის ნაწილები, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული ისეთი შეცდომები, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლს რომ იწვევს. ტედ ოლსტრიმი სარწმუნოდ არ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს პეტრეუსის დირექტივის პრეზენტაცია ინტერნეტგამოცემა „უიკლიკსში“კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი დოსიეს გამოქვეყნებით იყოს ნაკარნახევი. „ასეთ დირექტივას სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას ყველა სარდალი აქვეყნებს, რათა პერიოდულად საქმის კურსში ჩააყენოს სამხედრო მოსამსახურეები ომის სტრატეგიის თაობაზე.“
XS
SM
MD
LG