Accessibility links

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ყველაზე მეტად ცხინვალის მოსაზღვრე ქართული სოფელი ერგნეთი დაზარალდა. იქ შესული მარადიორები რამდენიმე დღის განმავლობაში სოფელს ძარცვავდნენ და შემდეგ სახლებს წვავდნენ. 186 სახლიდან 90% განადგურებულია. ომის შემდეგ ერგნეთელები საკუთარ კარ-მიდამოს იმ იმედით დაუბრუნდნენ, რომ სახლების აღდგენაში ხელისუფლება დაეხმარებოდა, მაგრამ მთავრობა მხოლოდ კომპენსაციის გაცემით შემოიფარგლა.

სოფელში სახლების დიდი ნაწილი ისევ ისე დგას, როგორც ორი წლის წინ, მხოლოდ რამდენიმე საცხოვრებელს აქვს სახურავი შეკეთებული. ყველა სახლის ეზოში დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ აგებული პატარა კოტეჯი დგას. სოფელში დაბრუნებული ერგნეთელები ორი წელია მოსავალს და შესაბამისად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას უშედეგოდ ელიან. ორი წელია სოფელს სარწყავი წყალიც არ მიეწოდება.

ომამდე ერგნეთი სარწყავ წყალს ცხინვალიდან გამომავალი არხით იღებდა, მაგრამ კოკოითის ხელისუფლებამ არხი გადაკეტა და მისი გახსნის სანაცვლოდ ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება მოითხოვა. ქართული მხარე ამ პირობას არ თანხმდება, რადგან მისი აზრით, გაზს ახალგორში მყოფი ოკუპანტებიც მოიხმარენ.

ხელისუფლებამ ალტერნატიული წყალსაცავი სოფელ ნიქოზში ააშენა, მაგრამ ერგნეთი უფრო მაღლა მდებარეობს, ამიტომ ნიქოზის კაშხლიდან სოფლის მომარაგება შეუძლებელია. ერგნეთის რწმუნებულის თემურ ტეტუნაშვილის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები ხელისუფლებასთან ერთად ფინანსებს წყალსაქაჩების მოსაწყობად ეძებენ. მისი თქმით, პრობლემა სრულად მომავალ წელს მოგვარდება.

ერგნეთელები ახლა წვიმის იმედად არიან დარჩენილნი, ერთწლიანი კულტურები უკვე მთლიანად გახმა. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ზამთარში მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ამიტომ თუ მათთვის ჰუმანიტარული დახმარების აღდგენა არ მოხდა, სოფელი დაიცლება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG