Accessibility links

logo-print

საქართველოში პურის გაძვირებას სექტემბრიდან ელიან


სექტემბრიდან საქართველოში პურის გაძვირებას ელიან. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის შეცვლა აისახება საქართველოზეც, რომელიც ამ პროდუქციის იმპორტიორია. კვეზერლის განმარტებით, აგვისტოში პურის ფასი სტაბილური იქნება, თუმცა სექტემბრიდან ვითარება შეიცვლება.

პურის მოსალოდნელ გაძვირებას ადასტურებენ პურპროდუქტების მწარმოებლებიც, რომელთა ინფორმაციით, საქართველოში ერთი ტომარა ფქვილის ფასი უკვე 7 ლარით გაიზარდა. ხორბლის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მწარმოებელმა - რუსეთმა - 31 დეკემბრამდე აკრძალა ექსპორტი.

სააგენტო ბლუმბერგის ცნობით, მოსკოვის ამ გადაწყვეტილების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ბუშელი ხორბლის 10 დოლარით გაძვირებას ელიან. გაეროს სასურსათო ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთსა და ხორბლის ექსპორტიორ რამდენიმე სხვა ქვეყანაში გვალვით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, ხორბლის მსოფლიო ბაზარი ამჟამად უფრო დაბალანსებულია, ვიდრე 2007-2008 წლების კრიზისის პერიოდში იყო.

გაეროს ექსპერტების ცნობით, მსოფლიოში ხორბლის საკმარისი მარაგი არსებობს.
XS
SM
MD
LG