Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 6 აგვისტო 2010


Georgia -- Georgian newspapers. undated
Georgia -- Georgian newspapers. undated
”ვინ არის დამნაშავე აგვისტოს ომის გამო?” – ეს ”რეზონანსის” ერთ-ერთი სათაურია. 2008 წლის ომის დაწყების თარიღის მოახლოებასთან ერთად მედია თემის გაშუქებას ააქტიურებს. ”რეზონანსის” კორესპონდენტი უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ირაკლი სესიაშვილს ეკითხება: ”ვინ არის პასუხისმგებელი აგვისტოს ომზე და მის შედეგებზე?”. რესპონდენტის პასუხი: ”საქართველოს პრეზიდენტი და ყველა ის პირი, რომელმაც თავი დაუკრა პრეზიდენტს და უთხრა, ჩვენ შეგვიძლია ცხინვალის პრობლემა ძალისმიერი გზით მოვაგვაროთო. პასუხისმგებელი არის მთელი ის პოლიტიკური სპექტრი, რომელმაც იცოდა, შეეძლო და არ შეაჩერა ხელისუფლება და პრეზიდენტი”, - ამბობს სესიაშვილი.

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ სტატიას, სათაურით - ”გველოდება თუ არა დაჭერების ახალი ტალღა და სოციალური პროტესტი?”. ავტორი წერს: ”ანზორ ქოქოლაძე ციხეშია, უნივერსიტეტის რექტორის, გია ხუბუას წინააღმდეგ კი ისეთი საინფორმაციო ტალღა ააგორეს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა ტელევიზიებმა, თანაც უნისონში, რომ ის, ალბათ, უნდა დაფიქრდეს, ღირს თუ არა საქართველოში ჩამოსვლა. როგორც შევიტყვეთ, ხუბუა ამჟამად გერმანიაში იმყოფება”, - წერს ”რეზონანსი”.

უნივერსიტეტის რექტორის შესახებ წერს ”ახალი თაობაც” – ”რა კომპრომატებს ამოუქექავენ გია ხუბუას?”. სტატია ასე სრულდება: ”როგორც კულუარებში საუბრობენ, უნივერსიტეტის რექტორის წინააღმდეგ არსებულ კომპრომატებს ისიც დაემატება, რომ ხუბუამ უნივერსიტეტში მოსვლის შემდგომ გზა გაუხსნა და შემოიკრიბა როგორც თავისი ახლო ნათესავები, ასევე მეუღლის პროტეჟეები.”

ამავე გაზეთში იბეჭდება ინტერვიუ ”ხალხის პარტიის” ლიდერ კობა დავითაშვილთან. ის ამბობს: ”მთავარი ის კი არ არის, რა მოთხოვნით იმართება საპროტესტო აქცია, მთავარი ის არის, ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული თუ არა. ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც სოციალური აქციები და იგივე გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული აქციები გაერთიანდა.”

დღევანდელ გაზეთებში შუქდება ორგანიზაცია ”ემნისტი ინტერნეიშენალის” მიერ დევნილების შესახებ 5 აგვისტოს წარმოდგენილი ანგარიშიც. ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი წერს: ”კარგია, თუკი მსგავს დასკვნებს ზეგავლენა ექნებათ მთავრობაზე. თუმცა ეს ზაფხული სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ დევნილთა კოლექტიურ ცენტრებს მიადგნენ და იქიდან ადამიანები ძალისმიერი გზით გამოაძევეს. მთავრობა ამას თავისებურად ხსნის, თითქოს საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს ფართების დაკანონების პროცესი, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ერთხელ თუ ორჯერ უკვე გადაიტანეს დევნილობის მძიმე ხვედრი, ახლა კვლავ ახალ დევნილობაში უწევთ ცხოვრება. სახლიდან გაგდების მუდმივი შიში კი დამღლელთან ერთად ამაზრზენია. ასე რომ, ანგარიშში ისევე მწვავედ უნდა დაეყენებინათ უჭერობის პრობლემა, როგორც სხვა დანარჩენი.”

”24 საათი” კალათბურთში საქართველოსა და ბელგიის გუნდების გუშინდელ თამაშზე წერს: ”ბოლო წუთებზე კლასიკური ცრუ ინტრიგა დაიდგა. ოდნავ ვქაჩავთ, ბელგია საჯარიმოებს გვიგდებს, ისევ ვაგდებთ, მერე ჩასაგდებსაც ვეღარ ვაგდებთ და ვაგებთ. პოლონეთის გაღადავების მერე ცოტა უხერხულია ბელგიასთან 10 ქულით წაგება, მაგრამ უფრო უხერხული იქნება, თუ ამ ნაკრებით მინიმუმ მეორე ადგილზე ვერ გავალთ.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG