Accessibility links

logo-print

არბანა ვიდიშიჩი: კოსოვოს მიმსგავსება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან არასწორია


არბანა ვიდიშიჩი, რადიო თავისუფლების პრიშტინის ბიუროს ხელმძღვანელი

არბანა ვიდიშიჩი, რადიო თავისუფლების პრიშტინის ბიუროს ხელმძღვანელი

ორ კვირაზე მეტი გავიდა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოცხადებული დადგენილებიდან, რომლის თანახმადაც, კოსოვოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი სერბიისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადებით. ბევრი მოელოდა, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება კოსოვოს დამოუკიდებლობის მომხრეთა რიცხვს კიდევ უფრო გაზრდიდა და კოსოვოელებიც უფრო უსაფრთხოდ და ბედნიერად იგრძნობდნენ თავს. კოსოვოში მიმდინარე მოვლენებსა და კოსოვოს პრეცედენტის ირგვლივ საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარა რადიო თავისუფლების პრიშტინის ბიუროს ხელმძღვანელი არბანა ვიდიშიჩმა, რომელიც ფიქრობს, რომ კოსოვოს საქართველოსთან უფრო აქვს საერთო, ვიდრე თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან.

არბანა ვიდიშიჩი კოსოვოში ცხოვრობს, მაგრამ იმისათვის, რომ პრაღაში ჩამოსულიყო, მას რთული სავიზო პროცედურის გავლა დასჭირდა. შედარებისათვის: სერბიის მოქალაქეები ევროკავშირში გადაადგილებისას შეღავათიანი სავიზო რეჟიმით სარგებლობენ. არბანა მიხსნის, რომ ყველაფერს ართულებს ევროკავშირში შემავალი ხუთი სახელმწიფოს - სლოვაკეთის, ესპანეთის, საბერძნეთის, რუმინეთისა და კიპროსის - მიდგომა, სახელმწიფოებისა, რომლებიც არ აღიარებენ კოსოვოს დამოუკიდებლობას. არბანა ვიდიშიჩი ამბობს, რომ ასეთი მიდგომის გამო კოსოვოელი ალბანელები და ლოიალურად განწყობილი სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები საკმაოდ გაბრაზებულები არიან, თუმცა ჩემი თანამოსაუბრე დარწმუნებულია, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაზრდის კოსოვოს დამოუკიდებლობის მომხრეთა რიგებს.:

„ცხადია, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივ დონეზეც ამტკიცებს კოსოვოს დამოუკიდებლობას. როგორც თქვენ იცით, კოსოვო უკვე აღიარა 69 ქვეყანამ, თუმცა ეს პროცესი ერთგვარად გაიყინა სწორედ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. ბევრი ქვეყანა, რომელიც ყოყმანობდა იმის შიშით, რომ კოსოვოს აღიარებით საერთაშორისო სამართლის წესებს დაარღვევდა, სასამართლოს ვერდიქტს ელოდა. ახლა კი ველოდებით, რომ მათი რაოდენობა გაიზრდება და კოსოვოს აღიარების პროცესი უკვე ღიაა ყველა დანარჩენი ქვეყნისათვის, რადგან ამას უკვე საერთაშორისო მხარდაჭერაც აქვს სასამართლოს ამ ვერდიქტით.“

კოსოვომ სერბიისაგან დამოუკიდებლობა 2008 წლის თებერვალში გამოაცხადა და, როგორც ზემოთ ითქვა, მას შემდეგ კოსოვო მსოფლიოს 69 ქვეყანამ, მათ შორის, დიდმა და გავლენიანმა ქვეყნებმა ცნეს. თუმცა აღიარების პროცესს წინ უძღოდა მრავალწლიანი სისხლისმღვრელი ომი კოსოვოში, შემდეგ ნატოს მრავალეროვნული სამხედრო ოპერაცია, რომელშიც 8 წლის განმავლობაში მონაწილეობდა ქართული ასეულიც კოსოვოში. ქართველი სამხედროები ქალაქ პრეზრენთან ახლოს - თურქებით დასახლებულ სოფელ მამუშში - ასრულებდნენ მისიას. ჟურნალისტური მისიით მე ორჯერ მომიხდა პრეზრენშიც და პრიშტინაშიც ჩასვლა 1999-2000 წლებში. იმხანად კოსოვო დანგრეული და გაპარტახებული იყო. როგორია ვითარება კოსოვოში ამჟამად, როგორ თანაცხოვრობენ სერბები და კოსოვოელი ალბანელები უპირატესად სერბებით დასახლებულ მიტროვიცაში? - ვეკითხები ჩემს ალბანელ კოლეგას არბანა ვიდიშიჩს:

„კოსოვო ძალიან შეიცვალა 1999 წლიდან მოყოლებული [როცა კოსოვოში ნატოს ოპერაცია KFOR დაიწყო]. იქ ძალიან მცირე საერთაშორისო კონტინგენტი დარჩა. კოსოვო მთლიანად აღდგენილია და ქუჩებში აღარ დარჩა ომის კვალი. თუმცა ვითარება ჩრდილოეთში [მიტროვიცაში] არ შეცვლილა. აბსოლუტურად არ შეცვლილა. რაც შეეხება სამხრეთ კოსოვოს, იქ შარშან ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები და მასში ასევე მონაწილეობდნენ სერბები. თქვენ პრიშტინას ქუჩებში შეგიძლიათ ყური მოჰკრათ ხმამაღლა საუბარს ყველა უმცირესობის - სერბების, გორანისა (ბოსნიურად მოლაპარაკე უმცირესობა) და თურქების - ენებზე. სოციალურ დონეზე ვითარება ნორმალურ კალაპოტში დგება. გახსოვთ, რომ არსებობს ახტისაარის გეგმა, რომლის საფუძველზეც ჩვენ ორწელიწად-ნახევრის წინ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ. ამ გეგმის თანახმად, ეროვნულ უმცირესობებს მიეცათ შესაძლებლობა ჩაერთონ კოსოვოს აღმშენებლობაში. კოსოვოს მთავრობაში ორი სერბი მინისტრი და რამდენიმე მინისტრის მოადგილე გვყავს. სერბები მუშაობენ კოსოვოს პოლიციაში. ისინი ნელ-ნელა, მაგრამ ინტეგრირდებიან სტრუქტურებში.“

2008 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც, ახტისაარის გეგმის თანახმად, კოსოვოს აღიარების პროცესი დაიწყო, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს გახდებოდა პრეცედენტი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შემთხვევაში. გავრცელებულია აზრი, რომ რუსეთს, რომელიც სერბიის ისტორიული მოკავშირეა, სწორედ კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ გაუხსნა ხელ-ფეხი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რომლებიც ხანგრძლივი პროვოკაციებისა და, ბოლოს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო. კოსოვოს შედარებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან აბსოლუტურად უმართებულოს უწოდებს არბანა ვიდიშიჩი, რადიო თავისუფლების კოსოვოს ბიუროს უფროსი:

„თქვენ საუბრობდით მსგავსებაზე კოსოვოსა და სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. მაგრამ კოსოვოში ასეთ შედარებას არ აკეთებენ. ჩვენ კოსოვოს ვადარებთ საქართველოს და არა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. კოსოვოელები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ადარებენ ჩრდილოეთ კოსოვოს, მიტროვიცას. როგორც საქართველომ რუსეთისაგან გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ასევე გამოაცხადა კოსოვომაც სერბიისაგან დამოუკიდებლობა. ჩვენ პრობლემა გვაქვს პროვინციასთან, ჩრდილოეთ კოსოვოსთან.“

სერბია მიტროვიცაში სიტუაციის დესტაბილიზაციითაა დაინტერესებული, ისევე როგორც რუსეთი ცდილობდა გაეღვივებინა კონფლიქტი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, - ამბობს ჩემი კოლეგა არბანა ვიდიშიჩი. 22 ივლისს, როდესაც გაეროს საერთაშორისო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა, სერბიის მოკავშირე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, მოსკოვი თავის პოზიციას არ ცვლის და საკითხი მხოლოდ ორ მხარეს, ანუ სერბიასა და კოსოვოს შორის შეთანხმებით უნდა მოგვარდესო. გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათი აქვს, კოსოვოს შემდგომი აღიარების თვალსაზრისით, რაიმე ახალი შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია.
XS
SM
MD
LG