Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის მეორე წლისთავი გორში


გორის ცენტრალური მოედანი რუსეთის არმიის იერიშის შემდეგ. 2008 წლის აგვისტო.
გორის ცენტრალური მოედანი რუსეთის არმიის იერიშის შემდეგ. 2008 წლის აგვისტო.
ომის ორი წლისთავი გორში

ქემერტელი ნოდარ კასრაძისთვის ომი 7 აგვისტომდე უფრო ადრე დაიწყო. მას დეტალურად ახსოვს ორი წლის წინანდელი 5 აგვისტოს დილა, როცა შემაღლებული საბრძოლო პოზიციებიდან ქართულ სოფელს ცეცხლი გაუხსნეს რუსულმა და ოსურმა შეიარაღებულმა დანაყოფებმა.

კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავება 2008 წლის ივლისის ბოლოს დაიწყო. თითქმის ყოველდღე იბომბებოდა დიდი და პატარა ლიახვის, ასევე ფრონეს ხეობის ქართული სოფლები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ორი სოფელი - ნული და ავნევი. აგვისტოს დასაწყისში კოკოითის ხელისუფლებამ ცხინვალიდან ქალების და ბავშვების ევაკუაცია დაიწყო. ამის პარალელურად თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსეთის საზღვრის გავლით ჩრდილო კავკასიელი დაქირავებული მეომრები შედიოდნენ. რადიო თავისუფლების არქივში მოიპოვება ედუარდ კოკოითის მიერ 2008 წლის 6 აგვისტოს გაკეთებული განცხადება, რომელშიც დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი თავად საუბრობს ცხინვალში ჩრდილო კავკასიელი მებრძოლების შესვლის თაობაზე.

დაქირავებულმა მებრძოლებმა ოსურ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან ერთად ქართულ სოფლებზე შეტევა უფრო ინტენსიური გახადეს. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ცხინვალზე შეტევა 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით დაიწყეს. 8-ში დილით ქართული არმია უკვე ცხინვალში იმყოფებოდა. ამავე დღეს რუსული მოიერიშეები საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოიჭრნენ და ქართული სოფლების და ქალაქების დაბომბვა დაიწყეს. გორისთვის ყველაზე მძიმე 9 აგვისტო იყო, როცა რუსეთის ბომბდამშენებმა ქალაქში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს. დაიღუპა და დაიჭრა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 12 აგვისტოს გორის ცენტრი კასეტური ბომბებით დაიბომბა. აქაც დიდი იყო მსხვერპლი. ამის შემდეგ ქართულ სოფლებში და გორში ჯერ მაროდიორები შემოვიდნენ, რომლებმაც სახლები გაძარცვეს და გადაწვეს. მათ შემოჰყვა რუსეთის 58-ე არმიაც, რომელიც გორში 22 აგვისტომდე დარჩა. ამ პერიოდში კოკოითის ხელისუფლებას მძევლად ჰყავდა აყვანილი ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებსაც სამხედრო ტყვეებში ცვლიდა.

დღეს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების მშობლები ვერხვების დევნილთა დასახლებაში შეიკრიბნენ და ხელისუფლებასთან ერთად გმირთა ხეივანში მარადმწვანე მცენარეები დარგეს. კახა ხუბულური დედას ჯარში გაეპარა. ცხინვალში ტყვედ ჩავარდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მის სახელზე ერთი ხე დედამ იზოლდა ხუბულურმაც დარგო.

შვილმკვდარი დედები დღეს ხელისუფლებას მათი ოჯახების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებდნენ.

შიდა ქართლის გუბერნატორის, ზურაბ არსოშვილის განცხადებით, ეს ხეივანი არა მარტო გმირების უკვდავსაყოფად, არამედ სიცოცხლის გაგრძელების სიმბოლოდ შენდება.

აგვისტოს ომის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 146 სამხედრო პირი და 14 პოლიციელი. დაკარგულად მიიჩნევა 8 ჯარისკაცი. სახლები დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა. მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 26 ათასი ადამიანი. დევნილები ხელისუფლებას საცხოვრებელი პირობებისა და უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას სთხოვენ, თითოეული მათგანი კი სახლში დაბრუნების იმედით ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG