Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აღნიშნეს ომის დაწყებიდან ორი წელი თბილისში


რუსეთის სამხედრო კოლონა ერგნეთთან. 2008 წლის აგვისტო.
რუსეთის სამხედრო კოლონა ერგნეთთან. 2008 წლის აგვისტო.
2008 წლის რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიაგეს პატივი. მემორიალური დაფები გაიხსნა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. 7 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო გვირგვინებით შეამკეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და თბილისის მერმა, რომლებმაც მანამდე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული კაპიტნის, ერეკლე ყულოშვილის სახელობის ხეივანში მემორიალური სტელა გახსნეს.

საქართველოში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების წლისთავისათვის სამზადისი თითქმის ერთი კვირით ადრე დაიწყო. პრეზიდენტმა და პატრიარქმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში მოინახულეს. 7 აგვისტოს კი საქართველოს უახლოესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს გამოეხმაურა თითქმის ყველა სახელმწიფო უწყება. დაღუპულთათვის მწუხრის ლოცვები აღავლინეს და პანაშვიდი გადაიხადეს საქართველოში მოქმედ ეკლესიებში. მუხათგვერდის სასაფლაოზე მდებარე ეკლესიაში გადახდილ პანაშვიდს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაიაც დაესწრო.

„მინდა ქედი მოვიხარო ომში დაღუპული ბიჭების ხსოვნის წინაშე. ჩვენთვის განსაკუთრებული სტიმულია მათი საქმის გაგრძელება. ქართული სახელმწიფო და მისი შეიარაღებული ძალები გააკეთებენ ყველაფერს, რომ მათი ხსოვნა არ იყოს დავიწყებული“, განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

7 აგვისტოს, პანაშვიდის გადახდის გარდა, ომში დაღუპულ ჯარისკაცებს მხედრული პატივიც მიაგეს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის სამინისტროს ორკესტრმა სამგლოვიარო მარშის შემდეგ საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულა.

სამგლოვიარო ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა თბილისის მერი გიგი უგულავაც, რომელმაც მანამდე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, მეოთხე ქვეითი ბრიგადის არტილერიის მეთაურის, კაპიტან ერეკლე ყულოშვილის მემორიალური ობელისკი გახსნა.

„მტერს, რომელიც ასე მუხანათურად დაგვესხა თავს და რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, არ გავახარებთ, თუკი განვაგრძობთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, განაცხადა თბილისის მერმა.
დღის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების ორი წლისთავის მოახლოებას სხვადასხვა ფორმით საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე გამოეხმაურნენ, თუმცა ყველა ამ ღონისძიებამ ორი წლისწინანდელი მოვლენების მთავარი მონაწილის - საქართველოს პრეზიდენტის -გარეშე ჩაიარა. საქმე ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ბოგოტაში კოლუმბიის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იმყოფება, თუმცა, თარიღის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქვეყნის პირველმა პირმა საჭიროდ ჩათვალა საზოგადოებისათვის ოკეანისგაღმიდან მიემართა. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის აგრესია 2008 წელს არ დაწყებულა და რომ 2008 წელს არც საქართველოს დაუსრულებია ბრძოლა.

მიხეილ სააკაშვილისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ოპოზიციის ერთ ნაწილში მიიჩნევენ, რომ ორი წლის წინანდელ ტრაგიკულ მოვლენებს მხოლოდ ერთი შემოქმედი არ ჰყავს და რომ საქართველოს ხელისუფლება, დაშვებული შეცდომების წყალობით, ჩათრეული აღმოჩნდა სამხედრო ავანტიურაში, რომელმაც ქვეყნის არსებობასა და განვითარებას საფრთხე შეუქმნა. რესპუბლიკური პარტიის წევრი თინათინ ხიდაშელი კი ხელისუფლებას მაღალფარდოვანი განცხადებების კეთების გამო უსაყვედურებს. თბილისი საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი მიიჩნევს, რომ გულში მჯიღის ცემით საქართველო მეტად დაცული ვერ იქნება:

„რეალურად უნდა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს. უნდა ვაკეთოთ საქმე იმისთვის, რომ არასოდეს ამ ქვეყანაში ადამიანებს სახლებიდან არ ერეკებოდნენ და ადამიანები აღარ იღუპებოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG