Accessibility links

აგვისტოს ომი და საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორი წელიწადი


მარჯვნიდან: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - კონდოლიზა რაისი, დევიდ მილიბენდი, ბერნარ კუშნერი და ალექსანდერ სტუბი - ნატოს შტაბბინაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ შეხვედრაზე. 2008 წ. 19 აგვისტო

მარჯვნიდან: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - კონდოლიზა რაისი, დევიდ მილიბენდი, ბერნარ კუშნერი და ალექსანდერ სტუბი - ნატოს შტაბბინაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ შეხვედრაზე. 2008 წ. 19 აგვისტო

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის პირველმა რამდენიმე დღემ, ძირითადად, სიტყვიერი განცხადებების თანხლებით ჩაიარა. თუმცა მსოფლიო ლიდერების შეშფოთების გამომხატველ ფრაზებს მალე გარკვეული კონკრეტული ნაბიჯებიც მოჰყვა. მართალია, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით დადებული 6-პუნქტიანი შეთანხმების შემდეგად, მოსკოვის სისხლიანი აგრესია თანდათან შეჩერდა, მაგრამ კრემლმა მას შემდეგ სრულიად ”ახალ რეალობაზე” დაიწყო ლაპარაკი. რამდენად ადეკვატურად დაუპირისპირდა საერთაშორისო თანამეგობრობა კრემლის აგრესიულ ქმედებებს და როგორ გამოიყურება საქართველოს საგარეო პოლიტიკა ომიდან ორი წლის შემდეგ?

შეიძლება ითქვას, რომ ომისშემდგომ 2-წლიან პერიოდს მთავარ ლაიტმოტივად 2008 წლის აგვისტოში გაფორმებული 6-პუნქტიანი შეთანხმების თემა გასდევს. გავიხსენოთ, რომ იმხანად ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით გაფორმებული 6-პუნქტიანი შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის, სამხედრო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი მიწოდების უზრუნველყოფის გარდა, ითვალისწინებს საქართველოსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნებასა და 7 აგვისტოს სტატუს-კვოს აღდგენას.

მოსკოვთან უკვე შეთანხმებული დოკუმენტის პროექტი ნიკოლა სარკოზიმ თბილისში 12 აგვისტოს ჩამოიტანა და საგანგებო ბრიფინგზე საგანგებოდ გაუსვა ხაზი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას:
”სავსებით ნორმალურია, რომ რუსეთს სურს დაიცვას თავისი ინტერესები და რუსების ინტერესები რუსეთის შიგნით, ისევე როგორც რუსულენოვანებისა რუსეთს გარეთ... და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ - ვგულისხმობ საერთაშორისო თანამეგობრობას - გვსურს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენობისა და დამოუკიდებლობის გარანტირება.”
ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას კვლავინდებურად განაგრძობს, თუმცა მისი მეთვალყურეები, რუსეთის წინააღმდეგობის გამო, ჯერ ისევ ვერ შედიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროკავშირის მეთვალყურეთა დაახლოებით 300-კაციანი უპრეცედენტო მისია მუშაობას 2008 წლის 1 ოქტომბერს შეუდგა და იმ დროს საერთაშორისო თანამეგობრობას ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ რუსეთის არმია, სულ ცოტა, ახალგორის რაიონიდან მაინც გავიდოდა. თუმცა ეს დღემდე არ მომხდარა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები კრემლმა დამოუკიდებელ ქვეყნებად 2008 წლის 26 აგვისტოს გამოაცხადა და ამ საქმეში მას დღემდე მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ მიბაძეს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონები თბილისმა ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა და ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის 12 აგვისტოს თავად აუწყა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ათობით ათას ადამიანს. მიუხედავად ამისა, ამ ორი წლის მანძილზე რუსეთის ქმედებების მისამართით ტერმინი ”ოკუპირებული” ჯერჯერობით მხოლოდ ვაშინგტონის ოფიციალურ განცხადებებში გამოჩნდა და ისიც პირველად სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ.

ამასობაში, მოსკოვმა მოახერხა და მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები პრაქტიკულად საერთაშორისო თანამეგობრობის კონტროლის გარეშე დატოვა. მოსკოვის მიერ ვეტოს გამოყენებით, 2009 წელს ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა ეუთოსა და გაეროს მისიები საქართველოში.

ეუთო და გაერო ამ ეტაპზე მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში არიან ჩართული და ევროკავშირთან ერთად საერთაშორისო მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობენ. ამავე სისტემის ნაწილია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების პრაქტიკა. თუმცა, აფხაზურისგან განსხვავებით, ოსურმა მხარემ უკვე რამდენიმე თვეა ბოიკოტი გამოუცხადა მსგავს შეხვედრებს.

თანდათან სულ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თავად ჟენევის მოლაპარაკებების პროცესიც. ამ ორი წლის მანძილზე გამართულ 12 რაუნდს პრაქტიკულად არანაირი შედეგი არ მოუტანია. აშკარაა, რომ კრემლის გეგმით მოქმედი ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლები ჟენევაში მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის ახალი შეთანხმების თბილისთან გაფორმების მოთხოვნით ჩადიან. თბილისი კი წინააღმდეგია და მის უცვლელ პოზიციას მტკიცედ უჭერს მხარს ვაშინგტონიც. 2010 წლის 5 ივლისს, როდესაც თბილისს სტუმრობდა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, შეიძლება ითქვას, სიტყვასიტყვით გაიმეორა თბილისის პოზიცია: რომ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება ისედაც დევს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებაში და რომ ახალი დოკუმენტის მიღება ”აუცილებელი არ არის”. ამ პოზიციის გადახედვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი:

”შეერთებული შტატები თვლის, რომ სხვა ასეთი შეთანხმება შესაძლოა პოზიტიური იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი იქნება მისი ნაწილი, დოკუმენტში ყველა მხარის ინტერესები იქნება ასახული, შემოგვთავაზებს განხორციელების მექანიზმებს და თავს აარიდებს სტატუსის საკითხების პოლიტიზებას.”

ჰილარი კლინტონის თბილისში ვიზიტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმ ეჭვების გაფანტვას, რომლებიც ობამას ადმინისტრაციისა და მოსკოვის ურთიერთობათა დათბობის პოლიტიკის შედეგად წარმოიშვა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა 5 ივლისს რამდენჯერმე სხვადასხვანაირად განმარტა, რომ რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკა არავითარ შემთხვევაში არ განხორციელდება პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის - საქართველოს ინტერესების ხარჯზე და რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება.

გადატვირთვის პოლიტიკა იმ დღეს, თავის მხრივ, პრეზიდენტმა სააკაშვილმაც ახსენა და არ დამალა, რომ ვაშინგტონის ამ ინიციატივამ საქართველოში საწყის ეტაპზე არაერთი შეკითხვა თუ გარკვეული მღელვარება გამოიწვია, თუმცა ხაზგასმით ითქვა ისიც, რომ ამ ეტაპზე თბილისი იმედით უყურებს იმავე გადატვირთვის პოლიტიკას და მას რუსეთის ”გახსნისა და მოდერნიზების” პერსპექტივად აღიქვამს.

რუსეთის სასიკეთოდ გარდაქმნის იმედი და მოსკოვთან დაახლოების სურვილი აგვისტოს ომის შემდეგ ასევე გამოავლინეს ევროკავშირმა და ნატომ, რომელთა მხრიდანაც საქართველოში თავდაპირველად უფრო მეტ სიმკაცრეს მოელოდნენ. ომგამოვლილ საქართველოში ბევრს გულწრფელად სჯეროდა, რომ ეს ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციები 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი აგრესიის გამო რუსეთს დაუსჯელად არ დატოვებდნენ.

თავიდან ევროკავშირმა და ნატომ გარკვეული შეზღუდვები მართლაც დააწესეს რუსეთთან ურთიერთობაში, მაგრამ შემდეგ ეს უმნიშვნელო შეზღუდვებიც მოიხსნა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საფრანგეთი რუსეთს მისტრალის ტიპის რამდენიმე სამხედრო ხომალდის მიყიდვაზეც კი გაურიგდა. ნატო და ევროკავშირი გამოთქვამენ იმედს, რომ ამ ულტრათანამედროვე სამხედრო ტექნიკას რუსეთი მეზობლების და, მათ შორის, საქართველოს, წინააღმდეგ არ გამოიყენებს. სინამდვილეში, კრემლს ასეთი პირობა არ დაუდვია... მას, უბრალოდ, სჯერა, რომ საქართველოს მისტრალის გარეშეც მოერევა.

ომიდან ორი წლის შემდეგ საქართველოს უსაფრთხოების საკითხი გარანტირებული ჯერ ისევ არ არის. თუმცა ქვეყანაში თანდათან აშკარად შენელდა ნატოს თეორიულად ღია, მაგრამ პრაქტიკულად დახურულ კარში შესვლაზე, როგორც რეალობაზე, ლაპარაკი. ბევრი ანალიტიკოსისთვის დღესავით ნათელია, რომ, მუდმივად საწინააღმდეგოს მტკიცების მიუხედავად, ალიანსი საქართველოსთან კიდევ უფრო დაახლოებას რუსეთის გაღიზიანების გამო ერიდება. მიუხედავად ამისა, საქართველო თანდათან თითქოს სულ უფრო უხმაუროდ, მაგრამ მაინც განაგრძობს ნატო-საქართველოს (აგვისტოს ომის შემდეგ საგანგებოდ ამოქმედებული) კომისიის ფარგლებში მუშაობასა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმებით ხელმძღვანელობას. ამასთან, მას აქვს ამბიცია, რომ იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც ნატოს ავღანეთის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი. საქართველოს სათვალავზე ამჟამად ავღანეთში დაახლოებით 950 ჯარისკაცი მოდის, თუმცა პრეზიდენტი სააკაშვილი პროცესში კიდევ უფრო მეტი ჩართულობის აუცილებლობაზეც ლაპარაკობს.

28 ივლისს თავდაცვის სამინისტროს სტუმრობისას გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა წარმოადგენს უზარმაზარ სკოლას ქართველი სამხედროებისთვის და ეს პირდაპირ უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების საკითხს:

"2008 წელმა მთელ მსოფლიოს ნათლად დაანახვა, რომ არანაირი 100%-იანი პოლიტიკური შემაკავებელი არ არსებობს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ტოტალური თავდაცვა, ამიტომ ჩვენ გვჭირდება გამოცდილება.”

პრაქტიკულად საკუთარი თავის იმედად მყოფ საქართველოში ახლა, აშკარაა, ნატოზე უფრო ხშირად ევროკავშირთან დაახლოებაზე ლაპარაკობენ. უკვე გარკვეული შედეგი გამოიღო ევროგაერთიანების მიერ აგვისტოს ომის შემდეგ ამოქმედებულმა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამამ. 2010 წლის 17 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივებასთან დაკავშირებით, ხოლო 15 ივლისს ბათუმში გახსნილად გამოცხადდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ამ დღისთვის საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კეტრინ ეშტონი. ეშტონმა, ევროკავშირის სახელით, კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო მოსკოვს კვლავაც შეახსენა 6-პუნქტიანი შეთანხმება:

”ჩვენ კვლავაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკას. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ რუსეთისთვის იმის შეხსენებას, რომ 6-პუნქტიანი შეთანხმების პირობები ჯერ კიდევ არ არის შესრულებული. გულითადად მივესალმებით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას, რომ კონფლიქტები მშვიდობიანად, დიპლომატიური გზებით მოაგვაროს. ამჟამად ჩვენ ვამხნევებთ საქართველოს - შეასრულოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმა. ”

კეტრინ ეშტონის მიერ ნახსენები სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან კავშირში ნდობის აღდგენასა და მეტ ჩართულობას გულისხმობს. თუმცა თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერები დაახლოების მცდელობას დაგვიანებულად მიიჩნევენ და დოკუმენტს პრაქტიკულად წაუკითხავად იწუნებენ.

თუკი ერთი შეხედვით შევაფასებთ, აგვისტოს ომის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ. ფაქტია, რომ ბაზების მშენებელი რუსეთის არმია კიდევ უფრო მომაგრდა და გაფართოვდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დევნილების დაბრუნებაზე არც კი ფიქრობს და სრულ იგნორირებას უკეთებს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებს, მათ შორის - ევროსაბჭოს მიერ ამ ორ წელიწადში მიღებული უკვე სამი რეზოლუციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ეს მოთხოვნები ისევ და ისევ 2008 წლის აგვისტოში გაფორმებული 6-პუნქტიანი შეთანხმების რუსეთის მიერ შესრულების მთავარ მოთხოვნას ეყრდნობა. მიუხედავად ამისა, რუსეთის მორჯულების იმედით აღვსილი საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს მოთმინებასა და პარალელურად დემოკრატიულ თუ ეკონომიკურ განვითარებას ურჩევს. გამოსავალი ერთია: საჭიროა, რომ დარჩენილი საქართველო უფრო მიმზიდველი გახდეს ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის, რათა მათ ძველებურად ერთად ცხოვრება მოინდომონ.
XS
SM
MD
LG