Accessibility links

logo-print

რუსეთის ოპოზიციონერებმა გორიდან მოუწოდეს კრემლს საქართველოს ტეროტორიების დეოკუპაციისკენ


გორში, ცოცხალ ჯაჭვში, ძირითადად სკოლების მოსწავლეები და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები იდგნენ

გორში, ცოცხალ ჯაჭვში, ძირითადად სკოლების მოსწავლეები და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები იდგნენ

გორელ ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კვირას რუსეთის ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმაც გააპროტესტეს. ჟურნალისტ ოლეგ პანფილოვის ინიციატივით რუსეთის გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის წევრებმა გორის ცენტრალურ მოედანზე მიტინგი გამართეს და საქართველოს მოქალაქეებს სოლოდარობა გამოუცხადეს. რეჟისორ ანდრეი ნეკრასოვის აზრით, ქართველებს და რუსებს დიდი მეგობრობა აერთიანებთ, რომელსაც პუტინის რეჟიმი ვერაფერს დააკლებს.

მოედანზე რუსმა ახალგაზრდებმა გაშალეს ტრანსპარანტები წარწერით „რუსეთი პუტინის გარეშე“. სამოქალაქო ფრონტის აქტივისტის, დმიტრი გეორგიევსკის აზრით, არსებობს სხვა რუსეთი, რომელიც კრემლის პოლიტიკას ეწინააღმდეგება და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ამის გამო იჭერენ და კლავენ.

პროფესორ ანდრეი პიონტკოვსკის აზრით, რუსეთმა ორი წლის წინ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, ჩაიდინა რა აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისი თქმით, ქართველი ხალხი არა მარტო საკუთარი, არამედ რუსეთის თავისუფლებისთვისაც იბრძვის.

მოსკოვიდან ჩამოსულმა სტუმრებმა რუსეთის ოფიციალურ ხელისუფლებას გორიდან მოუწოდეს ოკუპირებული ტეროტორიებიდან ჯარების გაყვანა. შემდეგ მათ გადაინაცვლეს გორის ციხესთან, სადაც გორელებთან ერთად ცოცხალ ჯაჭვში ჩადგნენ.

გორის ციხესთან მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც, რომელმაც გუბერნატორთან და გორი-სამთავისის მიტროპოლიტ ანდრიასთან ერთად გვირგვინებით შეამკო ქართველ მებრძოლთა მემორიალი.

კვირასვე მეუფე ანდრიამ, როგორც სოხუმიდან დევნილმა, ხელი მოაწერა ქართველ დევნილთა მიმართვას მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი. დევნილები დახმარებას ითხოვენ და მშვიდობის სურვილს გამოთქვამენ.

ცოცხალ ჯაჭვში კვირას ძირითადად სკოლების მოსწავლეები და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები იდგნენ. როგორც ჩანს, მათი გამოყვანა დავალებით მოხდა.

8 აგვისტოს, ომის მეორე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გორის ციხიდან მტრედების გაშვებით დასრულდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG