Accessibility links

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის ორი წლის თავზე, საზოგადოება, ექსპერტები და პოლიტიკოსები ცდილობენ შეაფასონ, რა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს საქართველოს დღევანდელ საშინაო პოლიტიკულ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომს შორის. რა მოვნელების განვითარებას შეუწყო ან, პირიქით, შეუშალა ხელი ომმა. როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ქვეყანა, რომ არა ომი.

ხშირად გაიგონებთ, ”ეს რომ არ მომხდარიყო, ის არ იქნებოდა”. 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ- საქართვლოს ომი მოხდა. რა პოლიტიკური პროცესები განაპირობა, ან რა შიდა პოლიტიკური პროცესები დაძრა ამ ფაქტმა და როგორია დღევანდელი ქართული პოლიტიკური სურათი? როგორ აიხსნება ომის შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და რა კავშირები არსებობს მათ შორის, თუნდაც ირიბი?

პირველი: საქართველოში მომხდარ ომს დაემთხვა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, რომ მსოფლიო კრიზისმა პარადოქსულად, მაგრამ გადაარჩინა საქართველო. ქვეყნიდან დესტაბილიზაციით შეშინებული ინვესტორების წასვლის დამაბალანსებელი აღმოჩნდა ის პირველი მატერიალური დახმრება, რომლის გამოყოფაც 2008 წლის ოქტომბერში ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე გადაწყდა და რის შედეგადაც საქართველომ, როგორც ომით დაზარალებულმა ქვეყანამ, 4,55 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო. ეს დახმარება, პოლიტოლოგ რაზას საყვარელიძის აზრით, დასავლეთის მხრიდან არა პარტნიორული, არამედ სიბრალულით ნაკარნახევი ქცევა იყო.

”რომ არა დასავლეთის შეცოდება, ეს არ არის პარტნიორობა, სხვას ვერაფერს ვერ უწოდებ, უბრალოდ, როგორც დაჩაგრული ქვეყანა შეგიცოდეს და მოგცეს გამოწვდილ ხელში ხურდა, რომ არა ასეთი დამოკიდებულება, გაცილებით უარეს დღეში ვიქნებიდით”.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ კრიზისს გადაურჩა, 4-თვიანი შიდა პოლიტიკური დაძაბულობა ხელისუფლებამ მაინც ვერ აირიდა. 2009 წლის 9 აპრილს პარლამენტის წინ დაიწყო და 22 ივლისამდე გაგრძელდა ე.წ საკნების აქცია, რომლის დევიზიც, ყოველ შემთხვევაში, თავდაპირველ ეპაზე, იყო ის, რომ ომში დამარცხებული ხელისუფლება უნდა გადადგეს. ოთხთვიანი პროტესტი ხელისუფლების მხრიდან ადგილოვბრივი არჩევნების დანიშვნის შეთავაზებით და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საქარველოში ვიზიტით დასრულდა.

პოლიტოლოგი გია ნოდია 2009 წლის აპრილში ოპოზიციის მხრიდან დაწყებულ აქციებს უკავშირებს არა იმდენად მცდელობას, რომ ხელისუფლებისთვის პოლიტიკური პასუხისმდებლობა დაეკისრებინა წაგებულ ომზე, არამედ 2008 წლის პირველ ნახევარში არჩევნებში დაკარგული პოზიციების აღდგენას:

”ომის შემდეგ ოპოზიციას მიეცა გარკვეული ახალი იმედები, ერთგვარად მან ჩათვალა, რომ დაეცა სააკაშვილის აქციები დასავლეთში ანუ დასავლეთი აღარ გაუწევს დახმარებას სააკაშვილს, განსხავავებით 2008 წლის პირველი ნახევრისა, და, შესაბამისად, მასობრივი საპროტესტო აქციებით შესაძლებელი იქნება სააკაშვილის გადაყენება. მაგრამ ეს ანგარიში არ გამართლდა”.

იმას, რომ ხელისუფლებამ არჩევნების შეთავაზებით მოახერხა ოპოზიციის გადართვა ქუჩის აქციებიდან პოლიტიკური ბრძოლის არენაზე, ექსპერტები აფასებენ, როგორც ხელისუფლების მეტად გააზრებულ საქციელს და ამასაც ომის გამოძახილს უკავშირებენ - ომამდე ხელისუფლება იყო უფრო ხისტი. მაგალითად, 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციების დარბევას და შემდგომში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ასახელებენ.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია ომს და ომამდე, 2007 წლის ნოემბერში მომხდარ ფაქტებს ერთ კონტექსტში განიხილავს და ერთგავარ იმედების დასასრულს უწოდებს. იმედებისა, რომლებიც ემყარებოდა რწმენას, რომ საქართველო ვარდების რევოლუციის შემდეგ სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა კონსოლიდირებული დემოკრატიისაკენ. რომ საქართველო მართლაც მალე შეიძლებოდა გამხდარიყო ევროპის სრულუფლებიანი სახელმწიფო:

”ჩემი აზრით, იმედების დასასრული ომი კი არ იყო, ეს მანამდე მოხდა, ომი ეს იყო საბოლოო წერტილი, მაგრამ პირველი პუნქტი აქ დასვა 2007 წლის ნოემბრის ამბებმა და ომი იყო ამის დასასრული, მე ამას ერთობლივად განვიხილავ, ნოემბრიდან აგვისტომდე პერიოდი ეს იყო პროცესი, როდესაც ჩვენ მივხვდით, რომ ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი”.

იმაზე, თუ რა შეცვალა ომმა ქვეყნისთვის და რა პოლიტიკური სურათი წარმოადგინა დღეს, პარლამენტის ევროინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი რადიო ”თავისუფლებას” უპასუხებს, რომ ომი ეს იყო შეუცვლელი აუცილებლობა, რომლის გარეშეც საქართველო, როგორც სუვერენული სახლმწიფო, აზრს კარგავდა, დღევანდელი საქართველო კი, მისი შეფასებით, არის ქვეყანა, რომელმაც ომს გაუძლო. ეს თავისთავად ბევრის მთქმელია:

”მთავარი მაინც ის არის, რომ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე საქართველო გადარჩა, გადარჩა 60 პროცენტის ფარგლებში, მაგრამ სართხე იყო, რომ 100 პროცენტით არ გადარჩენილიყო ის საქართველო, რომელიც ჩვენი შთამომავლებისთვის გვინდა, თავისუფალი და ღირსეული ცხოვრებისასთვის. აი, ეს საფრთხე იყო და ამას გაუძლო ქვეყანამ”.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი კი იმაზე საუბრობს, თუ რა ვერ შევცალა ომმა:

”კლიპებს იღებდნენ და ახლაც იღებენ ტერიტორია აფხაზეთზე. იმ კლიპებში არ არის და საერთოდ ქართველი ხალხის ცნობიერებაში არ არის აფხაზი ხალხი, როგორც ასეთი, ქართულ ცნობიერებაში არ არის ოსი ხალხი როგორც ასეთი. გამარტივებული დამოკიდებულებაა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, ჩვენი ოპოზიციის საკმაო ნაწილის და ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მხრიდან, რომ ჩვენ რუსეთი გვებრძოდა, რომ ჩვენ რუსეთთან დავმარცხდით და რომ ამ კონფლიქტებს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური შემადგენელი არ ჰქონია, ეს არის ხელისუფლების ხაზი და ეს არის მოსახლეობის უმრავლესობის ხაზი და ეს არის მთავარი ინტერექტუალური შეცდომა, რასაც ქართველი ხალხი უშვებს”.

თითქმის ყველა ექსპერტის აზრი ემთხვევა, რომ ომის გარეშე ქვეყნის პოლიტიკური პორტრეტი მხოლოდ იმ ნიშნით იქნებოდა განსხვავებული, რომ ნაკლები დევნილი იქნეოდა, რომ რუსეთს ექნოდა ისევ კონფლიქტების შუამავლის სტატუსი და რომ თითქმის 20-წლიანი უშედეგო მცდელობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა ისევ უშედეგოდ გაგრძელედობა. მაგრამ ეს ალბათ უფრო იმ ლიტერატუტული ჟანრის სფეროს განეკუთვნება, კონტრ ფაქტუალური ამბები რომ ჰქვია, რომლის ამოცანაც სწორედ ისეთი ამბების განხილვაა, თუ რა იქნებოდა მაშინ, ეს ფაქტი ასე რომ არ მომხდარიყო.
XS
SM
MD
LG