Accessibility links

logo-print

არშემდგარი ბლიც-კრიგის ანარეკლი


2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი

გორის ციხის შორიახლოს, სადაც 8 აგვისტოს ცოცხალი ჯაჭვის აქცია მოეწყო, ორი წლის წინ პირველად გაისმა საავიაციო ბომბის აფეთქების ხმა და ავარდა შავი კვამლი. ჩემი საათი მაშინ დილის ათის ნახევარს აჩვენებდა. კარგად მახსოვს, რადიო თავისუფლების დილის პროგრამისათვის სატელეფონო ჩართვა უნდა მომესწრო და ამიტომ მანქანით ე.წ. სამთავრობო პრესცენტრისკენ მივიჩქაროდი. გზაში სახელმწიფო რადიოთი პირდაპირ ეთერში ვისმენდით გორიდან თბილისის მერის, გიგი უგულავას, სპეციალურ მიმართვას, რომელშიც ქართული ჯარის წარმატებებზე იყო ლაპარაკი.

“იცით, რომ ამ დროისათვის ცხინვალის დაახლოებით 70 პროცენტი - მე ვგულისხმობ თვითონ ქალაქს და მის შემოგარენ სოფლებს - დაკავებულია ჩვენი ჯარების მიერ. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, პირველ რიგში, ქალების, ბავშვებისა და მოხუცების და ასევე მათი, ვინც ჩაბმულია საბრძოლო მოქმედებებში იქითა მხარეს. ამ მიზნით ჩვენ ერგნეთში ვაცხადებთ სპეციალურ პუნქტს და ვაცხადებთ კორიდორს.”

მაგრამ საფრთხის წინაშე ადგილობრივი მოსახლეობა, ქალები და მოხუცები უგულავას ამ განცხადებიდან რამდენიმე წამში საკუთრივ გორში აღმოჩნდნენ. ქალაქის პირველი დაბომბვის შედეგად 8 აგვისტოს, საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა, თუმცა რუსეთის ავიაციის ფსიქოლოგიურმა შეტევამ ძალიან შეაშინა და სასოწარკვეთაში ჩააგდო მოსახლეობა. გორის ბაზრობისა და ავტოსადგურის მიდამოებში სრული პანიკა სუფევდა.

“რა მოხდა, რა ამბავია?
“ბომბები ჩამოყარეს კარუსელის უკან და სკალდებთან. ელექტროფიკაციის დასახლებაა, მაგრამ ხალხი არ ცხოვრობდა.”
“საით მიდიხართ, ხალხო?”
“თბილისში.”

თბილისის სტუდიას ჩავერთე, ეს ამბები მოკლედ ვუამბე და სამთავრობო პრესცენტრისკენ გავეშურე გულდამძიმებული. ტანკები და სამხედრო სატვირთო მანქანები გორის ქუჩებში უწესრიგოდ მოძრაობდნენ. მოსახლეობა ქუჩებში იყო გამოფენილი და ცაში იყურებოდა. ჩემთვის ვფიქრობდი: ნეტა, რა ხდებოდა ცხინვალში მთელი ღამის საარტილერიო დაბომბვების დროს, თუკი ორმა საავიაციო დამომბვამ ასე დააფრთხო ადამიანები-მეთქი. გორში სამთავრობო პრესცენტრს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი გოკა გაბაშვილი ხელმძღვანელობდა. მას ვთხოვე, მოეცა ბოლო ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებათა მიმდინარეობის თაობაზე.

“ვთქვათ, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ ყველა სტრატეგიული სიმაღლე - როგორც აღმოსავლეთის მხრიდან, ისე დასავლეთის მხრიდან და ისე სამხრეთის მხრიდან - დაკავებულია ჩვენი პოზიციების მიერ. ჩრდილოეთის მხრიდან, იცით, რომ ისედაც ჩვენი პოზიციები იყო.”

რადიო თავისუფლება: “შეიძლება თუ არა, რომ დღეს ცხინვალში შევიდნენ ქართული შეიარაღებული ძალები?”

გოკა გაბაშვილი: “რა ვიცი, ბრძოლები მიმდინარეობს და არაფერი გამორიცხული არ არის.”

ცოტა ხანში ტელეკომპანია “აჭარის” გადამღებ ჯგუფთან ერთად ერგნეთისკენ წავედით, რათა ჩემი თვალით მენახა, რას ნიშნავდა ჰუმანიტარული დერეფანი და გამეგო, რა ხდებოდა ცხინვალში, რომელიც ერგნეთიდან სულ რაღაც 5 კილომეტრშია. სოფელ მეღვრეკისამდე დაუბრკოლებლად მივედით. გზაზე არანაირი პატრული და საკონტროლო-გამშვები პუნქტი არ არსებობს. აკრედიტაციას და ნებართვას ხომ ჯვარი სწერია - თავისუფლად შეგიძლია გადაუღო ვაშლის ბაღებში შენიღბულ ქართულ არტილერიას და ტანკებს, რასაც ე.წ. ლაივებში ხშირად აჩვენებდნენ რუსული თუ დასავლური ტელეკომპანიები. ნუთუ არაფერი შეცვლილა აფხაზეთის ომის შემდეგ და ომი თამაში გვგონია? ამ ფიქრებში მივუახლოვდი სოფელ მეღვრეკისთან განლაგებულ რუსეთის სამშვიდობო ჯარების პოსტს. იქვე, გზაგასაყარზე, რომელიც სოფელ ერგნეთისკენ მიდის, ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები იყვნენ შეკრებილი. მოვიკითხეთ ერთმანეთი, გავცვალეთ ინფორმაცია და შთაბეჭდილებები. ვიღაცამ ვიღაცას საგზალი და წყალი გაუნაწილა. საიდანღაც მათარაც გამოჩნდა, ჭაჭით, მაგრამ ეს ჟურნალისტური იდილია მალე დაირღვა. რამდენიმე წუთში ხელში ყველას ფოტო და ტელეკამერები გვეჭირა და ცას ვუღებდით. კავკასიონის ქედიდან ჯერ ერთი წყვილი სამხედრო თვითმფრინავი შემოფრინდა, შემდეგ – მეორე. ან „სუ-25-ები“ იყო, ან „სუ-24“. ძალიან დაბლა დაეშვნენ. ეს უტყუარი ნიშანი იყო, რომ ბომბდამშენები შეტევას იწყებდნენ. რამდენიმე კამერა იღებდა დაბომბვას, ზოგიერთი ტელეარხი – პირდაპირ ეთერშიც.

ჩვენ კი ვდგავართ და ერთმანეთში ვმარჩიელობთ. ჯერ კიდევ არ ვიცით ამ დაბომბვის ნამდვილი და შემზარავი შედეგი. სულ მალე ცხინვალის შესასვლელიდან ერთიმეორის მიყოლებით დაიწყეს გამოსვლა სამხედრონომრიანმა ჯიპებმა და სატვირთო მანქანებმა. ზოგიერთის ძარაზე მოჩანს საკაცეები, დასისხლიანებული ჯარისკაცებით. დაბომბვის ადგილისაკენ კი სანიტარული მანქანების კოლონა მიიწევს. ცოტა ხანში შავი ჯიპით თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი და გენერალური შტაბის უფროსი ზაზა გოგავა გამოჩნდნენ და ჟურნალისტებს გვითხრეს, უკან, გორში, წავსულიყავით. გზაში რადიო ჩავრთეთ. უკანასკნელ ამბებს გადმოსცემდნენ. დიქტორი იუწყებოდა, რომ ქართულმა არმიამ ცხინვალი გაათავისუფლა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG