Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 აგვისტო - ყველაზე ტრაგიკული დღე


9 აგვისტო, 2008 წელი
9 აგვისტო, 2008 წელი
ზუსტად ორი წლის წინ რუსეთის ავიაციამ გორის სატანკო ბატალიონის ბაზასთან ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსები დაბომბა. სუხიშვილის ქუჩის მე-4 კორპუსი ცეცხლის ალში იყო გახვეული. ექიმები დაჭრილებისა და დაღუპულების გაყვანას ვერ ასწრებდნენ. 2008 წლის 9 აგვისტოს სუხიშვილის ქუჩაზე 15 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის ბომბდამშენები გორის რაიონის სოფლების - კარბის, მერეთის ქერესა და ვარიანის - დაბომბვას აგრძელებდნენ. ამ დღეს სულ 26 სამოქალაქო პირი დაიღუპა. გორის უახლეს ისტორიაში 9 აგვისტო ყველაზე ტრაგიკულ დღედ შევიდა.

სასწრაფო დახმარების მედდა მარინა გოგიაშვილი ამ დროს სამსახურში იყო და დაჭრილების გამოსაყვანად შენობიდან გადიოდა, როცა ბომბი მასთან ახლოს აფეთქდა. იგი დაიღუპა, სასწრაფოს ორი ექთანი და მძღოლი კი მძიმედ დაიჭრა. დღეს მათი კოლეგა ამალია ბალამწარაშვილი იმ წუთებს ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს.

2008 წლის აგვისტოს ომს ოთხი ექიმი შეეწირა. გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელის თემურ თანიაშვილის აზრით, ეს დღე მათთვის როგორც ტრაგიკული, ისე საამაყოცაა.

სუხიშვილის ქუჩაზე დამწვარი და დანგრეული კორპუსების აღდგენა ხელისუფლებამ სწრაფად დაიწყო, მაგრამ სისწრაფეში, როგორც ჩანს, ბევრი ხარვეზი გაიპარა. დაზარალებულების განცხადებით, იატაკი დეფორმირდა, შიდა კარებები გაიჭედა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა კი სწრაფად გაფუჭდა.

განახლებული საცხოვრებელი კოპრუსები, გორი
დღესვე გორში დევნილმა ახალგაზრდებმა სამშვიდობო მსვლელობა მოაწყეს, სახელწოდებით „ერთად მშვიდობისთვის“. აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი ’ქართლოსი’ “ იყო. ახალგაზრდებმა პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას. აქციის მონაწილეები შეუერთდნენ “დევნილების მიმართვას ცივილიზებული მსოფლიოსადმი”. მიმართვის მთავარი მოთხოვნაა საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანა და დევნილების საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნება. ორი წლის წინ იზა კასრაძე მშობლებთან ერთად დევნილად იქცა. მისი სურვილია, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს საკუთარ სახლში.

„ქართლოსის“ ხელმძღვანელის მეგი ბიბილურის ინიციატივით, ახალგაზრდებს თეთრი ხელთათმანები ეკეთათ იმის ნიშნად, რომ დევნილები სუფთა ხელებით სთავაზობენ თანამშრომლობას და დიალოგს ოს ახალგაზრდებს.

აქციის მონაწილეების აზრით, სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არა აქვს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს მხარეებს შორის დიალოგი. ამავე დროს, უნდა განვითარდეს სახალხო დიპლომატია.
XS
SM
MD
LG