Accessibility links

logo-print
რუსეთის გადაწყვეტილებამ ხორბლის ექსპორტის დროებით -15 აგვისტოდან 31 სექტემბრამდე შეწყვეტის შესახებ მსოფლიო ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2010 წლისათვის ხორბლის მოსავლის სავარაუდო პროგნოზიც დაასახელა - 70-დან 75 მილიონ ტონამდეა. შედარებისთვის, 2009 წელს ხორბლის მოსავალმა 97,1 მილიონი ტონა შეადგინა. 2008 წელს კი 108,2 მილიონი ტონა. შედეგად, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი ბოლო 23 თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ხორბალზე მსოფლიო ფასებმა 80%-ით მოიმატა. თუმცა, ანალიტიკოსების პროგნოზით, ფასები კიდევ გაიზრდება. ამის უპირველესი მიზეზი სწორედ რუსეთში არსებული გვალვებია, რამაც შესაძლოა, სასურსათო ინფლაცია გამოიწვიოს.

რა გავლენას მოახდენს რუსეთიდან ექსპორტის აკრძალვა საქართველოზე? - ამ საკითხზე პროგნოზის გაკეთება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ ეტაპზე უჭირთ. თუმცა, აცხადებენ, რომ სექტემბრის ბოლომდე ქვეყანაში ფქვილის მარაგები არსებობს, ამიტომ ფასებთან მიმართებაში ცვლილების პროგნოზირება შემოდგომისთვის იქნება შესაძლებელი. საქართველოში საერთო მოხმარების 85% იმპორტზე მოდის, ადგილობრივი წარმოების ხორბალს მხოლოდ 15% უკავია.

ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით საქართველო უკვე მოლაპარაკებას აწარმოებს აშშ-სთან, გერმანიასთან და ყახაზეთთან, რათა ადგილობრივ ბაზარზე ხორბალსა და ფქვილზე დეფიციტი არ შეიქმნას. ტრეიდერები ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით გერმანულ და ფრანგულ მხარეებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

სადაზღვევო კომპანიები კი მარცვლეულის მოსავლის დაზღვევით დაინტერესდნენ. შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტი ქართულ ბაზარზე ახლო მომავალში გამოჩნდება. მსოფლიო ბაზარზე ასეთი შეთავაზება დიდი პოპულარობით სარგებლობს და სადაზღვევო პაკეტის ღირებულებაც მაღალია. „ალდაგი ბი სი აი“ აგროკულტურის დაზღვევის მიზნით მომხმარებლისთვის შესათავაზებელ ახალ პროდუქტზე უკვე მუშაობს, მოლაპარაკებები ამ მიზნით უცხოელ პარტნიორებთანაც მიმდინარეობს, თუმცა პაკეტის პირობებისა და მისი ამოქმედების ვადებზე კომპანიაში ჯერ ვერ საუბრობენ. ექსპერტების შეფასებით, მარცვლეულის დაზღვევა ამ პროდუქტის იმპორტის შემცირებას შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG