Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის ვეტერანებმა ”საქართველოს ლეგიონი” დააფუძნეს


ომის ვეტერანთა ახალ სამოქალაქო კავშირს “საქართველოს ლეგიონი” სათავეში გენერალი გიორგი ყარყარაშვილი ჩაუდგება.
ომის ვეტერანთა ახალ სამოქალაქო კავშირს “საქართველოს ლეგიონი” სათავეში გენერალი გიორგი ყარყარაშვილი ჩაუდგება.
ომის ვეტერანთა ახალ სამოქალაქო კავშირს, რომელსაც სათავეში გენერალი გიორგი ყარყარაშვილი ჩაუდგება, “საქართველოს ლეგიონი” ერქმევა და მასში ის ყოფილი სამხედრო პირები გაერთიანდებიან, რომლებიც თავდაცვის უწყებიდან სხვადასხვა მიზეზების გამო დაითხოვეს. ლეგიონის რიგებში დგანან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების ვეტერანები, სამხედრო ექსპერტები. სხვა ომგადახდილი ქვეყნების ვეტერანი ლეგიონერების მსგავსად, მათი ნიშანი-სიმბოლოც ყაყაჩო იქნება.

„საქართველოს ლეგიონში“, დღეის მონაცემებით, დაახლოებით სამი ათასი ადამიანია გაერთიანებული - მათ შორის, თავდაცვის უწყებიდან ბოლო დროს დათხოვნილი რვაასი ოფიცერიც. ეს გაერთიანება 2004 წელს შექმნილი „ქართული ლიგის“ ერთგვარი მემკვიდრეცაა, იმ განსხვავებით, რომ ძველი ლიგა მხოლოდ სოციალური საკითხებით იყო დაინტერესებული, ლეგიონის მოღვაწეობის არეალი კი უფრო ფართო იქნება. გიორგი ყარყარაშვილის განცხადებით, მთავარი მიზანი და სურვილი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში მონაწილეობაა:

”რადგან ჩვენ გვაქვს პატივი, რომ ამდენი ომის ვეტერანი - მათ შორის, მაღალკვალიფიციური სამხედრო - იყოს გაერთიანებული ამ ორგანიზაციაში, არ გვაქვს უფლება მონაწილეობა არ მივიღოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების პროცესში. ჩვენ დაველოდებით ხელისუფლების გეგმას, როგორ წარმოუდგენიათ თუნდაც უმაღლესი მთავარსარდლის შემოთავაზების განხორციელება ყველა სოფელში თავდაცვის რაზმების შექმნის შესახებ, და პარალელურად ჩვენც წარმოვადგენთ ჩვენს პროგრამას, როგორი უნდა იყოს თავდაცვის სისტემა როგორც მშვიდობის, ისე საომარი მოქმედებების პერიოდში.”

ვეტერანთა ახალმა სამოქალაქო კავშირმა საკუთარ ვიზუალურ სიმბოლოდ ყაყაჩო აირჩია: ”ყოველ ქართველს წესად უნდა ჰქონდეს, რომ 8 აგვისტოს, 27 სექტემბერს, 26 მაისს, ეს სიმბოლო ატაროს და ამით პატივი მიაგოს სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნას.”

ლეგიონის დამფუძნებლებს შორისაა გენერალ-მაიორი ავთანდილ ცქიტიშვილი. მისი თქმით, ლეგიონში გაერთიანებული ოფიცრების სამხედრო გამოცდილება, წლების განმავლობაში დაგროვილი, ის რესურსია, რომლის გამოყენებაც საქართველოს თავდაცვის სფეროს მხოლოდ წაადგება:

”დღეს თავდაცვის სფეროში იდგმება ნაბიჯები, რაღაცები კეთდება. ყველაფერი შესაძლოა არ მოგვწონდეს, მაგრამ სასიკეთო ძვრები უნდა დავინახოთ და ჩვენი მხრიდან კი ის რჩევები მივაწოდოთ, რაც ხელისუფლებას მხოლოდ დაეხმარება, რომ აღარ განმეორდეს შეცდომები, როგორიც იყო 2008 წლის სამარცხვინო ფიასკო, რომელიც გამარჯვებად მოინათლა”...

სამხედრო ექსპერტი ნოდარ ეფრემიძე ფიქრობს, რომ ეს რესურსი კვლავ უნდა დაუბრუნდეს სამხედრო ძალებს: ”ეს ადამიანები სამხედრო ძალებში უნდა იყვნენ რეალიზებულები - არა მხოლოდ სამხედრო სფეროში, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც.”

„საქართველოს ლეგიონის“ კიდევ ერთი წევრის, უშიშროების ყოფილი მინისტრის ირაკლი ბათიაშვილისათვის კი მთავარი გაცხადებული იდეა, ადამიანის უფლებების დაცვის გვერდით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.

„საქართველოს ლეგიონი“ ყრილობის გამართვას სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, გეგმავს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG