Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი არეულობა ყირგიზეთში და სტაბილურობის საეჭვო პერსპექტივა


5 აგვისტო, ბიშკეკი. პოლიცია ცდილობს, დაშალოს ურმატ ბარკტაბასოვის მხარდამჭერთა დემონსტრაცია
5 აგვისტო, ბიშკეკი. პოლიცია ცდილობს, დაშალოს ურმატ ბარკტაბასოვის მხარდამჭერთა დემონსტრაცია
პარასკევს ყირგიზეთიდან ისევ გავრცელდა ინფორმაცია პოლიტიკური დაპირისპირებისა და დაძაბულობის შესახებ: ათასობით ადამიანი შეიკრიბა დემონსტრაციაზე - მორიგ საპროტესტო აქციაზე დროებითი მთავრობის წინააღმდეგ. მოსახლეობაში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება. ეს კი, ჩვენი კორესპონდენტების შეფასებით, საფრთხეს უქმნის შემოდგომისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს.

ჯარისკაცებმა ცრემლმდენი გაზი და გამაბრუებელი რაკეტები გამოიყენეს ბიშკეკში შეკრებილი 2000-მდე დემონსტრანტის დასაშლელად. ეს იყო დაძაბულობის ჯერჯერობით ბოლო ნიშანი მას შემდეგ, რაც ივნისში ეთნიკურმა დაპირისპირებამ ყირგიზეთში 350-მდე ადამიანი შეიწირა და ასიათასობით პირი დევნილად აქცია.

პარასკევს ინციდენტის შესახებ ცნობა გავრცელდა დედაქალაქის მახლობლად მდებარე რაიონიდანაც: ჯარისკაცებმა ჰაერში ისროლეს ბიკშეკისაკენ მიმავალ გზაზე – იმ ადგილას, სადაც ავტოტრასა გადაკეტეს, რათა შეეჩერებინათ დემონსტრაციაში მონაწილეობის მსურველი ათასობით ადამიანი.

ეს ხალხი ბიშკეკში მიდიოდა, რათა გვერდში დადგომოდა ზემოხსენებულ 2000 დემონსტრანტს და მათთან ერთად მხარდაჭერა გამოეხატა ურმატ ბარკტაბასოვისთვის – ულტრანაციონალისტი ოპოზიციონერისთვის, რომელიც „მეკენ ტუუს“ პარტიას ხელმძღვანელობს. დროებითი მთავრობა ვერ უმკლავდება სამხრეთ ყირგიზეთში ივნისში მომხდარი ეთნიკური დაპირისპირების შედეგებსო, განაცხადა ბარკტაბასოვმა ჩვენი რადიოს ყირგიზულ სამსახურთან ინტერვიუში: „ხალხს ახლა სამართლიანობა და სამართალი სჭირდება. თუ ეს ორი მოთხოვნა არ შესრულდა, ამ წყვდიადს თავს ვერ დავაღწევთ“, ამბობს ბარკტაბასოვი.

თავის მხრივ, დროებითი მთავრობა ხელიდან არ უშვებს საშუალებას, ბარკტაბასოვი გააკრიტიკოს: ოფიციალური პირების განცხადებით, პარასკევის აქცია სანქცირებული არ ყოფილა და, ამას გარდა, დემონსტრანტების ნაწილს იარაღი აღმოუჩინეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა, კუბატ ბაიბოლოვმა ბარკტაბასოვის მომხრეები ხელისუფლების დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბარკტაბასოვი ხელისუფლებას უპირისპირდება. 2005 წელს ეს პოლიტიკოსი ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულეს, რასაც მისი ემიგრაციაში წასვლა მოჰყვა. ბარკტაბასოვმა ყაზახეთს მიაშურა, და პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის მრჩევლად მუშაობდა, ვიდრე იქიდანაც გასაქცევად გაუხდებოდა საქმე: ყაზახეთში მას ეკონომიკური დანაშაულების ბრალდება წაუყენეს.

ბარკტაბასოვი სამშობლოში დაბრუნდა – როგორც პარასკევის დემონსტრაციამ ცხადყო, პრემიერ-მინისტრობის ამბიციებით. „გვსურს, რომ ურმატ ბარკტაბასოვი მთავრობის ლიდერი, ან პრემიერ-მინისტრი გახდეს. გაუმარჯოს ბარკტაბასოვს“ - ასეთი შეძახილები ისმოდა ბიშკეკში, პარასკევს გამართულ დემონსტრაციაზე. იქვე მოითხოვეს ბარკტაბასოვისთვის წაყენებული ბრალდებების გაუქმება: ყირგიზეთში სულ რამდენიმე დღის წინ გასცეს მისი დაპატიმრების ორდერი, ყაზახეთში წაყენებული ბრალდებების საფუძველზე.

ოქტომბერში ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს - თუმცა, გახშირებული საპროტესტო აქციები ბევრს აეჭვებს დროებითი მთავრობის უნარში, უზრუნველყოს კენჭისყრის უსაფრთხოება. ეს ეხება, პირველ რიგში, სამხრეთ ყირგიზეთს, სადაც ეთნიკურმა კონფლიქტმა, უმეტესწილად, იქაური უზბეკები დააზარალა.

არადა, კონფლიქტის ეპიცენტრად მიჩნეული ქალაქ ოშის მერმა საჯაროდ გააკრიტიკა ცენტრალური ხელისუფლების გეგმა, რომელიც სამხრეთ ყირგიზეთში საერთაშორისო მისიის - ეუთოს 52 პოლიციელის განთავსებას ითვალისწინებს. გეგმა პროტესტს იწვევს მოსახლეობის ნაწილშიც: ოშსა და ბიშკეკში დემონსტრაციებიც კი გაიმართა.

რამდენად რთულია ვითარება ყირგიზეთში, კარგად ჩანს განცხადებით, რომელიც პრეზიდენტმა როზა ოტუნბაევამ გააკეთა გასული თვის მიწურულს, ოშში ვიზიტის დროს: „თუ ამ კრიზისიდან გამოსავალი ვერ ვიპოვეთ, გაუთავებლად ერთმანეთს ვებრძოლეთ, თუ - რუსები რომ იტყვიან -‘თვალი თვალისა წილ’ პრინციპით ვიმოქმედეთ, ყირგიზეთი ჩეჩნეთს დაემსგავსება. ახლა სამოქალაქო ომს ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს.“

ოშში ოტუნბაევას ვიზიტის შემდეგ ეუთოს მისიის საწინააღმდეგო დემონსტრაციები, მართალია, აღარ გამართულა, მაგრამ არაერთი საპროტესტო აქცია ჩატარდა ყირგიზეთის სხვა ქალაქებში. ექსპერტების შეფასებით - სულ უფრო მკვეთრად ჩანს დროებითი მთავრობით მოსახლეობის უკმაყოფილების ნიშნები.

აი, რას ამბობს რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო ინტერვიუში პოლიტოლოგი ხადირ მალიკოვი: „უკმაყოფილება გამოწვეულია იმით, რომ მთავრობაში მოვიდა ისევ ის ხალხი, ის პოლიტიკოსები, ვინც აყაევისა და ბაკიევის დროსაც ხელისუფლებაში იყო; რომ არაფერი შეიცვალა, რომ ისევ გაბატონებულია კორუფცია, უწინდებურად მიმდინარეობს ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ა.შ. მოკლედ, მოსახლეობა დაიღალა.“

ხადირ მალიკოვის აზრით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ყოველ ღონეს ხმარობენ ხალხში ნაციონალისტური გრძნობების გასაღვივებლად და, შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნან მთავრობას, თუ გაერთიანება მოახერხეს.

"დროებითი მთავრობის ავტორიტეტი მკვეთრად დაეცა", - ამბობს მალიკოვი. - "ამჟამად შექმნილით ერთგვარი პოლიტიკური ვაკუუმი. ყირგიზეთში უამრავი სხვადასხვა პოლიტიკური მოთამაშეა და ამიტომ მეტად რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება ან მომავალ სტაბილურობაზე საუბარი."

სამხრეთ ყირგიზეთში ეთნიკური კონფლიქტის მიზეზების გამოსაძიებლად ყირგიზეთის პრეზიდენტმა საგანგებო კომისია შექმნა. პოლიტოლოგ ხადირ მალიკოვს ეს ნაბიჯი, თავისთავად, მისასალმებლად მიაჩნია, რადგან მიუკერძოებელმა, ობიექტურმა ანგარიშმა, მისი აზრით, ხელი უნდა შეუწყოს დაპირისპირების განმუხტვას. მაგრამ ექსპერტს ვერ წარმოუდგენია, მოსახლეობაში მართლაც დაიჯერონ ანგარიშის ობიექტურობა. საპარლამენტო არჩევნები რომ გაიმართოს კიდეც, ქვეყნის მომავალზე შეკითხვებს პასუხი ვერ გაეცემაო, შიშობს ყირგიზი ექსპერტი.
XS
SM
MD
LG