Accessibility links

რა იყო უფრო ადრე - ქათამი თუ კვერცხი? ეს თავსატეხი - რომელიც ერთნაირად იზიდავს ბავშვებს, მეცნიერებსა თუ ფილოსოფოსებს - ბოლოს და ბოლოს ამოხსნილია.

ინგლისში, უორუიკისა და შეფილდის უნივერსიტეტებში, მეცნიერები კიდევ ერთხელ საფუძვლიანად ჩაუღრმავდნენ ამ კითხვას და აღმოაჩინეს, რომ კვერცხზე ადრე ქათამი უნდა ყოფილიყო. კვერცხში აღმოჩნდა პროტეინი, რომელიც მხოლოდ ქათმის საკვერცხიდან შეიძლება მომდინარეობდეს.

„დიდი ხანია, მიაჩნდათ, რომ ჯერ კვერცხი იყო და მერე ქათამი,“ განუცხადა ჟურნალისტებს დოქტორმა კოლინ ფრიმანმა შეფილდის უნივერსიტეტიდან. „პროტეინის აღმოჩენა და კვერცხის წარმოქმნასთან მისი დაკავშირება უკვე ადრევე მოხდა. უფრო დეტალური გამოკვლევის შედეგად კი შევძელით დაგვენახა, რა გავლენას ახდენს ეს პროტეინი მთელ პროცესზე.“

სუპერკომპიუტერი HECToR-ის საშუალებით მეცნიერები სპეციალური „გამადიდებელი შუშის“ მეშვეობით აკვირდებოდნენ კვერცხების განვითარებას. ამასთან, დადგინდა, რომ პროტეინი Ovocledidin-17 კვერცხის ზრდას აჩქარებს და, გარდა ამისა, მის ნაჭუჭს ამაგრებს. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს პროტეინი, რომელიც სპეციალური გარსის შექმნაზე ზრუნავს, მხოლოდ ქათმების ორგანიზმში მოიპოვება.

შეფილდის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯონ ჰარდინგისთვის, ამ გამოკვლევით არა მხოლოდ ძველთაძველი ამოცანა ამოიხსნა. მისი თქმით, თავისთავად უკვე ისაა საინტერესო, თუ რა წვლილი შეაქვს ქათამს ნაჭუჭის წარმოქმნაში. „მაგრამ ეს ცოდნა დამატებით ინფორმაციას გვაწვდის იმაზე, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური მასალების შექმნა“.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG