Accessibility links

logo-print

ჯონ მაკკეინი თეთრ სახლს საქართველოს უფრო აქტიური მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს


11 იანვარი, 2010 წ., ბათუმი. ჯონ მაკკეინი (მარჯვნივ) და მიხეილ სააკაშვილი

11 იანვარი, 2010 წ., ბათუმი. ჯონ მაკკეინი (მარჯვნივ) და მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ის სენატის რესპუბლიკელმა წევრმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა საგანგებო სტატია მიუძღვნა რუსეთ-საქართველოს ომის მეორე წლისთავს.

„კვლავინდებურად არსებობს მწვავე უთანხმოება იმის გარშემო, თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი, მაგრამ ვერავინ უარყოფს, რომ ორი წლის წინ რუსეთის ჯარებმა გადაკვეთა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი და საქართველოში შეიჭრა“, ასე იწყება მაკკეინის სტატია, რომელიც 8 აგვისტოს გამოაქვეყნა გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“.

ამერიკელი სენატორი მკითხველს შეახსენებს, რომ ორი წლის წინ რუსეთმა საქართველოს ტერიტორია დაბომბა, 127 ათასამდე ადამიანი დევნილად აქცია, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი და განახორციელა სამხედრო ოკუპაცია, რომელიც დღემდე ძალაში რჩება. მაკკეინი აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან მუდმივი საფრთხის მიუხედავად, საქართველო განაგრძობს წინსვლას, რომ ათასამდე ქართველი ჯარისკაცი იბრძვის ავღანეთის ყველაზე სახიფათო რეგიონებში.

საქართველო და რუსეთი სტატიის ავტორს მოჰყავს ერთმანეთის საპირისპირო მაგალითებად დემოკრატიის პრინციპებისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით. საქართველო, მაკკეინის შეფასებით, განამტკიცებს კანონის უზენაესობას, ებრძვის კორუფციას და ახორციელებს წარმატებულ ეკონომიკურ რეფორმებს მაშინ, როცა რუსეთში კვლავაც დევნას განიცდიან ადამიანის უფლებათა დამცველები.

„თუ პრეზიდენტ მედვედევს პოლიტიკური და ეკონომიკური მოდერნიზაციის მაგალითი სურს, საქართველოს შეხედოს“, წერს მაკკეინი და პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციასაც ურჩევს, შეხედოს საქართველოს, თუ ეძებს ქვეყანას, რომელთან ურთიერთობაშიც „გადატვირთვა“ სჭირდება. ერთ-ერთი სფერო, რომელშიც ვაშინგტონის ადმინისტრაციამ, მაკკეინის აზრით, უფრო აქტიური მხარდაჭერა უნდა გაუწიოს საქართველოს, ამ ქვეყნის თავდაცვაა.
XS
SM
MD
LG