Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანძრები ქვეყანაში, რომელსაც თითქმის აღარა ჰყავს მეტყევეები


რუსეთი: ხანძარი სოფელ დოლგონინოსთან
რუსეთი: ხანძარი სოფელ დოლგონინოსთან
რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, ამჟამინდელი ინფორმაციით, 500-ზე მეტ ადგილას არის აღრიცხული ხანძრები. იწვის ტყეები და ტორფი. უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურების შედეგად ხანძრის ახალ-ახალი კერები ჩნდება. კრიზისის მასშტაბის გამო ბევრი ადანაშაულებს მთავრობას, რომელმაც ბოლო წლებში მკვეთრად შეკვეცა საბჭოთა პერიოდის მეტყევეობის ქსელი: რეფორმის შედეგად, მეტყევეების 75-მა პროცენტმა დაკარგა სამუშაო ადგილი. მათი ხელი კი, როგორც ამჟამინდელი ვითარება ცხადჰყოფს, აშკარად აკლია ტყის ხანძრებთან ბრძოლას.

ივან ევანგულოვი ოცი წელია მუშაობს მეტყევედ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, მაგრამ ამ დღეებში ის სრულიად უსუსურია - ვერაფრით შველის ერთ დროს დაბურულ ტყეებს. „ხანძრის ზოლი სიგანეში ორ, სამ, ოთხ კილომეტრს აღწევს, ხოლო სიმაღლეში - 35-40 მეტრს. წარმოგიდგენიათ, ეს რა არის?! თანაც, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება, ფეხით მას ვერ გაექცევი. ის ისე სწრაფად მოძრაობს, რომ მისი გაჩერება შეუძლებელია. სახანძრო მანქანები, რომლებიც იქ იდგა, იძულებული შეიქნენ, იქაურობას გასცლოდნენ,“ - ასეთ, მართლაც დრამატულ სურათს აღწერს ევანგულოვი.
ტყის ხანძრები ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:46 0:00

იყო დრო, როცა 70 000-მდე მეტყევე პატრონობდა ტყეებს, რომლებიც რუსეთში 775 მლნ ჰექტარზეა გადაშლილი. საბჭოთა პერიოდის სატყეო სამსახურის ეს თანამშრომლები, კიდევ 200 000-მდე დამხმარე მუშაკთან ერთად, ტყეებში ხანძრებთან მებრძოლ მთავარ და ყველაზე ეფექტიან ძალად იყვნენ მიჩნეული. მაგრამ სატყეო სამსახურის რადიკალური რეფორმის შედეგად, როგორც ახლა ირკვევა, ფაქტობრივად დაუცველი აღმოჩნდა ტყეების დიდი ნაწილი. ხანძრებმა, როგორც ცნობილია, 50-ზე მეტი ადამიანი შეიწირა, გაანადგურა შენობები და ათასობით ჰექტარი ტყეები.

როგორც ევანგულოვი ამბობს, „ამოვარდა ძლიერი ქარი და ტყის ხანძრის ჩაქრობის მთელს ამ ოპერაციაზე კონტროლი ხელიდან გამოგვეცალა. სიტუაციას სრულიად ვეღარ ვაკონტროლებდით. და ცეცხლის ეს კედელი მთელს რაიონში დასეირნობდა. ჯერ აქეთ წამოვიდა, მერე ქარის მიმართულება შეიცვალა და იქით წავიდა.“

რუსეთში 500-ზე მეტი ხანძრის ჩაქრობაში მეტყევეებთან ერთად სამხედრო მოსამსახურეები, მოხალისეები (მათ შორის უცხოელებიც) და ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობენ - საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს ცნობით, სულ 162 000-მდე ადამიანი. მაგრამ ეს, როგორც ირკვევა, საკმარისი არ არის...

პასუხისმგებლობას ბევრი აკისრებს მთავრობას - არა მარტო მეტყევეების რიცხვის შეკვეცის, არამედ ტყის ახალი კოდექსის, ტყეების მართვის შესახებ ახალი კანონების გამოც. ამ, 2007 წელს მიღებული კოდექსით, ტყეების კონტროლზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მოიჯარადრეებს გადააბარა.

გარემოსდამცველ ავტორიტეტიან ორგანიზაცია „გრინპისის“ ექსპერტი, ალექსეი იაროშენკო როგორც აბმობს, ტყის ახალი კოდექსით, ფაქტობრივად, მოისპო ტყეების დაცვის მთელი სისტემა, ჩამოყალიბებული საბჭოთა პერიოდში: „მეტყევეები - ამ სიტყვის ძველებური გაგებით - აღარ არსებობენ, ანუ ის ხალხი, ვინც ტყეს იცავს უშუალოდ ადგილზე, ტყეშივე, პრაქტიკულად აღარ არსებობს. არიან ოფისის მუშაკები, რომლებიც ზოგჯერ ტყეშიც გადიან, მაგრამ ძირითადად ისინი დოკუმენტების შედგენითა და სხვა ბიუროკრატიული საქმიანობით არიან დაკავებული. ამიტომ ტყე, აგერ უკვე სამწელიწადნახევარია, დაუცველია.“

ტყის კოდექსი ძალაში შევიდა ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში, უძრავი ქონების დეველოპერთა ლობის აქტიური მხარდაჭერით, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათთვის გაცილებით გაიოლდა ახალი პროექტებისთვის საჭირო ტერიტორიის შერჩევა.

ახლა პუტინი, პრემიერ-მინისტრის რანგში, ხშირად ჩანს ტელევიზიაში: აჩვენებენ როგორ ჰპირდება ის მხარდაჭერას, ახალ სახლებსა და ფინანსურ დახმარებას ხანძრებით დაზარალებულებს, როგორ ჰკიცხავს ადგილობრივ ბიუროკრატებს ხანძართან ბრძოლაში წარუმატებლობის გამო.

მაგრამ კრიტიკა თვით პუტინის წინააღმდეგაც არის მიმართული. პუტინის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს შეიძლება, ტელევიზიით არ აჩვენებდნენ, მაგრამ კადრები ვრცელდება პოპულარულ ვიდეოსაიტ YouTube-ზე, ცნობილი პუბლიცისტი იულია ლატინინა კი გაზეთ „მოსკოუ ტაიმსში“ წერს, რომ, სინამდვილეში, ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ერთადერთ ბიუროკრატს ეკისრება - თვით პუტინს. ასეა თუ ისე, პუტინმა მოაწერა ხელი 2007 წელს ტყის კოდექსს...

კრემლის მისამართით კრიტიკას სხვა მიზეზიც აქვს: მისი მოუმზადებლობა საზაფხულო ხანძრებისთვის, რაც ბოლო წლებში ტემპერატურის მატების გამო, ფაქტობრივად, რუტინად არის ქცეული.

პოლიტოლოგ ევგენი ვოლკს უკვირს, რატომ აღმოჩნდა კრემლისთვის სიურპრიზი ის, რაც უკვე წლების მანძილზე მეორდება: „საიდუმლო არ არის, რომ ტორფის ხანძრებიცა და ტყის ხანძრებიც რუსეთში სიცხის ტრადიციული თანამგზავრები არიან აგერ უკვე მრავალი ათწლეულის მანძილზე. ამ მხრივ მოულოდნელი არაფერი ხდება.“ შესაბამისად, განაგრძობს ვოლკი, ბევრს უჩნდება შეკითხვა: რატომ არ მიმართეს სათანადო ზომებს სეზონის დაწყებამდე? რატომ არ გააფრთხილეს, არ მოამზადეს მოსახლეობა ხანძრების საფრთხისთვის? მითუმეტეს, რომ სინოპტიკოსები ცხელ ზაფხულს წინასწარმეტყველებდნენ.

ტელევიზიაში, რომელიც რუსეთში მოსახლეობის ინფორმირების მთავარი წყაროა, კრიტიკული შეკითხვები თითქმის არასოდეს ისმის. სამაგიეროდ, ხშირად აჩვენებენ ხელისუფლების წარმომადგენელთა აქტიური ძალისხმევის ამსახველ კადრებს.

როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს ტელემაყურებელი? „გრინპისის“ ექსპერტ, ალექსეი იაროშენკოს ილუზიები არა აქვს: „ხალხი თანდათან ხვდება, რომ ყველაფერი, რასაც ტელევიზიით უყურებს, პოტიომკინის სოფელივითაა, ანუ საჩვენებლად კეთდება. რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდება, როცა ხანძრები წარსულს ჩაბარდება, არ გამოვრიცხავ, ხალხმა ყველაფერი დაივიწყოს და ისევ თქვას, რა კარგად ვცხოვრობთო.“
XS
SM
MD
LG