Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობერტ გეიტსი აშშ-ის თავდაცვის სფეროში ხარჯებს ამცირებს


აშშ თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსი სამხედრო მაღალჩინოსანთა იერარქიის შეკვეცას აპირებს. გეიტსის გეგმით, გაუმქდება გენერლისა და ადმირალის 50 საშტაბო თანამდებობა და აგრეთვეის 50 პოსტი და მართვის ერთ-ერთი მთავარი უწყება - გაერთიანებული ძალების სარდლობა. რობერტ გეიტსის მიზანია შეანელოს თავდაცვის სფეროს ხარჯების მკვეთრი ზრდა, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ თითქმის გაორმაგდა. გამოთავისუფლებული თანხის გამოყენება გეიტსს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერებისთვის სურს. პენტაგონის ახლანდელი ბიუჯეტი 530 მილიარდი დოლარია (ერაყისა და ავღანეთის სამხედრო ოპერაციების დაფინანსების გამოკლებით). ექსპერტების თქმით, სამხედრო ძალების ნორმალური მუშაობისთვის საჭიროა ბიუჯეტის 2-3 პროცენტით გაზრდა ყოველწლიურად. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ თუკი მისი უწყება მადას ახლა არ დაიოკებს, რთულ ეკონომიკურ ვითარებაში ამას მისგან კანონმდებლები მოითხოვენ და ”ქამრის შემოჭერის” პროცედურა გაცილებით მტკივნეული იქნება. გეიტსმა პენტაგონის მმართველობისგან მომდევნო ხუთ წელიწადში ასი მილიარდი დოლარის დაზოგვა მოსთხოვა. ლექსინგტონის უნსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი დენიელ გურე ამბობს: ”სამხედრო ხარჯები აშშ-ში ჯერჯერობით დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ის მთლიანი ეროვნული პროდუქტის დაახლოებით 4,5%-ს შეადგენს. რეალურ საფრთხეს, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში, წარმოადგენს ხარჯების ზრდა მედიცინაზე, სოციალურ მომსახურებასა და პენსიებზე. ეს ხარჯები უკვე აჭარბებს თავდაცვის ხარჯებს. მაგალითად, ჯარში ოცი წლის მუშაობის შემდეგ სამხედრო პირებს გადადგომისა და კარგი პენსიების მიღების უფლება აქვთ. როცა კონგრესმა, 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, მკვეთრად გაზარდა შეიარაღებული ძალების დაფინანსება, ამას მოჰყვა ახალი სამმართველოების, კომისიებისა და მაღალანაზღაურებადი თანამდებობების შექმნა. აშშ-ის დასაცავად ახალი სამმართველო-სარდლობები ჯერ კიდევ ცივი ომის დასრულების შემდეგ შეიქმნა. შეიქმნა აფრიკის სარდლობა. ახლა თავდაცვის მინისტრი ცდილობს იმის გაკეთებას, რასაც კერძო კომპანიები აკეთებენ: შეკვეცოს ბიუროკრატიული ფენა, რომელიც თავდაცვის მექანიზმის მუშაობას აფერხებს, შეამციროს ბიუროკრატები, საშტაბო თანამშრომლები იმისათვის, რომ საბრძოლო თანამდებობებზე საკმარისი ხალხი გვყავდეს”. გაერთიანებული ძალების სარდლობის შემცირებასთან ერთად თავდაცვის მინისტრმა გასცა ბრძანება თავდაცვის სამინისტროსა და შტაბების კადრების ახლანდელ დონეზე შენარჩუნების შესახებ. მას ძალიან უნდა სულ ცოტა 50 პროცენტამდე შეამციროს მაღალი საშტაბო თანამდებობები, რასაც ოთხვარსკვლავიანი გენერლების რაოდენობის ორმოცამდე გაზრდას აბრალებს. ექსპერტების აზრით, მინისტრმა ერთობ რთული ამოცანა დაისახა.
XS
SM
MD
LG