Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრივატიზაციის გასაჭირი


გამომცემლობა “სამშობლო”
გამომცემლობა “სამშობლო”
2010 წლის საპრივატიზაციო გეგმის შესრულება ეჭვქვეშ დგება. როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის 6 თვეში პრივატიზაციიდან მხოლოდ 36 მილიონი ლარის მობილიზება მოხერხდა. პრივატიზაციის გეგმა კი 170 მილიონია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 6 თვეში ეკონომიკის სამინისტრომ 134 მილიონის ამოღება უნდა მოახერხოს.

ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ 6 თვის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა და 35-ის ნაცვლად 36 მილიონი დოლარის ობიექტები გაიყიდა. სამინისტროს ინფორმაციითვე, ივლისში პრივატიზაციიდან 12 მილიონ დოლარზე მეტი შემოვიდა.

მაგალითად, "ვაკის ლეჩკომბინატი" 7,3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ობიექტის საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება 4,3 მილიონს შეადგენდა, თუმცა საბოლოოდ ფასი თითქმის გაორმაგდა. თუმცა, ეს უფრო მეტად ერთჯერად ფაქტს გავს, ვიდრე გამოკვეთილ ტენდენციას.

რაც შეეხება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სხვა აქტივებს, მათი გაყიდვა ძალიან ჭირს. მაგალითად, თბილისის ცენტრში მდებარე გამომცემლობა “სამშობლოს” საკმაოდ მოცულობითი შენობა 12 მილიონ დოლარად ვერ გაიყიდა და ეს, როგორც ჩანს, არ არის ერთეული შემთხვევა. ინვესტორები ჯერ კიდევ მაინც ერიდებიან აქტივების შესყიდვას, ვინაიდან მათი მომგებიანად ექსპლუატაციის პერსპექტივას ვერ ხედავენ.

ამიტომ ისევ დაიწყო საუბრები მსხვილი სახელმწიფო კომპანების აქტივების შესაძლო გასხვისებაზე, რამაც შესაძლოა, უფრო მსხვილი და ინსტიტუციური ინვესტორების ყურადღება მიიპყროს. მაგალითად, ისევ აქტიურდება საკითხი „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ აქციების 25% გასხვისების შესახებ. მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ აქციათა ეს პაკეტი ლონდონის საფონდო ბირჟაზე შეიძლება განთავსდეს და მსხვილი ინვესტორების მსხვილი საინვესტიციო დაბანდებების საგანი გახდეს.

შედარებისთვის: შარშან საპრივატიზაციო გეგმა ჩავარდა, რადგან ეკონომიკის სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტს ამ მიმართულებით მხოლოდ 75 მილიონი დოლარი შემატა. შედეგად, 210-მილიონიანი საპრივატიზაციო გეგმა მთავრობამ წელს 170 მილიონამდე შეამცირა.
XS
SM
MD
LG