Accessibility links

logo-print
აწყურის ტყეში ხანძრის გაჩენიდან მეშვიდე დღეს ვითარება ისევ კონტროლირებადი და ისევ რთულია. ჩნდება ღია კერები და ყველაფერი მაინც ამინდზეა დამოკიდებული, – აცხადებენ ტყეში სამუშაოდ შესული მეხანძრეები. რამაზ ლეკიშვილი ამბობს, რომ მარტო ერთ დღეს ერთ უბანში 4 ახალი კერა აღმოცენდა:

”დიდი კერებია, ძნელია მუშაობა, ჯარი გვეხმარება და ვცდილობთ ჩავაქროთ, რაც შეგვიძლია. ახალი კერებია, დაახლოებით 3-4 ჰექტარზე მარტო დღეს გავრცელდა. წვიმა თუ უშველის. მარტო ჩვენი ძალებით, არა მგონია, გავუმკლავდეთ. ბალახი ძალიან დიდია და საშუალებას არ გვაძლევს, რომ ჩავაქროთ.”

”გუშინ მოვექეცით ორი მანქანა ხანძრის ალყაში და რომ წყალი არ გვქონოდა, დაღუპული ვიყავით მეხანძრეები.”

ტყეში ახალი გზის გაყვანის გადაწყვეტილება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრმა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც ძლიერმა ხანძარმა ის გზაც ჩაკეტა, რომლითაც ამდენ ხანს სახანძრო მანქანები მოძრაობდნენ. სახანძრო სამსახურის მძღოლი გიორგი თელიაშვილი ამბობს, რომ ვითარებას მიუვალი გზაც ართულებს:

”რაც შეიძლება გამეტებით ვმუშაობთ, მით უმეტეს, ახალციხის ბიჭები. ჩვენი სახანძრო რაზმი თავგამოდებით მუშაობს. ჩვენი ტერიტორიაა და ჩვენ თუ არ გავაკეთეთ, სხვა ვინ გააკეთებს? ბიჭებიც მუშაობენ, როგორც შეუძლიათ. საგარეჯოდან არიან ჩამოსულები, თელავიდან არიან, ხულოდან, ბათუმიდან... მთელი საქართველო აქ არის. წყალი გვაქვს შორს და ეგ პრობლემაა - დრო უნდა ამოტანას. ამასობაში ხანძარი ვრცელდება. დიდი ”კამაცუ” ტრაქტორი მუშაობს. სხვა რა შეგვიძლია? ეს ბუნების სტიქიაა და ბუნების სტიქიას წვიმა უნდა, ძალიან დიდი წვიმა უნდა, რომ შეღავათი მოგვცეს და გადავარჩინოთ ტყე.”

4 აგვისტოს გაჩენილი ხანძარი სოფლიდან დაახლოებით 2 კმ-ში მძვინვარებს. ხანძრის ჩაქრობას ადგილობრივებიც ცდილობენ. მცხოვრებლები აგარიდან, წრიოხიდან და ახლოს მდებარე სხვადასხვა სოფლებიდან ამბობენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვითარება სულ უფრო გართულდა:

”ღია კერები ამ უბანში ბევრია, იწვის ეს ადგილი ახლა. ასე ჩნდება ნელ-ნელა და უნდა შევაჩეროთ როგორმე, საშიშია.”

”იქით თუ წავიდა ცეცხლი, პრობლემები იქნება ნამდვილად, რადგან იქით უკვე ნაკრძალია. მაგალითად, დღეს 4 ახალი კერა დაგვემატა, ქარის გადმოტანილი. ტყისთვის საშიშია, ნაკრძალისთვის და ხალხისთვის ხომ საშიშია და საშიში. სხვანაირად ვერ ვაქრობთ. უფრო გართულებულია საქმე. ქარის მიმართულებით წამოვიდა ცეცხლი, ძალიან დაიძაბა სიტუაცია.”

ამ დროისათვის სტიქიას მეხანძრეებთან და მაშველებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ჯარისკაცები და ვერტმფრენები ებრძვიან. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე დავით იოსელიანი აცხადებს, რომ ღია კერების ლოკალიზება დღის პირველ მონაკვეთში თითქმის ყოველდღე ხდება, მაგრამ შუადღის მერე ცეცხლი ისევ ძლიერდება და ახალი კერების აღმოცენებაც თავიდან იწყება.

”დინამიკაში თუ განვიხილავთ, უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, გუშინდელთან შედარებით. ხანძარი ლოკალიზებულია, ანუ ხანძარი არ იზრდება, ღია ალის კერებმა ძალიან მოიკლო - ფაქტობრივად, არ არის. დაახლოებით 20-დან 23 ჰექტარამდე არის მთლიანად დამწვარი. უბნების მიხედვით არის ახლა. აქ არის მესამე, მერვე - რამდენიმე უბანია, რომელიც აქტიურ დამუშავებაშია. დღის განმავლობაში მუშაობდა სამი ვერტმფრენი. ხელისშემშლელი ძირითადი მიზეზი არის ამინდი - ქარი და მაღალი ტემპერატურა.”

ხანძარმა უკვე აწყურის ტყის 3 კვარტალი მოიცვა. რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაჩენილი ცეცხლი ხის უნიკალურ ჯიშებს ანადგურებს.
XS
SM
MD
LG