Accessibility links

logo-print

საქართველო ევროპის ლიგის ფინალს ითხოვს


უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი თბილისში

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი თბილისში

9-10 აგვისტოს თბილისს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი. მან შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობის წევრებთან, რომლებმაც სტუმარს თბილისში ევროპის ლიგის ფინალური მატჩის გამართვა შესთავაზეს. რას ფიქრობს ამ წინადადებაზე მიშელ პლატინი და რა არის საჭირო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მასპინძლობისათვის?

2012 ან 2013 წელს ევროპის ლიგის ფინალის თბილისში ჩატარების იდეა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას ეკუთვნის. იდეას იწონებენ საქართველოს მთავრობასა და თბილისის მერიაშიც. გიგი უგულავამ მიშელ პლატინისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უეფას დახმარებით თბილისი შეძლებს მნიშვნელოვანი საფეხბურთო ღინისძიების მასპინძლობას.

გიგი უგულავასთან ერთად უეფას პრეზიდენტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრიც შეხვდა. ლადო ვარძელაშვილმა არ დამალა, რომ საკითხი ჯერ მხოლოდ განხილვის სტადიაშია. შედარებით ოპტიმისტურად იყო განწყობილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა: „პლატინი დაგვიდგა გვერდში და გვითხრა, რომ მზად არის ჩაატაროს საქართველოში და ქალაქ თბილისში ნებისმიერი ღონისძიება უეფას ეგიდით. ქალაქი მზად იქნება, როცა მიიღებს უეფასგან ყველა რეკომენდაციას და შეასრულებს მას“, თქვა სიჭინავამ.

უეფას თანხმობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობასა და თბილისის მერიას მართლაც ბევრი რამის გაკეთება მოუწევთ. 10 აგვისტოს თბილისის დატოვებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ გახარებულია საქართველოს მთავრობის შეთავაზებით, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დრო და საკითხის დეტალურად შესწავლა:

„მერსა და პრემიერ-მინისტრს ვითარება ავუხსენით. ვუთხარით რა არის საჭირო ტურნირისა თუ ახალგაზრდული ტურნირის ჩასატარებლად. ეს კი ნიშნავს, რომ საჭიროა ინფრასტრუქტურა, სტადიონები, რომლებსაც, სულ ცოტა, ხუთი ათასი დასაჯდომი ადგილი ექნება. ხოლო ფინალისთვის მხოლოდ სტადიონი არ კმარა. ამ შემთხვევაში ჩვენს მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს აეროპორტი, სასტუმროები, ტრანსპორტი და ასე შემდეგ. ეს ძალიან რთულია. უეფას წევრი 53-ივე ეროვნული ასოციაცია ითხოვს ტურნირებისა თუ ფინალური მატჩების ჩატარებას. ჩვენი საქმეა შევისწავლოთ ვითარება და არჩევანი გავაკეთოთ. გადაწყვეტილებას უეფას აღმასრულებელი კომიტეტი მიიღებს. მე მას ვაცნობებ საქართველოს მთავრობისა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის სურვილს, უმასპინძლონ მაღალი დონის ერთ ტურნირს.“

მიშელ პლატინიმ თბილისში ყოფნისას ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიც დაათვალიერა. უეფას პრეზიდენტმა შენიშნა, რომ მისი უკანასკნელი სტუმრობის შემდეგ სტადიონის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული, თუმცა შენიშვნები მაინც აქვს. ამასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლება ეროვნული სტადიონის დირექტორს სანდრო შახოვს დაუკავშირდა:

„ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნიუანსები, რომლებიც დასახვეწია", - გვითხრა შახოვმა. - "თუმცა ამ პუნქტებზე, ასეთ კონკრეტულ საკითხებზე არ ყოფილა საუბარი, ეს შემდგომი პროცესია. სტადიონი ცუდი ნამდვილად არაა და ბევრი რამით ელიტ-კატეგორიასაც აკმაყოფილებს. თუკი მართლაც მოხდება ისე, რომ ორ-სამ წელიწადში სერიოზულ საფეხბურთო ღონისძიებას ვუმასპინძლებთ, დამერწმუნეთ, ორ-სამ წელიწადში ნამდვილად ყველაფერი დაიძლევა.“

ეროვნული სტადიონის გარდა, მიშელ პლატინი ფეხბურთის ფედერაციის მშენებარე ტექნიკურ ცენტრსაც ესტუმრა. უეფას პრეზიდენტმა თქვა, რომ ორგანიზაცია მომავალშიც დაეხმარება წევრ ქვეყნებს - მათ შორის, საქართველოს - საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და, ზოგადად, ფეხბურთის განვითარებაში, თუმცა, პლატინისავე თქმით, უეფას რესურსები ამ მხრივ შეზღუდულია:

„უეფამ თავიდანვე გადაწყვიტა დახმარებოდა ეროვნულ ასოციაციებს და მათთვის გამოგვეყო სატელევიზიო უფლებების გაყიდვით მიღებული შემოსავლის ნაწილი. ჩვეულებრივ, ეს დამოკიდებულია თანხაზე, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის ჩატარების შედეგად ვიღებთ. უეფა ეხმარება არა ერთს, არამედ 53 ეროვნულ ასოციაციას. გვაქვს ეროვნულ ასოციაციებთან თანამშრომლობის ბევრი პროგრამა, რომლებიც ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას საფეხბურთო ინფრასტრუქტურის, ქალთა ფეხბურთის, სხვა სფეროების განვითარებაში. მომდევნო წლებშიც გავაგრძელებთ ეროვნული ასოციაციების დახმარების პროგრამებს - მანამ, ვიდრე უეფას საამისო ფული ექნება.“

უეფას პრეზიდენტის სტუმრობას საქართველოში აქტიურად აშუქებდა მედია. გაზეთ „რეზონანსის“ სპორტული განყოფილების კორესპონდენტის მამუკა ნაცვალაძის თქმით, არც ფეხბურთის განვითარების დონით, არც ინფრასტრუქტურითა და არც ორგანიზებულობის თვალსაზრისით, თბილისი არ იმსახურებს ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობას:

„ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ეს არის მთავრობის ახირება - არაჯანსაღი რეალობა გადაფარო დიდი, გრანდიოზული გეგმებით. ეს არის პიარკამპანიის ერთ-ერთი ნაწილი. თუმცა, რაღა თქმა უნდა, მე მივესალმები ფინალის ჩატარებას, მაგრამ ბევრი რამეა გასაკეთებელი იმისათვის, რომ ღირსეულად წარვდგეთ ამ კონკრეტულ მომენტში“, ამბობს სპორტული ჟურნალისტი.

თუმცა მიშელ პლატინიმ საქართველოდან გამგზავრების წინ ხაზგასმით განაცხადა, რომ ევროპის ლიგის ფინალის თბილისში გამართვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ნიონში დაბრუნების შემდეგ მიიღებს. უეფას პრეზიდენტის განმარტებით, ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტი სამი წლით ადრე წყვეტს, თუ რომელ ქალაქში გაიმართება ლიგის ფინალი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG