Accessibility links

„ყაზახგეიტის“ მოულოდნელი დასასრული


ყაზახეთი: ამერიკელი ბიზნესმენი ჯეიმს გიფენი (მარცხნივ) პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევთან და მის მეუღლესთან ერთად

ყაზახეთი: ამერიკელი ბიზნესმენი ჯეიმს გიფენი (მარცხნივ) პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევთან და მის მეუღლესთან ერთად

2003 წელს დაწყებულმა სკანდალმა მილიონობით დოლარის ქრთამის გარშემო, რომელშიც მაღალი რანგის პოლიტიკური და ბიზნეს-ლიდერები არიან გახვეული, იმდენად ფართო რეზონანსი შეიძინა, რომ ის „ყაზახგეიტად“ მონათლეს - ლეგენდარული „უოტერგეიტის“ ანალოგიით. მაგრამ, თუ „უოტერგეიტი“ თავის დროზე, 1974 წელს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა, „ყაზახგეიტის“ შემთხვევაში საქმე ასეთ დრამატულ შედეგებამდე არ მისულა, მიუხედავად იმისა, რომ „ყაზახგეიტის“ კვალიც პრეზიდენტამდე მიდის - ყაზახეთის პრეზიდენტამდე.

სულ რამდენიმე დღის წინ, 6 აგვისტოს, „ყაზახგეიტის“ სკანდალის მთავარმა ფიგურამ, 69 წლის ჯეიმს გიფენმა კმაყოფილი ღიმილით დატოვა ნიუ-იორკის სასამართლოს დარბაზი მას შემდეგ, რაც, პროკურორთან შეთანხმების საფუძველზე, თავი ნაწილობრივ დამნაშავედ სცნო: კერძოდ, საგადასახადო კოდექსის დარღვევაში და მექრთამეობის ერთ შემთხვევაში. ფული, რომელიც მას თავდებით გასათავისუფლებლად გადაახდევინეს, თავდაპირველად განსაზღვრული 10 მილიონი დოლარის ნაცვლად 250 000 დოლარამდე შემცირდა და ახლა, შემოდგომაზე, როცა სასამართლო განაჩენს გამოიტანს, გიფენს ყველაზე უარეს შემთხვევაში 6-თვიანი პატიმრობა ემუქრება - გაცილებით ნაკლები, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

თავდაპირველად - იგულისხმება 2003 წლის მარტი, როცა გიფენი ნიუ იორკის ერთ-ერთ აეროპორტში დააპატიმრეს და ოთხი ამერიკული ნავთობკომპანიის სახელით მილიონობით დოლარის (თითქმის 80 მილიონის) შვეიცარიაში, საიდუმლო ანგარიშებზე გადარიცხვაში დაადანაშაულეს. პროკურორების განცხადებით, ფული გამოიყენეს ქრთამად ამერიკული კომპანიებისთვის მომგებიანი კონტრაქტების გასაფორმებლად - მათ შორის იყო მილიარდი დოლარის წილი კომპანია „მობილისთვის“ (რომელიც ახლა კომპანია „ექსონმობილის“ შემადგენელი ნაწილია) ყაზახეთში მდებარე თენგიზის საბადოზე. ქრთამი, ისევ პროკურორების განცხადებით, ყაზახმა ოფიციალურმა პირებმა აიღეს - ფული გამოიყენეს სამკაულის, ქურქების, იახტების, ფუფუნების სხვა საგნების შესაძენად. ამ ოფიციალურ პირებს შორის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნურლან ბალგიმბაევს ასახელებენ.

ჟურნალ „ფორინ პოლისის“ რედაქტორი, სტივ ლივაინი რამდენიმე წელია აშუქებს „ყაზახგეიტთან“ დაკავშირებულ ამბებს და გაოცებულია სკანდალის ასეთი დასასრულით: „საქმე, რომლის შესახებაც პირველი განცხადება შვიდი წლის წინ გაკეთდა, შეერთებული შტატების ისტორიაში მექრთამეობის ერთ-ერთი უდიდესი სკანდალია, რომელიც უცხოეთს უკავშირდება. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ ყველაფერი ბრალდების სრული გამარჯვებით დასრულდებოდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ჯეიმს გიფენი ვერც ერთ ბრალდებას ვერ მოიცილებდა და დიდხანს, დიდხანს მოუწევდა ციხეში ყოფნა“. არადა, დასძენს ლევაინი, ბოლოს ისე გამოვიდა, თითქოს გიფენს ბრალდებები მოუხსნესო.

1995 წელს გიფენი ყაზახეთის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა. იმავე წელს მომცრო საინვესტიციო ბანკმა „მერკატორ კორპორეიშენმა“ მოიპოვა უფლება, ნავთობით მდიდარი რესპუბლიკის ინტერესები დაეცვა შეერთებული შტატების ნავთობკომპანიებთან მოლაპარაკებებზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ასტანა 2002 წლიდან აქტიურად მუშაობდა გიფენის საქმეში გამოძიების შესაზღუდად. ლივაინის განმარტებით, მთავარი მიზანი იყო, ნაზარბაევის დაცვა სკანდალიდან.

„ყაზახეთის მთავრობა თავიდანვე დიდ ფულს უხდიდა ადვოკატების ძალიან ძლიერ ფირმებს ვაშინგტონსა და ნიუ იორკში - ძალიან ძლიერ ლობისტებს - სასურველი შედეგების მისაღწევად, რაც მისთვის იყო ჯიმ გიფენის წინააღმდეგ ბრალდებების გაუქმება და თუ ამას ვერ მიაღწევდა, სულ ცოტა, ის მაინც, რომ საქმიდან ამოეღოთ ნაზარბაევის სახელი, როგორც შეთქმულების ბრალდებაწაუყენებელი მონაწილისა“, განმარტავს ლივაინი.

თუმცა ყაზახეთის ხელმძღვანელობის ამ ძალისხმევას ბევრი არაფერი აქვს საერთო მიზეზთან, რომელსაც საქმის გიფენისთვის საკმაოდ უმტკივნეულოდ დასრულება მოჰყვა. ადვოკატების განმარტებით, გიფენისთვის წაყენებული ბრალდებები საფუძვლიანიც რომ ყოფილიყო, მას დამნაშავედ ვერ სცნობდნენ. აი, რატომ: გიფენი ამტკიცებს, რომ დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოსთან შეთანხმების საფუძველზე მუშაობდა, რომ მას ყაზახეთზე გავლენის ბერკეტად იყენებდნენ. შესაბამისად, გიფენის დაცვამ მტკიცებულების სახით არაერთხელ მოითხოვა დაზვერვის ცენტრალური სამმართველოსა და სხვა ოფიციალური უწყებების გასაიდუმლოებული დოკუმენტები. მაგრამ მთავრობის წარმომადგენელი ადვოკატები მაშინვე უარს ამბობენ ამ მოთხოვნის შესრულებაზე. ასე გაიწელა სასამართლო პროცესი რამდენიმე წელი.

2007 წელს შეერთებული შტატები დაყაბულდა ყაზახეთთან და შვეიცარიასთან შეთანხმებას, შვეიცარიაში საბანკო ანგარიშებზე გადარიცხული ფულის საქველმოქმედო პროექტებისთვის და ყაზახეთში ნავთობმრეწველობის გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად გამოყენების შესახებ. 6 აგვისტოს გიფენმა ამ ფულთან დაკავშირებული ყოველგვარი უფლება დათმო და, როგორც უკვე ითქვა, კამყოფილი ღიმილით დატოვა სასამართლოს დარბაზი. „ყაზახგეიტი“ დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG