Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი ძირითადი სამხედრო ხარჯების შემცირებას გეგმავს


რობერტ გეიტსი
რობერტ გეიტსი
ორი ძვირად ღირებული ომი ერაყსა და ავღანეთში და მთავრობის მზარდი ვალები - ეს არის ორი მიზეზი, რის გამოც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს სამხედრო ხარჯების შემცირება. პენტაგონის ამ გეგმამ გაანაწყენა ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებელი, რის პასუხადაც გეიტსმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია და უფრო მეტი შემცირება წინ იქნება.

9 აგვისტოს გამართულ ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება რობერტ გეიტსის პირველი ნაბიჯია იმ დაპირების შესასრულებლად, რომელიც ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტის ხარჯებში 100 მილიარდი დოლარის ეკონომიას ითვალისწინებს. მისი თქმით, ეს თანხა საჭიროა იმისათვის, რომ მრავალწლიან საომარ ოპერაციაში მონაწილე სამხედრო ძალები შეივსოს და მომავალი ოპერაციებისათვის მომზადდეს.

„მაისში მე მივმართე პენტაგონს, რომ დაეწყო რთული და საგულდაგულო კვლევა, თუ როგორ არის დაკომპლექტებული, ორგანიზებული და როგორ მოქმედებს თავდაცვის სამინისტრო. მივედი დასკვნამდე, რომ ჩვენი შტაბები და ასევე როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო უზრუნველყოფის ბიუროკრატიული სტრუქტურები უზომოდ გაიზარდა და გაიბერა თანამდებობის პირებითა და თავდაჯერებული დაქირავებულებით, რომლებიც მუშაობის დროს ნაკლებად ფიქრობენ დანახარჯებზე. ბოლო 10 წლის განმავლობაში ყოველივე ამან სამხედრო ხარჯებისა და შტატების ზრდა განაპირობა.“

შემცირება მხოლოდ პირველი ნაბიჯია პენტაგონში აღმოჩენილი არაეფექტურობის აღმოსაფხვრელად. თავდაცვის სამინისტრომ უნდა „დაიოკოს მადა რეალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, - განმარტავს რობერტ გეიტსი. შეერთებული შტატების სამხედრო უწყების ყოველწლიური ბიუჯეტი 700 მილიარდი დოლარია, საიდანაც ფინანსდება ასევე ომი ერაყსა და ავღანეთში. შესაბამისად, ერაყიდან ამერიკული არმიის დაგეგმილი გამოყვანა ასევე დააყენებს დღის წესრიგში კადრებისა და თანხების შემცირებას.

„ომების შედეგად, თავდაცვის სამინისტრომ იკისრა ახალი მისია და პასუხისმგებლობა, რასაც სჭირდებოდა ახალი მაღალი სამხედრო და სამოქალაქო თანამდებობების შემოღება. მაგრამ ომით გამოწვეული ნამდვილი საჭიროებების გარდა, ჩვენ ასევე ვხედავდით აქსელარაციას იმისას, რასაც 20 წლის წინ სენატორმა ჯონ გლენმა მეთაურომანია უწოდა. შეიქმნა სიტუაცია, როდესაც მაღალი რანგის კადრები ინიშნებიან იმ საქმეების გასაკეთებლად, რომელთაც გაცილებით დაბალი რანგის ოფიცრებიც თავისუფლად აუვიდოდნენ.

უკვე ცნობილია, რომ გამოცხადებული შემცირება ელოდება ვირჯინიაში, ქალაქ ნორფოლკში განლაგებულ სამხედრო ძალების გაერთიანებულ სარდლობას, სადაც 2800 სამხედრო და სამოქალაქო პირი მსახურობს. გარდა ამისა, გაერთიანებულ სარდლობას, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონტრაქტის საფუძველზე დაქირავებული 3000 პირი ემსახურება. ამ ცენტრის შენახვა წელიწადში დაახლოებით 250 მილიონი დოლარი ჯდება. აღსანიშნავია, რომ რობერტ გეიტსი შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრად ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დანიშნა და მან ეს პოსტი პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროსაც შეინარჩუნა. მიუხედავად იმისა, რომ რობერტ გეიტსს მხარდამჭერები რესპუბლიკელ კანონმდებლებშიც ჰყავს და დემოკრატებშიც, პენტაგონის მიერ დაგეგმილი შემცირების იდეას კონგრესში, შესაძლოა, მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ.

დემოკრატმა სენატორმა მარკ ვორნერმა, რომელიც იმ შტატის წარმომადგენელია, სადაც გაერთიანებული სარდლობა მდებარეობს, განაცხადა, რომ ამ შემცირებას არა აქვს რაციონალური საფუძველი. თავდაცვის კომიტეტის წამყვანი წევრი, რესპუბლიკელი კონგრესმენი კალიფორნიიდან ჰოვარ მაკკიონი კი აცხადებს, რობერტ გეიტსს მოუწევს დაარწმუნოს კომიტეტის წევრები იმაში, რომ ასეთი ძალისხმევა „არ დაასუსტებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასო.“ თუმცა მაშინ, როცა კონგრესმენები ბჭობენ, გეიტსის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიმართ ცალსახად პოზიტიური დამოკიდებულება აქვს შეერთებული შტატების ლიდერს. ბარაკ ობამამ შეაქო თავდაცვის მინისტრის ძალისხმევა, „მოახდინოს პენტაგონის საქმიანობის რეფორმირება.“
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG