Accessibility links

logo-print
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით, მიმდინარე კვირაში რუსთავში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რუსთავის საკრებულოს წევრები და ჟურნალისტები.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ასეთი ფორმატით განხილვა პირველად ჩატარდება რუსთავში. თუმცა მანამდე პროექტთან დაკავშირებით ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ორი შეხვედრა გაიმართა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრთა მონაწილეობით. ერთ-ერთი შეხვედრა დახურულ ფორმატში შედგა.

ჟურნალისტი მარიკა ვარდოშვილი, რომელიც რამდენიმე მედიასაშუალებისთვის მუშაობს, პროექტის ღია განხილვას დაესწრო. მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა პროექტი ზოგადად მიმოიხილეს.

ლელა აფციაური, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „მაჟორიტარის“ თავმჯდომარე, სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ ორივე განხილვას ესწრებოდა. როგორც საკრებულოს წევრი ამბობს, მას პროექტის მიმართ შენიშვნები არ ჰქონია, თუმცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს ბევრი კითხვა დაუსვა და შესაბამისი განმარტებებიც მიიღო. კითხვები, ძირითადად, ადგილობრივ თვითმმართველობას შეეხებოდა. ლელა აფციაურის განცხადებით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოს თვითმმართველობის სისტემას განვითარების მეტ გარანტიებს უქმნის.

ჟურნალისტი მარიკა ვარდოშვილი ამბობს, რომ რუსთავის მოსახლეობა საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებში ჩართული არ არის - რიგითი რუსთაველების უდიდესმა ნაწილმა არც კი იცის, რა შესწორებები შევა კონსტიტუციაში.

რადიო თავისუფლება რუსთაველებსაც გაესაუბრა. რესპონდენტებს პროექტის შესახებ მართლაც მწირი ინფორმაცია აქვთ - ძირითადად, ის, რასაც ტელევიზიები გადასცემენ. მათ ყურადღებას, უმთავრესად, პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით მოსალოდნელი ცვლილებები იპყრობს, ზოგსაც კონსტიტუციაში ცვლილებების ხშირად შეტანა არ მოსწონს.

ერთ-ერთმა რესპონდენტმა რადიო თავისუფლებას გაანდო, რომ სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვაში. ამის შესაძლებლობას მას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მისცემს, რომელიც დამდეგ პარასკევს პროექტის განხილვას მოაწყობს.
XS
SM
MD
LG