Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიროითი


რიხარდ ვაგნერის საფესტივალო თეატრი, ბაიროითი
რიხარდ ვაგნერის საფესტივალო თეატრი, ბაიროითი
აგერ უკვე ერთი კვირაა, რაც ბავარიის ჩრდილოეთში, პატარა ქალაქ ბაიროითში რიხარდ ვაგნერის მუსიკალური ფესტივალი იმართება. ბაიროითის ფესტივალი გახლავთ ერთადერთი მუსიკალური ღონისძიება, სადაც მხოლოდ ერთი კომპოზიტორის ნაწარმოებები სრულდება. ერთი თვის განმავლობაში, ივლისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე, მსმენელს შესაძლებლობა ეძლევა, მოუსმინოს ვაგნერის ოპერებს. ფესტივალი ტარდება თავად ვაგნერის მიერ დაპროექტებულ საფესტივალო თეატრში, რომლის არქიტექტურაც სრულიად განსხვავდება სხვა საოპერო თეატრებისგან და შეესაბამება ვაგნერის კონცეფციას ზოგადად თეატრისა და მუსიკალური დრამის წარმოდგენის შესახებ. თავად ეს ტერმინიც - მუსიკალური დრამა - რომელიც წინამორბედია ტერმინისა “ოპერა”, ვაგნერის მიერ არის აღდგენილი და მისი მუსიკალური ნაწარმოებების სულისკვეთებას და კონცეფციას გადმოსცემს. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ვაგნერი თავისი შემოქმედების უკანასკნელ პერიოდში ამ ტერმინსაც ეთხოვება და თავის ბოლო ნაწარმოებს, “პარციფალს” მისტერიას უწოდებს. ანუ ის კიდევ უფრო მეტად უახლოვდება იმ ფორმას, რომელიც სცდება ხელოვნების კატეგორიას და რიტუალურ, რელიგიურ, მისტერიალურ ხასიათს იძენს. ამით ის უფრო მეტად უბრუნდება ხელოვნების პირველსაწყისს, რიტუალს.

წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა ასეთი ტიპის თეატრის შექმნა საკმაოდ კონსერვატიულ, რაციონალურ, ტრადიციულ და კრიტიკულ ბავარიულ გარემოში. რომ არა ვაგნერის ექსცენტრული ხასიათი, რომ არა მისი ნიჭი ჰიპნოტური ზემოქმედებისა ადამიანებზე და რომ არა ვაგნერის “ლოენგრინში” შეყვარებული ბავარიის ახალგაზრდა მეფე ლუდვიგ მეორე, რომლის ამბიციები არ ჩამოუვარდებოდა ვაგნერისას, ცხადია, ყოველივე ეს ვერ განხორციელდებოდა.

ასეთი თეატრის აშენება ვაგნერის ნაწარმოებების სპეციფიურობით იყო გამოწვეული: ვაგნერი წლების განმავლობაში მოშაობდა თავის ტეტრალოგიაზე “ნიბელუნგის ბეჭედი”. მაგრამ მისი წარმოდგენისას კომპოზიტორი ყველა საოპერო თეატრში ერთსა და იმავე პრობლემას აწყდებოდა: მუსიკალური თეატრები ვერ აკმოაყოფილებდნენ მის ნოვატორულ და მასშტაბურ მოთხოვნილებებს. ასე, წლების განმავლობაში, მხოლოდ ფრაგმენტულად სრულდებოდა ნაწყვეტები “ვალკირიიდან”, “რაინის ოქროდან“ და „ზიგფრიდიდან” თუ “ღმერთების დაღუპვიდან”. ალბათ, არ არსებობოს მსოფლიოში კომპოზიტორი, რომელასც აქვს ამბიცია, ააგოს სპეციალური შენობა საკუთარი ნაწარმოებების შესასრულებლად. ამის განხორციელება, ალბათ, მხოლოდ ვაგნერს შეეძლო. და მართლაც, 1876 წელს ვაგნერის ტეტრალოგია პირველად სწორედ ბაიროითის პირველ ფესტივალზე შესრულდა სრულად. ვაგნერმა მოახერხა ბაიროითის თეატრის აშენებისათვის ფული მოეძია მისი მუსიკის თაყვანისმცემლებისგან მთელ მსოფლიოში, მათ შორის, წარმოიდგინეთ, იყვნენ ბრაზილიის იმპერატორი და არაბი შეიხებიც კი.
თეატრის დარბაზიც და გარემოც დღესაც უნიკალურ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე. ორკესტრი მთლიანად არის ჩამალული სცენის ქვეშ, ნახევარმთვარის ფორმის საორკესტრო ორმოში. აკუსტიკა სრულიად გამაოგნებელია. დარბაზში პირდაპირ ეზოდან შედიხარ. ხის სკამები ერთი შეხედვით მოუხერხებელი ჩანს, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით - სკამები, ისევე როგორც ვაგნერის მუსიკა, მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. შარშან ბაიროითში ყოფნისას “ზიგფრიდის” ანტრაქტში მე თვითონ დავითვალე საორკესტრო ორმოში განლაგენული რვა არფა. და ეს მხოლოდ არფები. წარმოიდგინეთ, ვაგნერისეულ ექსტაზში გამთლიანებული ეს ვეება ორკესტრი, სადაც ვოკალისტთა ხმებიც ვაგნერის ინსტრუმენტალიზმის ნაწილად გვევლინება.

ვაგნერმა თავის სიცოცხლეში მხოლოდ ხუთჯერ მოასწრო ფესტივალის გამართვა. მისი სიკვდილის შემდეგ ფესტივალზე მეურვეობა მისმა მეუღლემ, ლისტის ქალიშვილმა - კოზიმა ვაგნერმა ითავა. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. ამ ერთი თვის განმავლობაში ჩვენ შევეცდებით თვალი მივადევნოთ ბაიროითის წლევანდელ ფესტივალს. ამბებს ვაგნერის ფესტივალის შესახებ უშუალოდ ბაიროითიდან მოგაწვდით.
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG