Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ახალი კონსტიტუციით, პარლამენტი ერთპარტიული ვეღარ იქნება


როზა ოტუნბაევა, ყირგიზეთის პრეზიდენტი
როზა ოტუნბაევა, ყირგიზეთის პრეზიდენტი
ყირგიზეთის პრეზიდენტმა როზა ოტუნბაევამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 10 ოქტომბერს გაიმართება. მთავრობა არჩევნების თარიღის გამოცხადებას არ ჩქარობდა სამხრეთ ყირგიზეთში შექმნილი დაძაბული ვითარების გამო. სიტუაცია ყირგიზეთში გაუმჯობესდა, თუმცა ქალაქ ოშში კვლავ მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება აღმოჩნდეს ყირგიზეთის პოლიტიკური ლანდშაფტი მოახლოებული საყოველთაო არჩევნების შემდეგ, გთავაზობთ მოსაზრებებს ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ბრუს პანიერისა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ხშირად გვაწვდიდა ინფორმაციას მშფოთვარე ყირგიზეთიდან.

ყირგიზეთში საყოველთაო საპარლამენტო არჩევნები 2007 წლის დეკემბერში გაიმართა, რომლის შედეგადაც გამარჯვება წილად ხვდა დევნილი პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის, პარტიას. სწორედ აკ-ჯოლის მხარდაჭერით მოახერხა ბაკიევმა ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში და საკუთარი ძალაუფლების გაზრდა. მას შემდეგ არცთუ ისე დიდი დრო გავიდა და ქვეყანა კვლავ არჩევნების მოლოდინშია. ამჯერად პარლამენტის არჩევნები 10 ოქტომბერს გაიმართება, რასაც ბრუს პანიერი გარდაუვალ ისტორიულ პროცესს უწოდებს.

„აპრილში, სახალხო მღელვარების შედეგად, ყურმანბეკ ბაკიევი დაამხეს და გარდამავალმა მთავრობამ დაითხოვა ყოფილი პარლამენტი. ივნისში გარდამავალმა ხელისუფლებამ ეროვნული რეფერენდუმი ჩაატარა ახალი კონსტიტუციის თაობაზე, რის შედეგადაც ძალაუფლება გადაეცა საკანონმდებლო შტოს, რითაც იქმნება პირველი საპარლამენტო მმართველობის მოდელი ცენტრალურ აზიაში. ახალი კონსტიტუციის მიღება და პლუს ძველი პარლამენტის დათხოვნა ახალი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობას ქმნის“,- ამბობს ბრუს პანიერი, ჩვენი რადიოს ცენტრალური აზიის მიმართულების კორესპონდენტი.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ყირგიზეთში მოელიან, რომ ახალი სტრუქტურის საკანონმდებლო ორგანო ჩამოყალიბდება. თუკი წინა პარლამენტი 90 დეპუტატისაგან შედგებოდა, ამჟამად პარლამენტში 120 წევრი იქნება, თუმცა არც ერთ პარტიას არა აქვს უფლება მანდატების 65 პროცენტზე მეტი მოიპოვოს.

„იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ვერც ერთმა პარტიამ მარტომ ვერ შეძლოს ძალაუფლების მოპოვება და მთავრობის დაკომპლექტება სხვა პარტიასთან კოალიციის გარეშე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი აირჩევს პრემიერ-მინისტრს, რომელიც, პირველად ყირგიზეთის ისტორიაში, მართავს ქვეყანას. პრეზიდენტი ხდება წარმომადგენლობითი ფიგურა, როგორც გერმანიასა და ჩეხეთის რესპუბლიკაშია.“

ყირგიზეთში, რომლის მოსახლეობა 5.4 მილიონია, ამჟამად რეგისტრირებულია 148 პოლიტიკური პარტია და ორგანიზაცია. მათგან, ანალიტიკოსებისა და ექსპერტების პროგნოზით, საპარლამენტო მანდატების მოპოვების შანსი აქვს 5-6-ს. მაგრამ ყველას აინტერესებს ის, თუ როგორი იქნება ვითარება სამხრეთ ყირგიზეთში, სადაც ცოტა ხნის წინ უზბეკებსა და ყირგიზებს შორის ეთნიკურ ძალადობრივ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. რას მოელიან ისინი 10 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან?

„დაძაბულობა სამხრეთ ყირგიზეთში - დაპირისპირება ეთნიკურ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის - იარსებებს წინასაარჩევნო პერიოდშიც და, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგაც. უზბეკური თემი იქნება იმის მოლოდინში, რომ რამდენიმე უზბეკი, ბოლოს და ბოლოს, არჩეული იქნება პარლამენტში და მოხვდება მთავრობაში. სამხრეთში მცხოვრები ყირგიზები კი საპირისპიროს მოლოდინში იქნებიან, რომ უზბეკები ან საერთოდ ვერ მოხვდებიან პარლამენტსა და მთავრობაში, ანდა, თუ მოხვდება, მხოლოდ თითოოროლა კაცი.“

გასულ წლებში ყირგიზეთში არსებობდა რეგისტრაციის პრობლემა არასასურველი კანდიდატებისა თუ პარტიებისათვის, ხდებოდა კრიმინალური ძალების ჩარევა საარჩევნო პროცეში რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ, ადგილი ჰქონდა ხმების გაყალბებას და სხვა სამართალდარღვევებს. როზა ოტუმბაევას მთავრობა პირობას დებს, რომ 10 ოქტომბერს ქვეყანაში პატიოსანი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება, თუმცა ცხადია, რომ პარლამენტში ყველა ვერ მოხვდება. შესაბამისად, დამარცხებულები იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა და მალევე შეუდგებიან ახალი მთავრობის ოპოზიციის ფორმირებას, - ვარაუდობს ბრუს პანიერი.
XS
SM
MD
LG