Accessibility links

logo-print

რუსეთმა აფხაზეთში S-300 ტიპის რაკეტები განათავსა


S-300 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები

S-300 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა ალექსანდერ ზელინმა განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთში S-300 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა განათავსა. მისივე თქმით, საჰაერო თავდაცვის სხვა ტიპის სისტემები უკვე განთავსებულია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

საქართველოს ვიცე-პერმიერის, სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის შეფასებით, რომელიც მან რადიო თავისუფლებასთან საუბარში გამოთქვა, S-300 ტიპის სისტემის განთავსება სარკოზი-მედვედევის შეთანხმების წინააღმდეგ არის მიმართული, ცვლის რეგიონში ძალთა ბალანსს და რუსეთის დესტრუქციული ქმედებების კიდევ ერთი გამოვლინებაა: „ასეთმა ნაბიჯმა აშკარად კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რუსეთს ეს ოკუპირებული ტერიტორიები არა მათი დამოუკიდებლობისათვის სჭირდება, არამედ სჭირდება თავისი ძალის პროექციისათვის რეგიონში.ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა რეგიონში. და თუ კიდევ ცოტა სპეკულაციაში შევალთ, შეიძლება ვიფიქრობ, რომ ეს არის რუსეთის მცდელობა, მიბაძოს შეერთებულ შტატებს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ალაგებს ანტისარაკეტო სისტემებს. იმ პირობებში, როდესაც გამოკვეთილი მოწინააღმდეგე, რომლის წინააღმდეგაც S-300-ები მიმართული იქნება, არ ჩანს, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს ყველაფერი არის მიმართული ნატოს წინააღმდეგ. სათანადო უწყებები გააკეთებენ პროტესტებს, მაგრამ ჩვენი პროტესტის გარდა, მე ვფიქრობ, ამ თემაზე სერიოზული რეაგირება უნდა მოახდინოს, პირველ რიგში, ნატომ და, მეორე რიგში, იმ ქვეყნებმა, რომლებიც ამ რეგიონში არიან განთავსებული და რომლებისთვისაც ეს რეალურად არის საფრთხე,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერმა თემურ იაკობაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

მისგან განსხვავებით, ნატოსაგან სერიოზულ რეაქციას არ მოელის სამხედრო ქსპერტი, ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, რომლის განმარტებითაც, S-300 - საზენიტო-სარაკეტო სისტემა - თავდაცვით შეიარაღებად ითვლება, ამდენად, მის აკრძალვას არ ითვალისწინებს თვით ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG