Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული, როგორც მეორე ენა


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში - აგრეთვე აფხაზური, თუმცა, ამ გარემოების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა - განსაკუთრებით ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში - არ იცის სახელმწიფო ენა. ვითარების შესაცვლელად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს პროგრამას, რომლის სახელწოდებაა "კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში".

„ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ - ასეთია საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2009 წელს ინიცირებული პროგრამის სამუშაო სახელწოდება. პროგრამაში მონაწილე პედაგოგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კონკურსის წესით არჩევს. 2010 წლისათვის, ტესტირებისა და გასაუბრების შემდეგ, ათასამდე მსურველიდან 64 პედაგოგი შეირჩა. მათგან ოცს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ 11 აგვისტოს სერტიფიკატები გადასცა:

„საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს ყველა ეთნიკურ ჯგუფს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, მიიჩნევს მათ საზოგადოების სრულფასოვან წევრად, იზიარებს მათ კულტურულ ღირებულებებს, თუმცა კი სახელმწიფო ენა ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და, როგორც საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები, ყველა უნდა საუბრობდეს ქართულ ენაზე. ეს არის ჩვენი პროგრამა, რომელშიც ჩართულია 50-ზე მეტი პედაგოგი. ბევრ მათგანს დღეს მე გადავცემ სერტიფიკატს.“

გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდა თეა გიგიტაშვილი, რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურას წალკის რაიონში ასწავლის. სოფელ აშკალის სომხურ სკოლაში სულ 170 ბავშვი დადის.

„ვგრძნობ, რომ თვითონ ბავშვებს ძალიან უნდათ სწავლა. ვერ გეტყვით უფროს თაობაზე, რომ არიან ძალიან მონდომებულები, მაგრამ ბავშვებს ძალიან უნდათ და ძალიან ცდილობენ. არ ვაზეპირებინებ არაფერს. მირჩევნია ცოტა ისწავლონ და ისწავლონ შეგნებულად, გააზრებულად, ვიდრე დაიზეპირონ, იმიტომ რომ დაზეპირებული მალე დაავიწყდებათ. კმაყოფილი ვარ, რადგანაც ბავშვები დაინტერესებულები არიან და მომყვებიან“, უთხრა რადიო თავისუფლებას თეა გიგიტაშვილმა.

თეა გიგიტაშვილი განათლების სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროგრამაში ერთი წელია რაც მონაწილეობს. გაცილებით მდიდარი გამოცდილება აქვს კლარა ფოცხვერაშვილს - პროგრამაში მონაწილე კიდევ ერთ პედაგოგს, რომელიც ქართულს ნინოწმინდის რაიონის სოფელ ფოკაში ასწავლის:

„ფოკაში ვასწავლი 13 წელია. სულ მესხეთ-ჯავახეთში 20 წელია ვცხოვრობ. თუ ეს პროექტი არ შეწყდება, ერთსა და ორ წელში თავის მისიას აუცილებლად შეასრულებს. ჩემმა რამდენიმე მოსწავლემ ჩააბარა ეროვნული გამოცდები. ერთმა მათგანმა 50 პროცენტიანი სახელმწიფო გრანტიც კი მოიპოვა, ქართულად კარგად მეტყველებს. როცა მას ვხვდები, მეუბნება, რა კარგი ხალხი ყოფილა ქართველებიო. ფაქტობრივად, იქაურმა ბავშვებმა არ იციან, ვინ არიან ქართველები და როგორია საქართველო.“

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მართლაც არ იცის სახელმწიფო ენა. არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლის აგიტ მირზოევის თქმით, ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ეთნიკური უმცირესობები არ მონაწილეობენ ქვეყნის მართვის პროცესში და არ ფლობენ სათანადო ინფორმაციას მიმდინარე პოლიტიკური თუ სხვა სახის პროცესების შესახებ:

„ვიდრე საზოგადოებაში არ იქნება ერთიანი ხედვა იმისა, თუ რა ტიპის საზოგადოებას ვაშენებთ, თუ არ იქნება საზოგადოების თითოეული წევრის როლი განსაზღვრული, გვექნება მომავლის განსხვავებული ხედვა. ზოგიერთი ინტეგრაციაზე ილაპარაკებს, ზოგიერთი კი ასიმილაციის საფრთხეზე. ანუ პრობლემა არის ის, რომ საზოგადოებას ხშირად არ ვესაუბრებით მათი პრობლემების შესახებ, ანუ რა აწუხებთ მათ და რა გამოსავალს ხედავენ თვითონ.“

თუმცა აგიტ მირზოევი იმასაც შენიშნავს, რომ ვითარება ნელ-ნელა უკეთესობისკენ იცვლება. ეთნიკური უმცირესობების სულ უფრო მეტი წარმომადგენელი ცდილობს სწავლის გაგრძელებასა და კარიერის გაკეთებას საქართველოში. გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის მაია გაბუნიას თქმითაც, წელს ზოგადი უნარების გამოცდა უფრო ნაკლებმა აბიტურიენტმა ჩააბარა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, ვიდრე შარშან. ამასთან, მნიშვნელოვანია შემდეგი სტატისტიკური მონაცემებიც:

„ზოგადი უნარები სომხურად აირჩია 188 აბიტურიენტმა, მათგან 171-მა გააკეთა განაცხადი ქართული ენის მომზადების პროგრამაზე, რომელიც ერთ-ერთი სიახლეა წელს. რაც შეეხება აზერბაიჯანულენოვან აბიტურიენტებს, ზოგადი უნარი მშობლიურ ენაზე აირჩია 303-მა აბიტურიენტმა, ენის შემსწავლელ პროგრამაში ჩართვაზე კი განაცხადი გააკეთა 274-მა.“

ანუ იმ აბიტურიენტთა 90-მა პროცენტმაც კი, რომელმაც გამოცდა მშობლიურ ენაზე ჩააბარა, სწავლის სახელმწიფო ენაზე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იმედოვნებენ, რომ სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის დანერგილი პროგრამები დადებით შედეგს გამოიღებს, რისთვისაც დიდი ყურადღება ექცევა პროგრამაში მონაწილე პედაგოგების შერჩევას, გადამზადებასა და შრომის ანაზღაურებას. სამინისტროს ცნობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პედაგოგებს უტარდებათ ტრენინგები სწავლების მეთოდებში, ასევე პედაგოგებს ასწავლიან აზერბაიჯანულ და სომხურ ენებს სასაუბრო დონეზე და უნიშნავენ ხელფასს - 1000 ლარს საათობრივი ანაზღაურების ზემოთ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG