Accessibility links

ქართული ბიზნეს-გარემოს სირთულეზე, სხვებთან ერთად, უკვე დიპლომატებიც ალაპარაკდნენ. ამის თაობაზე პირველი საქართველოში საფრანგეთის ელჩი ალაპარაკდა. ერიკ ფურნიეს განცხადებით, უცხოელი ინვესტორები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, ვინაიდან არ ესმით საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლების მათდამი მოკირკიტე დამოკიდებულება.

ფურნიე მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს კოზირად რჩება, თუმცა სექტორში გრძელვადიანი შედეგების დანახვა რთულია. 15 ივლისს ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირებული შეთანხმების გაფორმებაზე დაიწყო მოლაპარაკებები. თუმცა, დიპლომატის თქმით, მიზნის მისაღწევად და ინვესტორების ნდობის დასაბრუნებლად საჭირო იქნება შრომის კოდექსის გაუმჯობესება, გამჭვირვალეობა ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღებისას, ფულადი სახსრების წარმომავლობის საკითხში და საგადასახადო პროცედურებში. ფურნიე დასძენს, რომ ფიტო-სანიტარული კონტროლის ნორმების დაცვის გარეშე ტურისტებს უსაფრთხოების გარანტია არ ექნებათ.

საქართველოში მოქმედი ამერიკული კომპანიებისთვის ერთ-ერთი მთავარი სირთულე ინტელექტუალური უფლებების დაცვის სფეროში არსებული პრობლემებია. ამის შესახებ უკვე აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი აცხადებს. “ამერიკულ ბიზნესს სურს, რომ არსებობდეს სტაბილური გარემო, ნათელი წესები, საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შეძლებენ, სამართლიანად აწარმოონ თავიანთი საქმიანობა და მოაგვარონ შესაძლო დავები,” - აცხადებს ელჩი. მისი თქმით, ამერიკული კომპანიები ელიან გარემოს, სადაც მათი უფლებები იქნება დაცული.

ბიზნესისთვის არსებულ სირთულეებზე ინვესტორებმა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში საქართელოს მთავრობის ბიზნეს-ომბუდსმენთან შეხვედრაზეც ისაუბრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინვესტორებმა ბიზნეს-ომბუდსმენთან რამდენიმე პრობლემა წამოჭრეს, მათ შორის, შემოსავლების სამსახურის მომსახურების ტარიფების შემცირების და საბაჟოსთან მიმართებაში არსებული პრობლემების მოგვარების საკითხები. მწვავედ დაისვა საკითხი საფინანსო პოლიციასა და პროკურატურასთან ურთიერთობების არსებული მდგომარეობის შესახებ და კონკრეტულად მოიყვანეს მაგალითები, რომლებიც საქართველოს საინვესტიციო იმიჯს ლახავს.
XS
SM
MD
LG